ბრძანება № 30147

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2023
№ დოკუმენტი 30147
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 30147

04 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 1 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის №20620/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ -------- (ს/ნ---------) 2023 წლის 1 ივლისის №82025/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №083-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მის მიერ არასწორად იყო წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციები, კერძოდ, 2021 წლის ოქტომბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა შეცდომით დაბეგრილია 2021 წლის ნოემბრის დეკლარაციაში, ასევე 2022 წლის სექტემბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა დაბეგრილია 2022 წლის ოქტომბრის თვეში და 2022 წლის დეკემბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა ასახულია 2023 წლის მარტის დეკლარაციით და ითხოვს, არასწორად წარმოდგენილი დეკლარაციების მიზეზით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10451 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ოქტომბრის თვის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ივნისის №12298 ბრძანება და ამავე თარიღის №083-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 56 231 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 184 ლარი, ჯარიმა 17 092 ლარი, საურავი 4 955 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 1 ივლისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18245 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 26 ოქტომბრის №20620/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18245 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის №20620/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ი/მ --------- მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვითაც 18% -იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენს 79 549 ლარს.

შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ჯამში 269 476 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/სასაქონლო ზედნადები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელის გამოწერილი პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადების) საფუძველზე განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ი/მ ---------- დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ-მე-4 ნაწილებზე:

1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.

3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

4. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს/საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/ შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ოქტომბრის თვის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აქვს ჯამში 269 476 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/სასაქონლო ზედნადები, ხოლო ამავე საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებით დაბეგრილი აქვს 79 549 ლარის დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ --------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, არასწორად წარმოდგენილი დეკლარაციების მიზეზით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ჯამში 269 476 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/სასაქონლო ზედნადები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დაერიცხა გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);159(1);163(1,2);164(1);168(1);