ბრძანება N 4681
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4681
27 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 29 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 29 იანვრის №100467/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 დეკემბრის №001-322 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ მისაღები აქვს იჯარით აღებული ფართის მფლობელისგან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც შეძლებს ჩაითვალოს დღგ-ის თანხა, თუმცა, ფართის მფლობელი ვერ ახერხებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოგზავნას, რადგან გააჩნია დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. შესაბამისად, ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ კერძების რეალიზაცია ხდება სტუდენტურ ფასებში, ხოლო ფასნამატი მერყეობს 37%-მდე. აცხადებს, რომ მოძიებული აქვს სარესტორნე ჩეკები, რომლითაც თითქმის 100%-ით დასტუდება კერძის დასახელება და დაბალი სარეალიზაციო ფასი, აღნიშნულ დოკუმენტაციას თან ახლავს ტერმინალის ჩეკები. განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა რესტორნის ჩეკები და შესაბამისი საბანკო ტერმინალის ამონაწერი, მაგრამ, სარესტორნე ჩეკების ნაწილს დაკარგული აქვს ტერმინალის ჩეკი, თუმცა, ბანკთან კომუნიკაციისას დადგინდა, რომ ჩეკების რეეესტრით შესაძლებელია დაადასტუროს რესტორნის ჩეკის ნამდვილობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აგვისტოს №18343 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ტერმინალით რეალიზებული საქონლის თვითღირებულების შესახებ გაშიფრული ინფორმაცია და კომუნალური გადასახადების ხარჯებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აგვისტოს №18343 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 29 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, ჯამში 26 569 ლარით, მათ შორის, გადასახადი 17 713 ლარის ოდენობით და ჯარიმა 8 856 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 30 დეკემბრის №001-322 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● დირექტორის მიერ პირადი საბანკო ანგარიშიდან გადახდილი იჯარით აღებული ფართის კომუნალური გადასახადების ხარჯის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომუნალური გადასახადების ხარჯი შეადგენს ჯამში 70 851 ლარს. შესაბამისად, გადაანგარიშებით ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილული თანხა შემცირდა აღნიშნული თანხით და დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
● გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან, იჯარით აღებული ფართის მფლობელისგან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოწმება მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შპს „-------“ იჯარით ჰქონდა აღებული კომერციული ფართი, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და იჯარის ხელშეკრულების მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ გადახდილი იჯარის თანხების საერთო ოდენობა შეადგენს 288 862 ლარს. დღეის მდგომარეობით, შპს „-------“ მოცემულ ოპერაციაზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისად, ვინაიდან, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გადაანგარიშების პროცესში ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული დღგ-ის თანხების ჩათვლა.
● შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა სარესტორნე ჩეკები მატერიალური სახით, ასევე, ექსელის ფაილით ცხრილები, რომლის მიხედვით მთლიანი თანხიდან (1 562 092 ლარი) მხოლოდ 17 373 ლარის რეალიზაცია არის იდენტიფიცირებული და დართული აქვს ბანკის ჩეკი, ხოლო დანარჩენი თანხები არ არის იდენტიფიცირებული. ვინაიდან, დაკავშირებული თანხების ოდენობა არაარსებითია, საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული მტკიცებულებები და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შპს „-------“ იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, ხოლო გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და იჯარის ხელშეკრულების მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ გადახდილი იჯარის თანხების საერთო ოდენობა შეადგენს 288 862 ლარს. დღეის მდგომარეობით შპს „-------“ მოცემულ ოპერაციაზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ვინაიდან, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გადაანგარიშების პროცესში ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული დღგ-ის თანხების ჩათვლა. ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა სარესტორნე ჩეკები მატერიალური სახით, ასევე, ექსელის ფაილით ცხრილები, რომლის მიხედვით მთლიანი თანხიდან (1 562 092 ლარი) მხოლოდ 17 373 ლარის რეალიზაცია არის იდენტიფიცირებული და დართული აქვს ბანკის ჩეკი, ხოლო დანარჩენი თანხები არ არის იდენტიფიცირებული. ვინაიდან, დაკავშირებული თანხების ოდენობა არაარსებითია, საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული მოცემული მტკიცებულებები და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ შემცირდა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ-მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
4. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს/საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/ შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლ;ის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე, 176-ე და 180-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, პირი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ასახვის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია, მათ შორის შესწორებული (დაზუსტებული) ფორმით.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
● გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერის მიხედვით, დირექტორის მიერ პირადი საბანკო ანგარიშიდან გადახდილი იჯარით აღებული ფართის კომუნალური გადასახადების ხარჯის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადაანგარიშდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილული თანხა და დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
● იჯარით აღებული ფართის მფლობელისგან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოწმება მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იჯარით ჰქონდა აღებული კომერციული ფართი. მოცემულ ოპერაციაზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისად, ვინაიდან, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გადაანგარიშების პროცესში ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული დღგ-ის თანხების ჩათვლა.
● შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა სარესტორნე ჩეკები მატერიალური სახით, ასევე, ექსელის ფაილით ცხრილები, რომლის მიხედვით მთლიანი თანხიდან მხოლოდ მცირე თანხის რეალიზაცია არის იდენტიფიცირებული და დართული აქვს ბანკის ჩეკი, ხოლო დანარჩენი თანხები არ არის იდენტიფიცირებული. ვინაიდან, დაკავშირებული თანხების ოდენობა არაარსებითია, საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული მტკიცებულებები და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)