გადაწყვეტილება №27681/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27681/2/2026
28 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“- ის 29.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27681/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.12.2025 წლის №26317/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის №057-15 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 332 875,56 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 190 975,97
დღგ - 39 180,11
საშემოსავლო გადასახადი - 151 795,86
ჯარიმა - 101 564,50
საურავი - 40 335,09
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, როგორც კერძო დამკვეთებისთვის ასევე სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 25.06.2021 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 6.07.2021 წლიდან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლის ჩათვლით პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 8.08.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი მომსახურებას ეწეოდა, როგორც დაქირავებული პირების, ასევე, მომსახურების გამწევი მეწარმეების მეშვეობით. კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების №9 დანართი („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“). განისაზღვრა პერიოდის ბოლოს სალაროში არაგონივრული ნაშთი 595 483,47 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმების პროცესში სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული პროცედურის შედეგად, დადგინდა სალაროში ფულადი სახსრების ოდენობა (300 ლარი) 2025 წლის 2 მაისის მდგომარეობით. პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
- გადასახადის გადამხდელის განმარტებით, არ უფიქსირდებოდა დებიტორ-კრედიტორული ნაშთები, ასევე, არ გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური მარაგები და ძირითადი საშუალებები. მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე, კერძო პირებზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა მიღებული კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე დაუკორექტირდა (შეუმცირდა) ჩასათვლელი თანხები.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2025 წლის №19390 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 3.09.2025 წლის №057-15 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.11.2025 წლის №24462 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.12.2025 წლის №26317/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშების ეტაპზე არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 18.05.2026 წელს გამოიცა №10966 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №057-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში (1.01.2025-დან 1.04.2025-მდე) კომპანიის ანგარიშზე ფიქსირდება შემოსავალი 4 279 738,04 ლარი, აქედან, 196 390 ლარი არის დირექტორის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხები, 30 451 ლარი მობრუნებული თანხები, 11 185 ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული დღგ, 100 000 ლარი კომპანიის მიერ აღებული საბანკო სესხი, 2 261 785 ლარი სატენდერო სამუშაოების შედეგად მიღებული თანხები, 1 679 926 ლარი სხვადასხვა კომპანიებზე გაწეული სამუშაოებიდან მიღებული თანხები (ქვეკონტრაქტორი). ეკონომიკური საქმიანობიდან ბრუნვა წარმოადგენს 3 952 896 ლარს. შემოსული თანხებიდან 972 282 ლარი საბანკო გადარიცხვით გადახდილია მასალების შესყიდვაზე, 174 320 ლარი გაწეული მომსახურებისთვის გადახდილია ინდ. მეწარმეებზე (ფიქსირდება ამონაწერში), 106 800 ლარი გადახდილია სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი, 11 700 ლარი გადახდილია ხელფასებში, 7 620 ლარი გადახდილია ბანკის მომსახურებაში, 169 223 ლარი გადახდილია ბიუჯეტში, ხოლო სალაროში გატანილია 2 838 490 ლარი, საიდანაც 196 390 ლარი უკან არის ბანკში შეტანილი, საიდანაც 664 000 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია მცირე მეწარმეებზე (დოკუმენტალურად დადასტურებული), ხოლო 1 837 392 ლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით მასალების/მომსახურების შესყიდვისთვის მომწოდებლებზე (დასტურდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით). დასაბეგრი სალაროს ნაშთი შეადგენს 141 139 ლარი, რომლის გადასახადი შეადგენს 35 285 ლარს, თუმცა შემმოწმებლის მიერ მოხდა 151 795 ლარის დარიცხვა.
გადაანგარიშების დროს შემმოწმებლის მიერ მოხდა მხოლოდ 664 000 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ თანხებზე (მცირე მეწარმეებზე) ყურადღების გამახვილება, თუმცა არ შეუმოწმებია და არ მოუხდენია გადაანგარიშება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურათა და სასაქონლო ზედნადებებში თუ საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული მონაცემების მიმართ. რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ არ მომხდარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დავალებული საკითხის სრულყოფილი შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 26.12.2025 წლის №26317/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული არგუმენტების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, სადაც მითითებულია შემდეგი:
შემოწმების პროცესში სრულად იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლისთვის მიწოდებული დოკუმენტაცია, სადაც წარდგენილი იყო ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული თანხების მიმღები მცირე მეწარმეების შესახებ ინფორმაცია, სადაც ნაღდი ანგარიშსწორებით მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხების ჯამი შეადგენს 664 000 ლარს. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შემოწმებასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები და ხარჯების დამადასტურებელი სხვა მასალები. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშების ეტაპზე არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივნის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ანგარიშზე დაფიქსირდა 4 279 738 ლარის შემოსავალი, საიდანაც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ბრუნვა შეადგენს 3 952 896 ლარს. შემოსული თანხები გამოყენებულია მასალების შესყიდვაზე, მომსახურებებზე, სესხის დაფარვაზე, ხელფასებზე, საბანკო ხარჯებსა და ბიუჯეტში გადახდებზე, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი გატანილია ნაღდი ანგარიშსწორებისთვის.
ნაღდი სახსრებიდან 664 000 ლარი დოკუმენტურად გადახდილია მცირე მეწარმეებზე, ხოლო 1 837 392 ლარი - მომწოდებლებზე მასალებისა და მომსახურების შესყიდვისთვის, რაც დასტურდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით. საბოლოოდ, დასაბეგრი სალაროს ნაშთი უნდა შეადგენდეს 141 139 ლარს (გადასახადი - 35 285 ლარი), თუმცა შემმოწმებელმა დაარიცხა 151 795 ლარი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა გადაანგარიშებისას გაითვალისწინა მხოლოდ მცირე მეწარმეებზე ნაღდი გადახდები (664 000 ლარი) და არ შეამოწმა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რაც მიუთითებს საკითხის არასრულყოფილ შესწავლაზე და იწვევს დარიცხვის არასწორ განსაზღვრას.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების მიზნით წარედგინა მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა, როგორც შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი დასკვნიდან და საბჭოს სხდომაზე შემმოწმებლის მიერ გაკეთებული განმარტებიდან ირკვევა არ მომხდარა ისეთი დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც შემოწმების პროცესში გათვალისწინებული არ ყოფილა და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, მომჩივანს დავის ეტაპზეც არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული დოკუმენტები, რომელებიც შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე იყო წარდგენილი და რომლის გათვალისწინებაც არ მომხდარა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 26.12.2025 წლის №26317/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ არ მომხდარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დავალებული საკითხის სრულყოფილი შესწავლა.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი მომსახურებას ეწეოდა, როგორც დაქირავებული პირების, ასევე, მომსახურების გამწევი მეწარმეების მეშვეობით.შემოწმების პროცესში სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული პროცედურის შედეგად, დადგინდა სალაროში ფულადი სახსრების ოდენობა.პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ასევე,ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვებიდან, ასევე, კერძო პირებზე გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი. გადამხდელს სსკ-ის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე დაუკორექტირდა ჩასათვლელი თანხები.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 26.12.2025 წლის №26317/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).