ბრძანება N 10298

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.05.2026
№ დოკუმენტი 10298
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10298

08 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 7 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 აპრილის სხდომაზე (ოქმები №34) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 7 აპრილის №101647/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის №068-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწვავის ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებას. ითხოვს საწვავის ხარჯების გაანგარიშება მოხდეს მათ მიერ ტექ. დათვალიერების ცენტრიდან („-------“) მიღებული ზუსტი ოფიციალური ოდომეტრის ჩვენების (გარბენის) მონაცემების მიხედვით. ასევე, აცხადებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, მათ მიერ გაანგარიშებული, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული არარელევანტური მეთოდის მიხედვით გაანგარიშებული საწვავის ხარჯები განსხვავებულია შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. მათ მიერ გაანგარიშებული დაფარული მანძილი შეადგენს 191 206 კილომეტრს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მონაცემებით კი 167 335 კილომეტრს. შესაბამისად, სხვაობას წარმოადგენს 23 871 კილომეტრი, რომელთა მიმართებთაც დახარჯული საწვავის (დიზელის) ოდენობა შეადგენს 2 865 ლიტრს. მათ მიერ გაანგარიშებული დიზელის ფასები ეყრდნობა ბენზინგასამართი სადგურების მიერ წლების და თვეების მიხედვით არსებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ასევე განსხვავებულია აუდიტის დეპარტამენტის მონაცემებისგან.

გადამხდელი, ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ მოხდა მივლინებისა და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო ხარჯების გათვალისწინება. აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში არ მიიღო როგორც მივლინების ფარგლებში გაწეული თანამშრომელთა სადღეღამისო, ისე, საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები. აცხადებს, რომ პირი უფლებამოსილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის უქონლობის მიუხედავად, მოახდინოს დაქირავებულ პირზე გაცემული სადღეღამისო ნორმის გამოქვითვა, მათ მიერ შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშებული სადღეღამისო ხარჯების ოდენობა შეადგენს 76 500 ლარს. ასევე, ზედნადებებში დაფიქსირებული თარიღებითა და მისამართებით, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ ვერ დადგება მივლინების დროს თანამშრომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფაქტი, მიიჩნევს, რომ ლოგიკურია ზედნადებების ანალიზის საფუძველზე მოხდეს მინიმალური ღირებულებებით საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშება, რომელიც მათი დათვლებით შეადგენს 51 100 ლარს.

2. გადამხდელი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ 2022-2024 წლებში საწარმოს შემოსავალი შეადგენს დღგ-ის გარეშე 1 674 851 ლარს, ხოლო კომპანიის მიერ ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ღირებულება შეადგენს 761 053 ლარს, რაც მთლიანი რეალიზაციების 45%. დისტრიბუციის ქვეზედნადებებითა და ტრანსპორტირების ზედნადებებით მიწოდებული საქონლის ღირებულება კი შეადგენს 631 422 ლარს, რაც შეადგენს რეალიზაციების 38%-ს. ამასთანავე, როგორც ცნობილია კომპანიის მიერ რეალიზაციების დიდი ნაწილი ხორციელდებოდა საწარმოს საწყობიდან, რომელთა ხვედრითი წილი აუდიტის დეპარტამენტისვე გაანგარიშებით მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 55%-ს, კერძოდ 913 798 ლარს. შესაბამისად, იმ ლოგიკური დაშვებით, რომ კომპანია დისტრიბუციასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, მყიდველის მისამართზე მიტანილ საქონელს ყიდდა მნიშვნელოვნად ძვირად, მომჩივნის აზრით სამართლიანია კომპანიის საწყობიდან რეალიზებული საქონლის ფასი შემცირდეს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობით.

ასევე, გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ მოახდინა კომპანიის მთლიანი რეალიზაციების წილში 33% წილის მქონე საქონლის კატეგორიზაცია და აღნიშნული საქონლის თვითღირებულებაზე გადაავრცელა დანარჩენ კატეგორიებად დაყოფილ საქონელზე გადავრცელებული ფასნამატის მიხედვით დადგენილი საშუალო ფასნამატი. ითხოვს, მიეცეს გონივრული ვადა საქონლის კატეგორიებად დაყოფისა და შესაბამისი ფასნამატის განსაზღვრისთვის. აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა საქონლის გარკვეულ ნაწილზე, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა კომპანიის საწყობიდან ელექტრონული დოკუმენტაციის გამოწერის გარეშე, სალარო აპარატში ამოღებული ქვითრებისა და რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირების დახმარებით აპირებს შემძენ პირებთან გააფორმოს ნოტარიულად დადასტურებული მიღება-ჩაბარებისა და შესყიდვის აქტები, რათა დაადასტუროს საქონლის განსხვავებულ ფასად რეალიზაციის ფაქტი, ვინაიდან კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქონლის გარკვეული პარტია იყიდებოდა მინიმალურ ფასნამატით, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავებულია სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ფასებისაგან.

3. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №9956 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------1) 2025 წლის 24 აპრილის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, საწვავის ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ. ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №9956 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 19 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შეუმცირდა 23 346 ლარით, მათ შორის, გადასახადი 15 564 ლარით, ჯარიმა 7 782 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 30 მარტის №068-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №9956 ბრძანების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად გახარჯული საწვავი გაანგარიშდა სასაქონლო-ზედნადებებში მითითებული მისამართების, ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების/სპეც. ტექნიკის საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8 მეთოდური მითითების შესაბამისად, ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საწვავის ხარჯის ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, საწარმოს მიერ საჩივარში მითითებულ სხვა საკითხების ირგვლივ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად გახარჯული საწვავი გაანგარიშდა სასაქონლო-ზედნადებებში მითითებული მისამართების, ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების/სპეც. ტექნიკის საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. შესაბამისად, ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საწვავის ხარჯის ოდენობა და აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომ საწარმოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სხვა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დამატებით თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა არ არის წარმოდგენილი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი საკითხები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №9956 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ან/და თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საწვავის ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშება; მივლინებისა და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო ხარჯების გათვალისწინება.

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

3. ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №9956 ბრძანების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად გახარჯული საწვავი გაანგარიშდა სასაქონლო-ზედნადებებში მითითებული მისამართების, ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების/სპეც. ტექნიკის საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საწვავის ხარჯის ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, საწარმოს მიერ საჩივარში მითითებულ სხვა საკითხების ირგვლივ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)