გადაწყვეტილება №24472/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.02.2025
№ დოკუმენტი 24472/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24472/2/2024

14 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 18.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24472/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.07.2024 წლის №22883/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №002-210 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 189 426,09 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 665 199

დღგ - 3 330

საშემოსავლო გადასახადი - 650 790

ქონების გადასახადი - 11 079

ჯარიმა - 332 562

საურავი - 191 665,09

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ 2021 წლის სექტემბრის ოპერაციაზე 2021 წლის 29 ოქტომბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-- №----- არ არის ჩართული შესაბამისი თვის დასაბეგრ ბრუნვაში. შესაბამისად დაკორექტირდა 2021 წლის სექტემბრის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საზოგადოებას დაერიცხა დღგ 6 483 ლარი. დღგ-ით დაიბეგრა ასევე გადამხდელის მიერ შეძენილი სარემონტო მასალები, რომელთა შესახებაც არ იქნა წარმოდგენილი ახსნა-განმარტება.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №002-301 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6597 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 25.07.2024 წლის №22883/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების საკითხის შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 25.07.2024 წლის №22883/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერია ეკ №---- გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურის ეა-- №----- ნაცვლად, შედეგად ბრუნვის კორექტირებაზე შესამცირებელი დღგ შეადგენდა 1 244 ლარს. შემოწმების დროს აღნიშნული თანხით შემცირდა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის თანხა. დასაბეგრ ბრუნვაში ასევე ჩართულია აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის თანხა 31 220 ლარის ოდენობით. გადაანგარიშების შედეგად შემცირებულ იქნა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 31 220 ლარით და აქედან გამომდინარე გადასახადი შემცირდა 5 619 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №002-210 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გაგვათავისუფლოთ სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ 2021 წლის სექტემბრის ოპერაციაზე 2021 წლის 29 ოქტომბერს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-- №----- და არ არის ჩართული შესაბამისი თვის დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით დაკორექტირდა 2021 წლის სექტემბრის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დღგ-ით დაიბეგრა ასევე გადამხდელის მიერ შეძენილი სარემონტო მასალები, რომელთა შესახებაც არ იქნა წარდგენილი ახსნა-განმარტება.

საბჭოს 25.07.2024 წლის №22883/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, 2023 წლის თებერვლის თვეში გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა, რომელზეც 2023 წლის მაისის თვეში გამოიწერა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა. მაისის თვეში გამოწერილი კორექტირების ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხა შეცდომით დამატებულია მაისის თვის დასაბეგრ ბრუნვაზე და აღნიშნული უნდა გასწორდეს, უნდა შემცირდეს დასაბეგრი ბრუნვა.

საბჭომ 25.07.2024 წლის №22883/2/2024 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრის მიზნით, მომჩივნის მიერ მითითებული კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საკითხის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ეკ №---- გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურის ეა-- №----- ნაცვლად, შედეგად ბრუნვის კორექტირებაზე შესამცირებელი დღგ შეადგენდა 1 244 ლარს. შემოწმების დროს აღნიშნული თანხით შემცირდა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის თანხა. დასაბეგრ ბრუნვაში ასევე ჩართულია აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის თანხა 31 220 ლარის ოდენობით. გადაანგარიშების შედეგად შემცირებულ იქნა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 31 220 ლარით და აქედან გამომდინარე გადასახადი შემცირდა 5 619 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება, ასევე გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 25.07.2024 წლის №22883/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 25.07.2024 წლის №22883/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №22883/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ 2021 წლის სექტემბრის ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ არის ჩართული შესაბამისი თვის დასაბეგრ ბრუნვაში. შესაბამისად დაკორექტირდა 2021 წლის სექტემბრის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს დაერიცხა დღგ 6 483 ლარი. დღგ-ით დაიბეგრა ასევე გადამხდელის მიერ შეძენილი სარემონტო მასალები, რომელთა შესახებაც არ იქნა წარმოდგენილი ახსნა-განმარტება.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №002-301 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №6597 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №22883/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების საკითხის შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საბჭოს №22883/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურა სერიაა გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურის ნაცვლად, შედეგად ბრუნვის კორექტირებაზე შესამცირებელი დღგ შეადგენდა 1 244 ლარს. შემოწმების დროს აღნიშნული თანხით შემცირდა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის თანხა. დასაბეგრ ბრუნვაში ასევე ჩართულია აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის თანხა 31 220 ლარის ოდენობით. გადაანგარიშების შედეგად შემცირებულ იქნა 2023 წლის მაისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 31 220 ლარით და აქედან გამომდინარე გადასახადი შემცირდა 5 619 ლარით.აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №002-210 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს №22883/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლების საკითხზე საბჭო ვერ იმსჯელებს , ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს №22883/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“) ; 163(1); 179(1 და მე-2); 269(7); 304( 21);