გადაწყვეტილება №26176/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.12.2025
№ დოკუმენტი 26176/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26176/2/2025

10 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 14.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26176/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობა;

2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №036-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23714 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 621 626,89 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 380 802,62

დღგ - 121 549,44

საშემოსავლო გადასახადი - 259 253,18

ჯარიმა - 189 177,40

საურავი - 51 646,87

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ძირითადად სახელმწიფო ტენდერებში. აუდიტის დეპარტამენტის 12.08.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №036-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23714 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში ჩატარდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზებში ასახული დოკუმენტების/ინფორმაციის ანალიზი. დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის არსებობს სხვაობა. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტები, რის შედეგადაც დადგინდა სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება გასაჩივრებულ აქტებს და მიაჩნია, რომ სახეზეა წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა გადასახადის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიან ელექტრონული ბაზებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზების მიხედვით არსებული დოკუმენტები/ინფორმაცია, შედეგად კომპანიის დეკლარირებულსა და შემოწმების მიერ დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობები.

საგადასახადო შემოწმების აქტში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიან ელექტრონული ბაზებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზების მიხედვით არსებული დოკუმენტები/ინფორმაცია, შედეგად გაანგარიშებული იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც გამოვლენილი ფულადი სახსრები, კერძოდ, 1 296 266 ლარი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. რამდენადაც შემოწმების აქტით დგინდება აუდიტის დეპარატამენტი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ კომპანიის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესყიდვის/ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რა დროსაც აუდიტის დეპარატამენტის მიერ გათვალისწინებული არ იქნა ფაქტი, რომ ხარჯების გაღების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს არა მხოლოდ შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტებით, არამედ მიღება-ჩაბარების აქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით და ა.შ. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

სახელმწიფო ტენდერის სპეციფიკიდან გამომდინარე ტენდერში გამარჯვების შემთხვევებში კომპანიის ვალდებულება წინასწარ დადგენილი ტექნიკური დავალების შესაბამისად სრულად და ხარისხიანად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას კომპანიას ბუნებრივია უწევს სამშენებლო მასალების შეძენა, სპეციალური ტექნიკისა და მომსახურების დაქირავება, ტრანსპორტირების და ლოჯისტიკის ხარჯები.

შემსრულებლისათვის თანხის ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი ადასტურებს სამუშაოების შესრულებას, მიღებაჩაბარების აქტებით და ექსპერტიზის დასკვნით. ხარჯების გაწევის გარეშე ბუნებრივია ვერ დადასტურდება კომპანიის მიერ ტენდერებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფაქტი და დამკვეთი არ მოახდენს შესაბამის ანგარიშსწორებას. თითოეული ტენდერის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით კომპანიას დამკვეთისათვის წარდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნები და არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რაც პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანიის ფინანსური ოპერაციების მიმართულია ბიზნესის საქმიანობის უზრუნველსაყოფად და არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირდა ის ფულადი სახსრები, რომელიც კომპანიას გაწეული აქვს სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შრომითი ხელშეკრულება ან/და დირექტორზე ხელფასის დარიცხვის/გადახდის შესაბამისი საბუღალტრო ოპერაცია, რაც აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამგვარი კვალიფიკაციის საფუძველს წარმოშობდა. იმ შემთხვევაში თუ აუდიტის დეპარატამენტი სათანადოდ გამოიკვლევდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, სათანადო შეფასებას მისცემდა ტენდერის ფარგლებში კომპანიის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს და მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებს გამოირიცხებოდა კომპანიისათვის საგადასახადო ვალდებულებების დაკისრების შესაძლებლობა.

საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო ვალდებულება უნდა იყოს რეალური და ეკონომიკური შინაარსის შესაბამისად დადგენილი, ამასთან იმ შემთხვევაში თუ კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები განიმარტება, როგორც „ხელფასი დირექტორისთვის“ ეს იწვევს აბსურდულ მოცულობას, ვინაიდან კომპანია ფაქტობრივად ვერ მოახდენდა ტენდერებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და დამკვეთი ბუნებრივია არ მოახდენდა ანგარიშსწორებას.

სადავო აქტების გამოცემულ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, ასევე არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ კომპანიის დეკლარირებულსა და შემოწმების მიერ დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობები, შესაბამისად ამ ნაწილშიც არასწორად მოხდა გადასახადის დარიცხვა. ფაქტია, რომ სადავო აქტები არის უკანანო და არსებითად ხელყოფს საჩივრის ავტორის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, აყენებს მას პირდაპირ და უშუალო ზიანს, ვინაიდან ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ აქტები გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების გარეშე, რომლის განუხრელი დაცვაც წარმოადგენს კანონმდებლის იმპერატიულ მოთხოვნას. მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 601 და 96-ე მუხლებზე მითითებით, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნა №036-5, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №18329 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №23714 შპს ----ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ძირითადად სახელმწიფო ტენდერებში.

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია, ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზების მიხედვით არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შედეგად, კომპანიის დეკლარირებულსა და შემოწმების მიერ დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებასა და საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, კომპანიას დაერიცხა გადასახადი დღგ-ის ნაწილში და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზებში არსებული დოკუმენტები/ინფორმაცია, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც გამოვლენილი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც გამოვლენილი ფულადი სახსრები, კერძოდ, 1 296 266 ლარი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფულადი სახსრების გაანგარიშების შედეგად გამოვლინდა, რომ ხარჯის ნაწილი შეადგენდა სულ მიღებული შემოსავლის 82%-ს, მათ შორის გადახდილი ხელფასები 266 457 ლარი, ბიუჯეტში გადახდილი 380 319 ლარი და სხვა პირდაპირი ხარჯი, რაც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამასთან, კომპანიის ხარჯის ნაწილი შეადგენდა მიღებული შემოსავლის 82%-ს, რაც გათვალისწინებული იქნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობა;

2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზებში არსებული დოკუმენტები/ინფორმაცია, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც გამოვლენილი ფულადი სახსრები დაკვალიფიცრდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზების მიხედვით არსებული დოკუმენტები/ინფორმაცია. კომპანიის დეკლარირებულსა და შემოწმების მიერ დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობები, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 101 (1); 154 (1); 159 (1); 163 (1,2); 164 (1).