გადაწყვეტილება №25040/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25040/2/2025
15 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 9.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25040/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება ავანსის და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №006-570 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4797 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 391 862,68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 193 090
დღგ - 190 934
საშემოსავლო გადასახადი - 2 648
ქონების გადასახადი - (-492)
ჯარიმა - 140 939
საურავი - 57 833,68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს დამკვეთისაგან მიღებული აქვს ავანსები, რაზეც პირმა გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს ასევე გამოწერილი აქვს ძირითადი („ეა“) საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელსაც ნაშთავს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის თანხის ორჯერ დაბეგვრა. რიგ შემთხვევაში პირს განაშთვები აქვს არასწორად, კერძოდ:
1) ერთი ოპერაციის ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შემცირებული აქვს სხვა ოპერაციის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით; 2) დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, პირს არ შეეძლო ერთი მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ყველა „ეა“ საგადასახადო ანგარიშფაქტურის შემცირება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. კონტრაქტი ითვალისწინებდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვის პირობებს, კონტრაქტის ფარგლებში დამკვეთი განსაზღვრავდა რომელი „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა შემცირებულიყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და რა თანხით.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის თანახმად მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ორი სახის პროექტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე:
1. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელ პერიოდში გაგრძელდა;
2. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდში და არ დამთავრებულა. შედეგად, დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №006-570 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4797 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევაში განაშთვები აქვს არასწორად, კერძოდ:
1) ერთი ოპერაციის ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შემცირებული აქვს სხვა ოპერაციის ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურებით;
2) დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად პირს არ შეეძლო ერთი მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ყველა „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემცირება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. კონტრაქტი ითვალისწინებდა ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების განაშთვის პირობებს, კონტრაქტის ფარგლებში დამკვეთი განსაზღვრავდა რომელი „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა შემცირებულიყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და რა თანხით. შედეგად, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ორი სახის პროექტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე:
1. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელ პერიოდში გაგრძელდა;
2. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდში და არ დამთავრებულა. აღნიშნულის საფუძველზეც პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებული, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის ბრძანება №4797 არ ეფუძნება საგადასახადო შემოწმების აქტში „საკითხი №2“-თან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ და სრულყოფილ კვლევას და ასევე, არ შეიცავს დასაბუთებას. შპს „--------“ არ ეთანხმება დღგ-ის გაანგარიშების ნაწილში აუდიტორის შეფასებას და შესაბამისად დღგ-ის დარიცხვას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია: „რიგ შემთხვევებში პირს განაშთვები აქვს არასწორად, კერძოდ:
1) ერთი ოპერაციის ძირითადი ფაქტურები შემცირებული აქვს სხვა ოპერაციის ავანსის ფაქტურებით;
2) დადებული ხელშეკრულების თანახმად პირს არ შეეძლო ერთი მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ყველა „ეა“ ანგარიშ-ფაქტურის შემცირება ავანსის ანგარიშფაქტურებით. კონტრაქტი ითვალისწინებდა ავანსის ფაქტურის განაშთვის პირობებს, კონტრაქტის ფარგლებში განსაზღვრავდა რომელი „ეა“ ანგარიშ-ფაქტურა უნდა შემცირებულიყო ავანსის ანგარიშფაქტურით და რა თანხით.“
შპს „--------“-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება არ განსაზღვრავს ავანსის ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის პირობებს. აღნიშნული რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით. ავანსი წარმოადგენს საქონლის ან მომსახურების შეძენისას წინასწარ გადახდილ თანხას. აღნიშნულ შემთხვევაში ავანსი წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოსა და აღნიშნული სამუშაოს სანაცლოდ მიღებულ თანხას შორის სხვაობას. ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის ავანსის ნაშთის გაანგარიშება და გამოსაქვითი ავანსის თანხისა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით. შპს „--------“-სა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოს წარდგენისას „ეა“ საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერას, ხელშეკრულებაში ასევე მოცემულია ავანსის გაქვითვის ფორმულა, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს თითოეული შესრულებიდან ავანსის თანხის გარდა, ხარისხის უზრუნველყოფის თანხების დაკავებას, რაც რეალურად ამცირებს კომპანიის დავალიანებას დამკვეთის წინაშე.
შპს „--------“-ის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის და ასევე საბუღალტრო პროგრამის ასლიდან ჩანს, რომ შპს „--------“-ის დავალიანება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1 605 228,73 ლარს. აუდიტის მიერ განხორციელებული შემოწმებით აღნიშნული დავალიანების ნაშთი უნდა შეადგენდეს 2 422 298,62 ლარს. გაუგებარია, რატომ არ ეძლევა კომპანიას იმ თანხების გამოქვითვის შესაძლებლობა რა თანხებიც მას არ მიუღია გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.
ამასთან, გასათვალისწინებელი იყო გარემოება, რომ 2024 წლის 27 მაისის მდგომარეობით, შპს „--------“-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის არსებული ყველა ხელშეკრულება შეწყდა, შესაბამისად აღარ არსებობს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველი. მოცემულ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს ავანსის დაბეგვრის საფუძველი, ასევე კომპანიას არ გააჩნია ძირი დავალიანება არც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, კომპანიის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციები უსამართლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა მოცემული გარემოებები და კომპანიის საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანხმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს დამკვეთისაგან მიღებული აქვს ავანსები, რაზეც გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრა. ასევე, გამოწერილი აქვს ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელსაც ნაშთავს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის თანხის ორჯერ დაბეგვრა. რიგ შემთხვევაში ერთი ოპერაციის ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შემცირებულია სხვა ოპერაციის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. ასევე, დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, პირს არ შეეძლო ერთი მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ყველა „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემცირება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. კონტრაქტი ითვალისწინებდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვის პირობებს, კონტრაქტის ფარგლებში დამკვეთი განსაზღვრავდა რომელი „ეა“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა შემცირებულიყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და რა თანხით.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2024 წლის 27 მაისის მდგომარეობით, შპს „--------“-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის არსებული ყველა ხელშეკრულება შეწყდა. აგრეთვე, მომჩივანი საჩივარს ურთავს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №2-15/2815 (საგანი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ.№28-22 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა), 25.04.2024 წლის №2-15/5821 (საგანი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ.№79-21 ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება) და 27.05.2024 წლის №„--------“ წერილებს (საგანი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ.№146-20 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უზრუნველყოს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძვლების შესწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის საფუძველზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4797 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს უზრუნველყოს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძვლების შესწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის საფუძველზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის გაანგარიშების ნაწილში აუდიტორის შეფასებას და შესაბამისად დღგ-ის დარიცხვას.კომპანია მიიჩნევს,რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს დამკვეთისაგან მიღებული აქვს ავანსები, რაზეც პირმა გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს ასევე გამოწერილი აქვს ძირითადი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელსაც ნაშთავს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის თანხის ორჯერ დაბეგვრა. რიგ შემთხვევაში პირს განაშთვები აქვს არასწორად.
შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ორი სახის პროექტის ფარგლებში გაწეულ მომსახურებებზე:1. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელ პერიოდში გაგრძელდა; 2. რომელიც დაიწყო შესამოწმებელ პერიოდში და არ დამთავრებულა. შედეგად, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უზრუნველყოს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძვლების შესწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
159,163,164,179.