ბრძანება №29381
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№29381
28 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 18 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა ი/მ --------- (ს/ნ --------) №84186/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №031-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის ივლისში მოხდა 2022 წლის სექტემბერში გამორჩენილი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა
(-------------), რის შედეგად, საერთო რეალიზაციამ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით შეადგინა 368 144 ლარი დღგ-ის ჩათვლით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ დეკლარაციებზე პასუხისმგებელმა პირმა არ ჩათვალა მიზანშეწონილად 2022 წლის სექტემბრის თვის დეკლარაციის დაკორექტირება და აღნიშნული თანხა დაბეგრა 2022 წლის დეკემბრის თვეში. ამასთან, დღგ-ის თანხა ეტაპობრივად გადახდილია 2023 წლის იანვარში. ვინაიდან, შემოწმების პროცესში არ ჰყავდა ბუღალტერი, ამდენად ვერ მოახერხა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება, ხოლო დასკვნა გამოიცა დეკლარაციებზე და ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო №031-21 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22321 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------- (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის სექტემბრისა და 2023 წლის აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 20 სექტემბრის №23126 ბრძანება და ამავე თარიღის №031-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 825 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 224 ლარი, ჯარიმა 14 612 ლარი, საურავი 3 989 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს გამოწერილი აქვს 368 144 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები (დღგ-ის თანხა 56 158 ლარი), რომლებიც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის თანხით 10 611 ლარი, რომელიც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის ჩასათვლელ თანხაში. ამასთან, 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს 155 168 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები (დღგ-ის თანხა 23 670 ლარი), საიდანაც შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული 59 310 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), დღგ-ის თანხა 9 047 ლარი.
შემოწმების მიერ დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მონაცემებსა და შემოწმებით დაანგარიშებულ მონაცემებს შორის. ამდენად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს 2022 წლის სექტემბრის და 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სრულად არ აქვს ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
გადამხდელის პოზიციასთან, კერძოდ, შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სხვა საანგარიშო პერიოდში დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---------- (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო №031-21 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მონაცემებსა და შემოწმებით დაანგარიშებულ მონაცემებს შორის. ამდენად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);163((1,2);164(1);168(1);69