ბრძანება N 3120
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3120
14 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------------------ის“ (ს/ნ ----------------)
(ფაქტ. მის.: -----------------------------------;
იურ. მის.: ------------------------------------)
2024 წლის 19 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „------------------ის“ (ს/ნ ----------------) №86912/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №002-314 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებთან მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ კომპანიამ შეავსო პორტალზე განთავსებული კითხვარი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირები წარმოადგენენ მომსახურების გამწევ პირებს. ისინი თავად ადეკლარირებენ მიღებულ შემოსავლებს და იხდიან გადასახადს. ითხოვს ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №9571 და 22 დეკემბრის №32530 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 4 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33089 ბრძანება და №002-314 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 104 681 ლარი, მათ შორის გადასახადი 62 496 ლარი, ჯარიმა 27 828 ლარი და საურავი 14 357 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------ის“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი მომსახურებას იღებს ინდ. მეწარმეებისგან/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან, რომელთა ნაწილთან (4 პირი) გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რეალურად აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული ოპერაციები თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შემოწმებით კომპანიის მიერ ზემოაღნიშნულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ჩაითვალა დაქირავებით მუშაობად და მათზე გადახდილი თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმადაც, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი მომსახურებას იღებს ინდ. მეწარმეებისგან/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან, რომელთა ნაწილთან (4 პირი) გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რეალურად აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული ოპერაციები თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. შემოწმებით კომპანიის მიერ ზემოაღნიშნულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ჩაითვალა დაქირავებით მუშაობად და მათზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და შპს „----------ის“ მიერ ფიზიკური პირებისათვის გადახდილი თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებთან მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №9571 და №32530 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 4 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №33089 ბრძანება და №002-314 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა 104 681 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი მომსახურებას იღებს ინდ. მეწარმეებისგან/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან, რომელთა ნაწილთან (4 პირი) გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რეალურად აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული ოპერაციები თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შემოწმებით კომპანიის მიერ ზემოაღნიშნულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ჩაითვალა დაქირავებით მუშაობად და მათზე გადახდილი თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და მომჩივანის მიერ ფიზიკური პირებისათვის გადახდილი თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“ );