ბრძანება N 26115
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26115
24 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------ (ს/ნ ------)
(მის. : -------)
2023 წლის 6 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა ი/მ ------ს (ს/ნ -----) №83947/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 სექტემბრის №002-204 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ჰყავს ბუღალტერი და ვერ გაითვალისწინა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები არ განეკუთვნება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ნაწილი თანხა დაბრუნებულ იქნა უკან, ხოლო ნაწილი განეკუთვნებოდა მასალის საყიდლად ჩარიცხულ თანხას (დამკვეთი ვერ ახერხებდა მასალის შეძენას და ტრანსპორტირებას), ვისზეც გაწეულ იქნა მხოლოდ მომსახურება. გადასახადის გადამხდელი მტკიცებულებად წარმოადგენს ახსნა-განმარტებებს და თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. ითხოვს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. მომჩივანი შეცდომა/არ ცოდნაზე მითითებით ითხოვს შემოწმებით დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13903 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 8 სექტემბრის №21949 ბრძანება და ამავე თარიღის №002-204 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 76 259 ლარი, მათ შორის, გადასახადი 46 226 ლარი, ჯარიმა 17 686 ლარი, საურავი 12 347 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ -----ს (ს/ნ -----) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავეჯის დამზადება ფიზიკური პირებისა და დაწესებულებებისათვის. მეწარმე ფიზიკური პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 28 ივლისიდან. ი/მ ------ს 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში სასაქონლო ზედნადებებისა და საბანკო ჩარიცხვების გათვალისწინებით უფიქსირდება 100 490 ლარის საქონლის მიწოდება. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 157-ე მუხლის თანახმად, პირს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2020 წლის 27 ნოემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. ხოლო,მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად, პირის თორმეტი უწყვეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი სასაქონლო ზედნადებებისა და საბანკო ჩარიცხვების გათვალისწინებით შეადგენს 100 490 ლარს. გადასახადის გადამხდელს, მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგა 2020 წლის 27 ნოემბერს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მეწარმეს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილ დოკუმენტებთან მიმართებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილი შემოწმების პროცესში იქნა გათვალისწინებული, კერძოდ, ------ს მიერ ჩარიცხული თანხა (2 700 ლარი) და ------ს მიერ ჩარიცხული თანხა (992 ლარი); ხოლო რაც შეეხება ------ს მიერ ჩარიცხულ 30 000 ლარს, მხოლოდ ------ს მიერ წარმოდგენილი ახსნა- განმარტება არ იქნა განხილული საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან სახეზე იყო მესამე პირიც (-------), რომლის პოზიცია შემოწმებისთვის უცნობი იყო; ------თვის ჩარიცხული თანხის, 6 700 ლარის, განხორციელების მომენტი კი არ წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდს.
ამასთან, საჩივრის დანართად წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არ არის წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები (სათანადოდ დამოწმებული), რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ჰყავს ბუღალტერი და ვერ გაითვალისწინა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ითხოვს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. მომჩივანი შეცდომა/არ ცოდნაზე მითითებით ითხოვს შემოწმებით დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავეჯის დამზადება ფიზიკური პირებისა და დაწესებულებებისათვის. მეწარმე ფიზიკური პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 28 ივლისიდან. მომჩივანს 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში სასაქონლო ზედნადებებისა და საბანკო ჩარიცხვების გათვალისწინებით უფიქსირდება 100 490 ლარის საქონლის მიწოდება. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 157-ე მუხლის თანახმად, პირს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2020 წლის 27 ნოემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 159(1), 163(1)(2), 164(1), 43(4), 270(1)(2), 272(1), 282, 269(7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 157(1)(7), 160"ა", 161(1"ა").