გადაწყვეტილება №25891/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.12.2025
№ დოკუმენტი 25891/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25891/2/2025

18 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის 24.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25891/2/2025).

 

დავის საგანი:

1. განკარგვადი თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვა;

2. დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №006-247 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19714 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 275 357,02 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 173 332,93

მოგების გადასახადი - 165 357,93

საშემოსავლო გადასახადი - 7 975

ჯარიმა - 86 214

საურავი - 15 810,09

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.09.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №006-247 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19714 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. განკარგვადი თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.07.1995 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 26.02.2017 წელს. კომპანია 100% წილით დაფუძნებულია შპს---ს (ს/ნ ---) მიერ. საწარმოს აქვს მხოლოდ დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. კომპანია დამფუძნებლისგან იჯარით აღებულ ფართში ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. კერძოდ, იბარებს სისხლს (სისხლის ჩაბარებას აქვს როგორც უანგარო, ისე სასყიდლიანი ხასიათი), რომლისგანაც ხდება ძირითადად პლაზმისა და ერითმასის წარმოება და მიწოდება მხოლოდ დოკუმენტურად, სამედიცინო დაწესებულებებზე. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს არასრულყოფილად, შესაბამისად შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი.

საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საზოგადოების მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო ბაზის, გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციებისა და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაციებით. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად გონივრული ნაშთის გათვალისწინებით გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის - 28.02.2025 წლისთვის - საზოგადოების განკარგვადი თანხა, რომელიც შეადგენს 728 996 ლარს. როგორც ბანკიდან, ისე საწარმოს მიერ წარმოდგენილ არასრულყოფილ ბუღალტერიაში სალაროდან გადის თანხები ფ/პ ---ზე (პ/ნ ---), რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებელს ან/და დასაქმებულ პირს. 13.10.2023 წლის №25487 ბრძანებით 1.01.2020-1.09.2023 წწ პერიოდზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვითაც ფ/პ ---ს (პ/ნ ---) მიერ საწარმოდან გატანილი თანხები დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფ/პ ---ზე (პ/ნ ----) გაცემულ სესხებად. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფ/პ ---ზე გაცემულ სესხად განხილვა მართლზომიერია, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სისხლის ბანკის შენობის შესყიდულია 2010 წელს ღია აუქციონზე, იმ პირობით, რომ ორგანიზაციას უნდა შეენარჩუნებინა პროფილი. შენობის ფართი იყო 7 ათასი კვადრატული მეტრი. შენობა იყო მძიმე მდგომარეობაში და მოითხოვდა სრულ რეაბილიტაციას. განხორციელდა ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრის შექმნა, რასაც დიდძალი ფინანსური რესურსი დასჭირდა. საზოგადოებას ეს რესურსი არ გააჩნდა და იძულებული იყო აეღო სესხი. ფ/პ---ს შპს ----ის ---ვის სესხის სახით გადაცემული აქვს თანხები. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს. შესაბამისად, მას შემდეგ რაც საზოგადოებას გაუჩნდა შესაძლებლობა დაებრუნებინა სესხად აღებული თანხები ფ/პ ---სათვის - საზოგადოებამ დაიწყო ამ თანხების დაბრუნება. შესაბამისად, ---სათვის გადაცემული თანხების სესხად განხილვა მოკლებულია საფუძველს - საზოგადოებამ დაიწყო ---ის სესხის გასტუმრება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს არასრულყოფილად. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). გონივრული ნაშთის გათვალისწინებით გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განკარგვადი თანხა, რომელიც შეადგენს 728 996 ლარს. მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით არსებობს სესხის ხელშეკრულებები, თუმცა არასრულყოფილია. არსებობს ექსპერტიზის დასკვნები თუ რა თანხები დაიხარჯა შენობაზე და დანადგარებზე. ეს არის კომპანიის მიერ ფიზიკური პირისგან აღებული სესხი, რომლის დაბრუნებაც ხდებოდა ფიზიკური პირისთვის. ფიზიკური პირის მიერ სესხი აღებულია ბანკიდან, რაზეც არსებობს 4 ხელშეკრულება და აღნიშნული თანხა ჩარიცხულია პირდაპირ საწარმოს ანგარიშზე. ასევე თანხები გადახდილია უცხოეთიდან მოწვეული დაქირავებული პირებისთვის.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების და საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის საწარმოს მიერ ფიზიკური პირისგან სესხის აღების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ფ/პ ---ზე გაცემულ სესხად განხილული თანხები ვერ ჩაითვლება მანამდე აღებული სესხის დაბრუნებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე 86 214 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის პირველი 2 2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესახებ განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ითხოვს მოეხსნას საზოგადოებას დარიცხული ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული ჯარიმებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. განკარგვადი თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვა;

2. დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმო ბუღალტერიას აწარმოებს არასრულყოფილად, შესაბამისად შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით.

ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად გონივრული ნაშთის გათვალისიწინებით გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განკარგვადი თანხა. როგორც ბანკიდან, ისე საწარმოს მიერ წარმოდგენილ არასრულყოფილ ბუღალტერიაში სალაროდან გასულია თანხები ფ/პ-ზე, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებელს ან/და დასაქმებულ პირს, შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფ/პ-ზე გაცემულ სესხად.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების და საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის საწარმოს მიერ ფიზიკური პირისგან სესხის აღების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ფ/პ-ზე გაცემულ სესხად განხილული თანხები ვერ ჩაითვლება მანამდე აღებული სესხის დაბრუნებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 98 2 (3;8); 269 (7).