გადაწყვეტილება №27634/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27634/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“(ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,17.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 22.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27634/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3802 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2026 წლის №001-75 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12186 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 377 172.06 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 203 631.35
დღგ - (-4 401).79
მოგების გადასახადი - 135 986.54
საშემოსავლო გადასახადი - 72 046.6
ჯარიმა - 104 016.8
საურავი - 69 523.91
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა იოდიზირებული და ტექნიკური მარილით. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 19 ივნისს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:
1. შემოწმების პროცესში წარდგენილი საბანკო ამონაწერების, ხელშეკრულებების, შედარების აქტების და ბუღალტრული პროგრამის ანალიზით დგინდება, რომ ორგანიზაციას პერიოდის ბოლოს გააჩნია გაუნაწილებელი მოგება 1 919 892 ლარის ოდენობით (ანგარიში 5310). ბუღალტრული პროგრამის მიხედვით მომჩივანს უფიქსირდება ფ.პ.„-------“-ზე (პ/ნ „-------“), ფ.პ. „-------“-ზე (პ/ნ „-------“) და ფ.პ. „-------“-ზე (პ/ნ „-------“) (1480 180, 1480 181, 1480 182 - ანგარიშები) ავანსის სახით გადახდილი თანხები ჯამში 567 824 ლარის ოდენობით. ფიზიკურ პირებზე თანხები გადახდილია ოთხ ნაწილად, ნაღდი ანგარიშსწორებით, შემდეგ თარიღებში: 2022 წლის პირველ აპრილს, 2023 წლის პირველ აპრილს, 2024 წლის პირველ აპრილს და 2025 წლის პირველ აპრილს.
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის დირექტორმა წარადგინა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები და ფულის მიღება-ჩაბარების აქტები. წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით მომავალი ნასყიდობის საგნებია სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ არის. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჯარო რეესტრის მონაცემებით არ უჩნდება თანხების მიმღები პირების მიმართ რაიმე სახის სამართლებრივი უფლება (ქონებაზე, ან/და მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, რომელიც პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის არსებობის შემთხვევაში ამცირებს იურიდიულ და ეკონომიკურ რისკებს, (მათ შორის გაცემული თანხების დაკარგვის რისკი)). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას პირებს შორის შედგენილი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები არ შეიცავს ისეთ ტიპურ ნიშნებს, რომლებიც იარსებებდა დამოუკიდებელი პირების არსებობის შემთხვევაში დადებული ტიპური გარიგებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 98-ე, 97-ე, 73-ე, 982 და 983 მუხლების გათვალისწინებით, გადახდილი თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ამასთან ფიზიკურ პირებზე გაცემული უპროცენტო სესხი დაანგარიშდა შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთებით (2022 წელი - 19,8% ; 2023 წელი 18,3%; 2024 -16,3%, 2025-15,5%). შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმოს დირექტორს 2023 წლის 5 თებერვალს უცხოელ მომწოდებელზე უფიქსირდება ავანსის სახით (1480 2 ანგარიში) ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა 211 528 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად პირს უფიქსირდება 2025 წლის თებერვლის შემდგომ პერიოდებზე საქონლის შეძენა აღნიშნული მომწოდებლისგან. შემოწმების პროცესში მოხდა აღნიშნული კომპანიიდან შეძენილი საქონლის და გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხის შედარება. უცხოელ კომპანიაზე ავანსად გადახდილი თანხის (211 528 ლარი) საქონლის შეძენა/იმპორტი არ განხორციელებულა. შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის გადასახადის გადამხდელისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის უკან დაბრუნების ფაქტი არ დასტურდება. გონივრულ ვადაში ასევე შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის მომჩივანისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის უკან დაბრუნების ფაქტი (გადახდილი ავანსი 211 528 ლარი). სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში, სხვაობის თანხა ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, საწარმოს კონკრეტულ პერიოდში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, დაუფიქსირდა სალაროს ნაშთი 56 570 ლარი (ანგარიში 1110) და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ნაშთი 75 224 ლარი (ანგარიში 1430). საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, მათ შორის შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებისა (და მასში შეტანილი ცვლილებების) გათვალისწინებით, დამტკიცებული მეთოდური მითითების („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) მიხედვით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთიდან გამომდინარე. კერძოდ, შემოწმების ფარგლებში განისაზღვრა სალაროში არსებული გონივრული ნაშთის ოდენობა – საკასო შემოსავლის 10%-ისა და საკასო ხარჯის 10%-ის ჯამის ოდენობით, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა მიჩნეულ იქნა არაგონივრულ ნაშთად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 76 659 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე „-------“-ზე (პ/ნ „-------“) გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2025 წლის №28586 ბრძანება და №001-314 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3802 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის ავანსად გადახდილ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები. დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3802 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 7.04.2026 წლის №7927 ბრძანება და №001-75 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12186 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით დადგენილ გარემოებაზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომ მომჩივანს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტი, რაც არ იყო წარდგენილი შემოწმების ეტაპზე, ხოლო რაც შეეხება აპოსტილით დოკუმენტის დამოწმებას, აუდიტორმა განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ არის სათანადო წესით დამოწმებული და არ არის წარდგენილი მისი დედანი ვერსია, წარდგენილია მხოლოდ ქსეროასლი.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან, დებიტორი კომპანია წარმოადგენს უცხოურ კომპანიას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანდა დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება. საჩივარს თან ერთვის აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, შედარების აქტი, რომელიც არ ყოფილა შემოწმების დროს და დავების ეტაპზე. ითხოვს, გათვალისწინებას წარმოდგენილი დოკუმენტის და ამ ნაწილში შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3802 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის ავანსად გადახდილ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები. დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3802 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა 2026 წლის 28 თებერვალს ელექტრონული ფორმით წარადგინა 2025 წლის 7 აგვისტოს შედგენილი ურთიერთშედარების აქტი, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით. დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (ურთიერთშედარების აქტების) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით არ არსებობს სათანადო საფუძვლები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის განმარტებით, ვინაიდან, დებიტორი კომპანია წარმოადგენს უცხოურ კომპანიას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანდა დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება. საჩივარს თან ერთვის აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, შედარების აქტი, რომელიც არ ყოფილა შემოწმების დროს და დავების ეტაპზე. ითხოვს, გათვალისწინებას წარმოდგენილი დოკუმენტის და ამ ნაწილში შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
ამასთან, მომჩივანმა 24.06.2026 წელს საჩივართან დაკავშირებით დამატებით წარმოადგინა №„--------“ განცხადება და განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან 1.06.2025 წლიდან დღემდე უცხოელი მომწოდებლიდან მომჩივანს მიღებული აქვს 8 138 000 კგ ტექნიკური მარილი, რომლის საბაჟო ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 1 858 204 ლარს. 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით მომჩივანს გააჩნია უცხოური კომპანიის დავალიანება 79500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება იცვლება ყოველთვიურად მიღებული საქონლის და გადახდილი თანხების შესაბამისად. ითხოვს საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება. დანართის სახით აგზავნის საბაჟო დეკლარაციების რეესტრს და რამდენიმე საბაჟო დეკლარაციას ნიმუშად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც განმარტავს, რომ ვინაიდან, დებიტორი კომპანია წარმოადგენს უცხოურ კომპანიას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანდა დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება. საჩივარს თან ერთვის აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, შედარების აქტი, რომელიც არ ყოფილა შემოწმების დროს და დავების ეტაპზე. ითხოვს, წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებას. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, მათ შორის 24.06.2026 წელს დამატებით წარმოდგენილი განცხადების და თანდართული მასალების, ვინაიდან წარმოდგენილია დავის განხილვის ამ ეტაპზე. ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ დამატებით არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, სადავოდ ხდის დასკვნის შედეგებს და მოითხოვს გადაანგარიშებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12186 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, წარმოდგენილი დოკუმენტის გათვალისწინებას და დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე ავანსის სახით გადახდილი თანხები.ფიზიკურ პირებზე თანხები გადახდილია ოთხ ნაწილად, ნაღდი ანგარიშსწორებით.საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის დირექტორმა წარადგინა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები და ფულის მიღება-ჩაბარების აქტები.სსკ-ის 98-ე, 97-ე, 73-ე, 982 და 983 მუხლების გათვალისწინებით, გადახდილი თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ამასთან ფიზიკურ პირებზე გაცემული უპროცენტო სესხი დაანგარიშდა შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთებით.შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.საწარმოს დირექტორს უცხოელ მომწოდებელზე უფიქსირდება ავანსის სახით ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა.ასევე,ფიქსირდება საქონლის შეძენა აღნიშნული მომწოდებლისგან. შემოწმების პროცესში მოხდა აღნიშნული კომპანიიდან შეძენილი საქონლის და გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხის შედარება. უცხოელ კომპანიაზე ავანსად გადახდილი თანხის საქონლის შეძენა/იმპორტი არ განხორციელებულა. შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის გადამხდელისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის უკან დაბრუნების ფაქტი არ დასტურდება.ასევე,არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის მომჩვანისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის უკან დაბრუნების ფაქტი.სსკ-ის 73-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.მოჩივანს დაუფიქსირდა სალაროს ნაშთი და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ნაშთი.პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთიდან გამომდინარე. კერძოდ, შემოწმების ფარგლებში განისაზღვრა სალაროში არსებული გონივრული ნაშთის ოდენობა – საკასო შემოსავლის 10%-ისა და საკასო ხარჯის 10%-ის ჯამის ოდენობით, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა მიჩნეულ იქნა არაგონივრულ ნაშთად.შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).