გადაწყვეტილება №22441/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22441/2/2024
01 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22441/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი და გამოვლენილი ფულის ნაშთის ჩათვლა კომპანიის ანგარიშვალდებული პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის №007-364 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3049 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 249 880.87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 145 744
დღგ - 80 057
საშემოსავლო გადასახადი - 64 333
ქონების გადასახადი - 1 354
ჯარიმა - 72 358
საურავი - 31 778.87
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით, სასმელებით და საკვები პროდუქტებით, იჯარით აღებულ ფართში ----------ში.
აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №22838 და 27.10.2023 წლის №26504 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 19.09.2023 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 4.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა (2020 წელს 5.8%; 2021 წელს 1%; 2022 წელს 36.9%, 2023 წელს 42.3%) და შემოწმების მიერ დადგენილს, აუდირებულსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფასნამატებს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან და შინაარსიდან (გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ გაწეულ მარკეტინგულ მომსახურებებზე) გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა შემოწმების შედეგად იდენტიფიცირებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატები, კატეგორიების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა. ამასთან, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდები არ ჰქონია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრაჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31148 ბრძანება და 13.12.2023 წლის №007-364 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყებასა და დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა და შემოწმებით დადგენილს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, ხოლო, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში 19.10.2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატების გამოყენება შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-5 ნაწილებზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 601 მუხლის პირველ ნაწილზე და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო შემოსავლების სამსახურის ბრძანება გამოცემულია მითითებულ კანონის ნორმათა დარღვევით, რის გამოც ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება განხორციელდა კომპანიის მიმართ და შემოწმების აქტს თან არ ერთვის ამ კომპანიათა შესახებ ინფორმაცია, ამიტომ დავების საბჭოს მომართავს შუამდგომლობით, რომ გამოითხოვოს შემოსავლების სამსახურისგან აღნიშნული ინფორმაცია და გადაეცეს, რითაც მიეცემა საშუალება გაარკვიოს რამდენად შეესაბამება იმ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა მისი კომპანიის საქმიანობას, არის თუ არა შესადარისი აღნიშნული კომპანიებთან შედარება, როგორ იყო მათთან დაანგარიშებული ფასნამატი და ამ ფასნამატის გაანგარიშების დოკუმენტები, მათ შორის ფასნამატები საქონლის ჯგუფების სახეობების მიხედვით.
მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ ექნება შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინოს არგუმენტირებული პოზიცია ფასნამატის მოცულობასთან დაკავშირებით. ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს:
ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი;
გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე დაუსაბუთებლად არის გავრცელებული ფასნამატი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდზე აქტით დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
რაც შეეხება, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდს ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გავრცელებულია 19.10.2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით განსაზღვრული ფასნამატები შესაბამისი კატეგორიების მიხედვით კერძოდ: შემმოწმებლების მიერ კომპანიისათვის გამოგზავნილი გაანგარიშების მიხედვით - „გაანგარიშება შემმოწმებლების“, სადაც ე.წ. შიტი „საკონტრ“ მოცემულია 6 დასახელების პროდუქციის მიმართ განსაზღვრული ფასნამატი და საქონლის ერთეული ღირებულების შეძენისა და რეალიზაციის შედარებით გამოყვანილი აქვთ 31%, რაც არასწორია და არ შეესაბამება რეალობას. ამასთან, ე.წ. შიტი „აუდ“-ში საქონელი დაჯგუფებული აქვთ 8 კატეგორიად სადაც 6 კატეგორიაზე ფასნამატი აღემატება 20%-ს.
ასეთი სახით შემოსავლების გაანგარიშება მცდარია რადგან:
კომპანიაში 19.10.2023 წელს ჩატარდა ინვენტარიზაცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 19.09.2023 წლის №22973 ბრძანების შესაბამისად. ინვენტარიზაციის შედეგებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეადგინა შესაბამისი გაანგარიშება „დანართი №16“ - სმფ-ის ფაქტიური ნაშთების შესახებ, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მაღაზიაში გააჩნდა 36 822,77 ლარის სარეალიზაციო ფასების მიხედვით საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), ამავე ცხრილში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიუთითა ერთეული საქონლის შეძენის ღირებულება. აღნიშნული დოკუმენტით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს სრული ინფორმაცია გააჩნდა და თავისუფლად შეეძლო განესაზღვრა საშუალო ფასნამატი, რაც რეალობას წარმოადგენს. აღნიშნულ ცხრილში (ექსელის დანართში) დაამატა ე.წ. შიტი „ფასნამატის გაანგარიშება“, სადაც ინვენტარიზაციით დადგენილი რაოდენობა გამრავლებულია ინვენტარიზაციით განსაზღვრულ ერთეულის ფასზე პირვანდელი ღირებულებით, შესაბამისად ინვენტარიზაციის მასალიდან გამომდინარე სარეალიზაციო საქონლის ჯამური ღირებულება გაყოფილია ინვენტარიზაციით გამოვლენილი საქონლის პირვანდელ ღირებულებათა ჯამზე, რის შედეგადაც მიიღება საშუალო ფასნამატი 13% ე.ი. ინვენტარიზაციის მასალით დგინდება 19.10.2023 წლისათვის რა გასაყიდი ღირებულების საქონელი გააჩნდა მაღაზიაში და რამდენი იყო ამ საქონლის თვითღირებულება, შესაბამისად ამ ორი ციფრის გაყოფით მიღებული საშუალო ფასნამატი რეალური ციფრია და აღნიშნული ფასნამატი შემოწმებით უნდა ყოფილიყო გავრცელებული 2020-2023 წლების პერიოდზე რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით, 1.01.2020 წლის მდგომარეობით დეკლარირებულ სმფ-ის დამატებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე შეძენილი საქონლის ღირებულება და გამოკლებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არსებული სმფ, რომელიც დაკორექტირებული უნდა იყოს ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთით. ასეთ შემთხვევაში მიიღება რეალურთან დაახლოებულ სურათს. ასეთი სახით გაანგარიშების შემთხვევაში მიიღება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაახლოებით სწორად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ შემოწმებით დაშვებული შემდეგი სახის შეცდომა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ უნდა შესულიყო:
ა) კომპანიას გააჩნია, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. შემმოწმებლებმა არასწორად განსაზღვრეს დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ოპერაციის ბრუნვა და ამასთან, აღნიშნული რეალიზაციის ოპერაციები მოაქციეს არასწორად მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში არ მოახდინეს დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების სრულყოფილად გამოყოფა რაც ამ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 20678,12 ლარს.
ბ) გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა ერთჯერადი პარკები არარიალიზებადი, რომელსაც მომხმარებელი იყენებს გარკვეული პროდუქციის განსათავსებლად, საკონტროლო-სალარო აპარატის ლენტების შესყიდვა, მაღაზიის ფართის დასუფთავების ხარჯები (საწმენდი საშუალებები: ფხვნილები, საპონი, საწმენდი სითხე, აქანდაზი და ა.შ.).
თუ არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის პროცენტის გაანგარიშებისას მხედველობაში იღებს აუდიტის დეპარტამენტი სხვა ანალოგიურ გადამხდელთან გამოვლენილ ფასნამატს, მაშინ დასუფთავების ხარჯებიც ანალოგიურ გადამხდელთან რაც გამოვლინდა ის უნდა იქნას გათვალისწინებული 1 კვ.მ.-ზე გაანგარიშებით და გავრცელდეს იჯარით აღებულ კვ.მ-ზე ან/და კომპანიის მიერ წარდგენილი მონაცემები იქნას გათვალისწინებული, რომელიც თვეში შეადგენდა 200 ლარს, რემონტის ხარჯები (ძირითადი საშუალებები).
ამდენად, ნათელია რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არასწორად მოხდა კომპანიაზე დღგის გადასახადის დარიცხვა და ნათელია რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება დაუსაბუთებელია.
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით, კერძოდ: სწორად გაანგარიშებული არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალს უნდა გამოაკლდეს დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯები, ხოლო სხვაობა განხილულ იქნეს განკარგვად თანხად (რასაც შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითებაც ითვალისწინებს) და დაბეგრილი უნდა იქნას საშემოსავლო გადასახადით.
თანხების დარიცხვა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია შემდეგი სახით ე.წ. შიტში „ფული“ არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალს აკლებენ გასულ თანხებს და მიღებულ სხვაობას ბეგრავენ, მაგრამ დაშვებულია შემდეგი სახის შეცდომები: არ აქვთ სრულად გამოკლებული ბანკის საკომისიო ხარჯი. გამოკლებულია მხოლოდ 63,5 ლარი რაც არასწორია, არაა გამოკლებული საბანკო ტერმინალით თანხის გადახდის საკომისიო თანხები, არაა გამოკლებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არსებული დებიტორული დავალიანება და საბანკო კრედიტის ხარჯები.
ამდენად, ნათელია რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება დაუსაბუთებელი და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები გასაუქმებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
ამასთან, მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანს მითითებული აქვს არგუმენტები და წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი არ ყოფილა შემოსავლების სამსახურში და არ ყოფილა შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ.
აღსანიშნია, რომ მომჩივანთან დაკავშირება საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვერ მოხერხდა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა და დამატებულია (არგუმენტაცია/მტკიცებულება) დავის მეორე ეტაპზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივარი, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3049 ბრძანება;
3. საჩივარი, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი და გამოვლენილი ფულის ნაშთის ჩათვლა კომპანიის ანგარიშვალდებული პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა (2020 წელს 5.8%; 2021 წელს 1%; 2022 წელს 36.9%, 2023 წელს 42.3%) და შემოწმების მიერ დადგენილს, აუდირებულსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფასნამატებს შორის.
შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა. ამასთან, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდები არ ჰქონია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. ამასთან, მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანს მითითებული აქვს არგუმენტები და წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი არ ყოფილა შემოსავლების სამსახურში და არ ყოფილა შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა და დამატებულია (არგუმენტაცია/მტკიცებულება) დავის მეორე ეტაპზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივარი, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159; 275.