გადაწყვეტილება №19987/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19987/2/2023
28 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 16.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19987/2/2023).
დავის საგანი:
ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №025-32 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 18.04.2023 წლის №2023/025-32/1 და №2023/025-32/2 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები;
3. ვალის მართვის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №2023/025-32/3 და №2023/025-32/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები;
4. შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12788 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, ----------- (პ/ნ ---------), ---------- (პ/ნ ----------), შპს ---------- (ს/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------), --------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ----------), ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------),---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------) და ----------ი (პ/ნ ----------) აღიარებულ იქნენ ---------- (ს/ნ ----------) ----------.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის №3/8082-21 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გამოცემულ იქნა ---------- (პ/ნ ----------) „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 30 იანვრის №025-32 ბრძანება. ასევე, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 18.04.2023 წლის №---------- და №---------- აქტები და 3.05.2023 წლის №----------და №---------- აქტები.
ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.06.2023 წლის №12788 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 241-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 246-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით და მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №025-32 ბრძანებას და მის საფუძველზე შედგენილ „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 18.04.2023 წლის №2023/025-32/1 და №2023/025-32/2 აქტებს და 3.05.2023 წლის №2023/025-32/3 და №2023/025-32/4 აქტებს არ ეთანხმება, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ვალდებულია ---------- მიმართებაში განსაზღვროს მისი ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ამ ფარგლებში მიმართოს მის საკუთრებაში არსებულ ან/და რეგისტრირებულ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამასთან, საგადასახადო ორგანომ უზრუნველყოფის ღონისძიებები საერთოდ არ უნდა მიაქციოს იმ ქონებებზე, რომლებიც მითითებული არ არის სასამართლო ბრძანებაში.
ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილბრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად:
4. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
6. ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. თუ მესამე პირი განაცხადებს ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების აქტში და კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლითაც მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს ---------- (ს/ნ----------) ცრუმაგიერ პირად. შესაბამისად, შპს ----------(ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით მომჩივნის მთელ ქონებაზე გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 30 იანვრის №025-32 ბრძანება. ასევე, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების 18.04.2023 წლის №2023/025-32/1 და №2023/025-32/2 აქტები და 3.05.2023 წლის №2023/025-32/3 და №2023/025-32/4 აქტები.
მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ----------მიმართებაში განსაზღვროს მისი ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ამ ფარგლებში მიმართოს მის საკუთრებაში არსებულ ან/და რეგისტრირებულ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამასთან, საგადასახადო ორგანომ უზრუნველყოფის ღონისძიებები საერთოდ არ უნდა მიაქციოს იმ ქონებებზე, რომლებიც მითითებული არ არის სასამართლო ბრძანებაში.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3.07.2023 წლის №3ბ/1205-23 განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, რომლითაც მომჩივნების (სამი პირი) მიერ მოთხოვნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების მე-2 პუნქტი განმარტა შემდეგნაირად: „კომპანიის ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (კომპანიის) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონსძიებებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში“.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3.07.2023 წლის №3ბ/1205-23 განჩინების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტების შინაარსის) გათვალისწინებით იმსჯელოს მომჩივნის მოთხოვნაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12788 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.06.2023 წლის №12788 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;246(1,5);238(2,4)
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, პირველი ნაწილი;
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები