გადაწყვეტილება №20529/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20529/2/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 9.08.2023 და 7.09.2023 წელს რეგისტრირებულ (წარმოდგენილ დაზუსტებულ) საჩივრებზე (რეგისტრაციის №20529/2/2023).
დავის საგანი: შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის №2240 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №086-10 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11658 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 99 912 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 58 560
დღგ - 57 745
საშემოსავლო გადასახადი - 815
ჯარიმა - 16 448 საურავი - 24 904
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანმა 2020 წლის 21-22 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოახდინა მის სახელზე რეგისტრირებული კომერციული ფართების (ს/კ ------------ და -----------), რეალიზაცია ფიზიკურ პირზე, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 378 552 ლარის ოდენობით ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად და უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში არ აქვს დეკლარირებული.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, გაანგარიშდა მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 21.09.2020 წელი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.05.2021 წლის №16413 ბრძანება და 28.05.2021 წლის №086- 38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 2021 წლის 7 ივლისს და 5 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (კომერციული ფართების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან) მიმართებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
უმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2.02.2023 წლის დასკვნა, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის №2240 ბრძანება და 9.02.2023 წლის №086-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 6.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11658 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ბრძანებაში მითითებულ ვადებში არ წარუდგენია შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები). აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. ამასთან, მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად მისთვის როგორც ფიზიკური პირისათვის უძრავი ქონების შეძენისა და რეალიზაციის პროცესში საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის შესახებ უცნობი იყო. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების გასხვისების ფაქტის რეგისტრაციამდე გაიარა კონსულტაცია, სადაც დაუდასტურეს, რომ საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვება (შეძენა 11.07.2018 წელი, რეალიზაცია 16.09.2020 წელი), შესაბამისად განახორციელა უძრავი ქონების გადაცემა და არ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის და შემოწმების პროცესში მიმდინარეობის შესახებ გადასახადის პოტენციური გადამხდელისათვის უცნობი იყო, რაც აქტითაც დგინდება (სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით შემოწმებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე). შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისათვის საერთოდ უცნობია იყო შემოწმების შედეგების შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების არსებობა, გადასახადების გადახდიდან თავის არიდების პრევენციის მიზნით კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც, როგორც ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის მარეგისტრირებელ პირს რომ მიეცა შესაბამისი კონსულტაცია ან გაეფრთხილებინა გადასახადის გადამხდელი მოსალოდნელი საგადასახადო რისკების შესახებ მაშინ ხომ აირიდებდა გადასახადების გადაუხდელობას თავს და არ დაისჯებოდა, შესაბამისად ბიუჯეტი დროულად მიიღებდა დადგენილ გადასახადს ანუ ხომ შეიძლებოდა წინასწარი შეტყობინებით გადასახადის გადამხდელისათვის ასეთი ფინანსურად მძიმე შედეგების თავის არიდება, რასაც აუდიტის დეპარტამენტი მასშტაბურად იყენებს თავის საქმიანობაში და რასაც პრაქტიკული შედეგი მოაქვს.
სამწუხაროდ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების საგადასახადო კანონმდებლობის არასათანადო ცოდნის გამო ხდება ფიზიკური პირებზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რაც შემდგომში სავალალო შედეგებს იწვევს, მოცემული შემთხვევა აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია და რომლის გამოც მთელი ოჯახი უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი.
აუდიტორი აღნიშნავს რომ დოკუმენტაცია არ წარუდგენია, საიდან წარადგენდა დოკუმენტაციას როცა კომპანია უცხოელი პირების მიერ იყო დაფუძნებული და რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან.
მოცემულ შემთხვევაში გადამხდელის მიერ სხვა საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი არ დგინდება. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი კანონმდებლის მიერ ტყუილად არ არის ჯარიმების და საურავის პატიების შესახებ, სხვა რა შემთხვევა შეიძლება დადგეს ფიზიკური პირის წინაშე გაუგებარია. მიმართა ქონების გაყიდვაზე სარეგისტრაციო საჯარო რეესტრს და იქ პრობლემის გარეშე სამართლებრივ რეგისტრაციაში გაატარეს ნასყიდობა. პრევენციის მიზნით რომ ეთქვათ დღგ-ით დაბეგვრაზე გამყიდველი და მყიდველი ხომ შეთანხმდებოდნენ და დავის საგანი არ წარმოიშობოდა და ბიუჯეტი დროულად მიიღებდა კუთვნილ თანხას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულების ნაწილში), ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ ამავე კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანებით პირველ სადავო საკითხთან (კომერციული ფართების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან) მიმართებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ხოლო ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2.02.2023 წლის დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანებაში მითითებულ ვადებში ვერ წარადგინა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები). აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
მომჩივანი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად მისთვის როგორც ფიზიკური პირისათვის უძრავი ქონების შეძენისა და რეალიზაციის პროცესში საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის შესახებ უცნობი იყო. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების გასხვისების ფაქტის რეგისტრაციამდე გაიარა კონსულტაცია, სადაც დაუდასტურეს, რომ საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვება (შეძენა - 11.07.2018 წელი, რეალიზაცია - 16.09.2020 წელი), შესაბამისად განახორციელა უძრავი ქონების გადაცემა და არ დარეგისტრირდა დღგის გადამხდელად. მოცემულ შემთხვევაში გადამხდელის მიერ სხვა საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი არ დგინდება, მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი კანონმდებლის მიერ ტყუილად არ არის ჯარიმების და საურავის პატიების შესახებ, სხვა რა შემთხვევა შეიძლება დადგეს ფიზიკური პირის წინაშე გაუგებარია. რაც შეეხება, აღსრულების ნაწილს მიუთითებს, რომ ვერ წარადგენდა დოკუმენტაციას, რადგან კომპანია უცხოელი პირების მიერ იყო დაფუძნებული და საქართველოში არ იმყოფებიან.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, მომჩივანი წარმოადგენს ისეთ გარემოებებზე არგუმენტებს, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანების აღსრულების შედეგები.
მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საიდანაც ირკვევა შემდეგი: მომჩივანმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოახდინა მის სახელზე რეგისტრირებული კომერციული ფართების რეალიზაცია ფიზიკურ პირზე, მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში არ აქვს დეკლარირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, გაანგარიშდა მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა ასევე დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა დასკვნა, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. დასკვნის საფუძველზე გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11658 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 15.10.2021 წლის №32629 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, მომჩივანი წარმოადგენს ისეთ გარემოებებზე არგუმენტებს, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1 „გ“)