ბრძანება N 4994
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4994
06 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 3 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №15969/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №006-590 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტის დაკვალიფიცირებას ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ დარჩენილი სესხის თანხა სრულად დაფარა და დარჩენილი აქვს მხოლოდ პროცენტის თანხა 352 761 ლარი, რომელიც დამატებითი შეთანხმების საფუძველზე დაიფარება 2026 წლის პირველ მარტამდე და ჩართული იქნება შემოსავალში ფინანსური ანგარიშგების წარდგენის დროს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22562 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი თებერვლიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 26 დეკემბრის №28622 ბრძანება და ამავე თარიღის №006-590 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 26 347 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 173 ლარი, ჯარიმა 13 173 ლარი, საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2020 წლის სექტემბრის თვეში დამფუძნებელზე გაცემული ჰქონდა სესხი 778 000 ლარი, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით შესაბამის პერიოდში. აღნიშნული თანხიდან 400 000 ლარი დაბრუნებულია 2021 წლის 7 აპრილს და კომპანიას ჩათვლილი აქვს დაბრუნებულ თანხაზე გაანგარიშებული მოგების გადასახადი, ხოლო დარჩენილი თანხა, კერძოდ 378 000 ლარი დაბრუნებულია 2024 წლის იანვარში (200 000 ლარი) და 2024 წლის მარტში (178 000 ლარი). 2024 წელს დაბრუნებულ თანხაზე კომპანიას არ განუხორციელებია მოგების გადასახადის ჩათვლა. შემოწმების მიერ, მოგების გადასახადის ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა დაბრუნებულ სესხზე გაანგარიშებული კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება არ მომხდარა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, და კომპანიის მიერ ურთიერდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტი დააკვალიფიცირა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2020 წლის სექტემბრის თვეში დამფუძნებელზე გაცემული ჰქონდა სესხი 778 000 ლარი, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით შესაბამის პერიოდში. აღნიშნული სესხის ძირითადი თანხის ბოლო ნაწილის დაბრუნება მოხდა 2024 წელს, რაზეც კომპანიას არ ჰქონდა ჩათვლილი მოგების გადასახადი.
შემოწმების მიერ, მოგების გადასახადის ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა დაბრუნებულ სესხზე გაანგარიშებული კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება არ მომხდარა.
შემოწმების მიერ, ურთიერდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტი დააკვალიფიცირა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, კომპანიის სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, სესხის პროცენტის გადახდის ვადად განსაზღვრული იყო ხელშეკრულების ვადის დასრულების მომენტი, თუმცა აღნიშნული სესხის პროცენტი შემოწმების დასრულებამდე გადახდილი არ ყოფილა.
ამდენად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ დარიცხული სესხის პროცენტის ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად კვალიფიკაცია მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები (მათ შორის დამატებითი შეთანხმება), რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტის დაკვალიფიცირებას ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2020 წლის სექტემბრის თვეში დამფუძნებელზე გაცემული ჰქონდა სესხი 778 000 ლარი, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით შესაბამის პერიოდში. აღნიშნული თანხიდან 400 000 ლარი დაბრუნებულია 2021 წლის 7 აპრილს და კომპანიას ჩათვლილი აქვს დაბრუნებულ თანხაზე გაანგარიშებული მოგების გადასახადი, ხოლო დარჩენილი თანხა, კერძოდ 378 000 ლარი დაბრუნებულია 2024 წლის იანვარში (200 000 ლარი) და 2024 წლის მარტში (178 000 ლარი). 2024 წელს დაბრუნებულ თანხაზე კომპანიას არ განუხორციელებია მოგების გადასახადის ჩათვლა. შემოწმების მიერ, მოგების გადასახადის ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა დაბრუნებულ სესხზე გაანგარიშებული კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება არ მომხდარა.
შემოწმებამ კომპანიის მიერ ურთიერდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტი დააკვალიფიცირა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 982; 101 (1); 154 (1).