ბრძანება N 20683
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20683
22 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 23 იანვრის №78355/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №007-378 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ავანსად მიღებული თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით ითხოვს დასაბეგრი ოდენობის ზუსტი განსაზღვრისთვის საკითხის შემმოწმებელთან ერთად შესწავლას;
2. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა მიღებულად ჩათვალა 12 ბინის რეალიზაციიდან მისაღები თანხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლია წარმოადგინოს ფიზიკური პირებისგან ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები დარჩენილი ფულადი ვალდებულებების შესახებ;
3. მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას მისი მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 მაისის №12576 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32929 ბრძანება და ამავე თარიღის №007-378 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 793 131 ლარი, მათ შორის, გადასახადი 963 571 ლარი, ჯარიმა 482 284 ლარი, საურავი 347 276 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანიის საქმიანობის სფეროა მშენებლობა. 2015 წლის 25 დეკემბერს ფიზიკურ პირ "-------"-თან დადებულია შეთანხმება, რომ კომპანია აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ააშენებდა 13 სართულიან კორპუსს და ფიზიკურ პირს "-------"-ში მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცემდა 600 კვ.მ. უძრავ ქონებას და ასევე, თანხას მიწის სანაცვლოდ. 2018 წლის ივნისში კომპანიამ მიწის მესაკუთრეს მიაწოდა 12 საცხოვრებელი ფართი. მშენებლობა დაწყებულია 2017-2018 წლებში და დასრულდა 2021 წელს. ბუღალტრული აღრიცხვის და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანია უძრავ ქონებას ყიდდა 450-530 აშშ დოლარის ფარგლებში წლების მიხედვით. სამშენებლო კომპანია იღებდა ავანსებს და საკომპენსაციო თანხებს, რომელსაც ბეგრავდა ნაწილობრივ. გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
2.ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით ფიქსირდება, რომ კომპანიას რეალიზებულ 12 ბინაზე საკომპენსაციო თანხები სრულად არ მიუღია. პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შესწავლით კი დგინდება, რომ გადამხდელს ეს თანხები სრულად აქვს მიღებული, კერძოდ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველს თანხა გადახდილი აქვს სრულად და შესაბამისად, ხორციელდება უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ მიღებული თანხები შემოწმებით დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დაქირავებული ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი. აღნიშნულ პირებზე ხელფასის ანაზღაურება ხდება როგორც საბანკო გადარიცხვით, ასევე, ნაღდი ანგარიშსწორებით და ასევე, ფიქსირდება სხვადასხვა სახის სარგებელი. ამასთან, საწარმო მომსახურებას იღებს ფიზიკური პირისგან, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმედ არ არის რეგისტრირებული. აღნიშნულ პირზე განხორციელებული გადახდები არ არის დაბეგრილი სრულად. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული ჩანაწერების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმების მონაცემებსა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე,საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2018 წლის ივნისში კომპანიამ მიწის მესაკუთრეს მიაწოდა 12 საცხოვრებელი ფართი. მშენებლობა დაწყებულია 2017-2018 წლებში და დასრულდა 2021 წელს. ბუღალტრული აღრიცხვის და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანია უძრავ ქონებას ყიდდა 450-530 აშშ დოლარის ფარგლებში წლების მიხედვით. სამშენებლო კომპანია იღებდა ავანსებს და საკომპენსაციო თანხებს, რომელსაც ბეგრავდა მხოლოდ ნაწილობრივ. ამდენად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ ნაწილობრივ ეთანხმება მიღებული ავანსების დაბეგვრას, თუმცა დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულია არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას 12 ბინის რეალიზაციის თანხები სრულად აქვს მიღებული, კერძოდ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს თანხა გადახდილი აქვს სრულად და აღნიშნულის საფუძველზე ხორციელდება უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ მიღებული თანხები შემოწმებით დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი იქნა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები კომპანიის მიმართ რიცხული დავალიანების შესახებ, თუმცა საგადასახადო დავის ეტაპზე, საჩივრის წარმოდგენიდან დღემდე, გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ხოლო ამავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დაქირავებული ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი. აღნიშნულ პირებზე ხელფასის ანაზღაურება ხდება საბანკო გადარიცხვით და ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ფიქსირდება სხვადასხვა სახის სარგებელი. ამასთან, საწარმო მომსახურებას იღებს ფიზიკური პირისგან, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმედ არ არის რეგისტრირებული. აღნიშნულ პირზე განხორციელებული გადახდები არ არის დაბეგრილი სრულად. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული ჩანაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში ითხოვს სადავო საკითხის დამატებით შესწავლას, თუმცა არ არის მითითებული პოზიცია/არგუმენტაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე, საჩივრის წარმოდგენიდან დღემდე, გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ავანსად მიღებული თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით ითხოვს დასაბეგრი ოდენობის ზუსტი განსაზღვრისთვის საკითხის შემმოწმებელთან ერთად შესწავლას;
2. გადამხდელი აცხადებს, რომ შემმოწმებელმა მიღებულად ჩათვალა 12 ბინის რეალიზაციიდან მისაღები თანხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლია წარმოადგინოს ფიზიკური პირებისგან ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები დარჩენილი ფულადი ვალდებულებების შესახებ;
3. მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას მისი მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიამ მიწის მესაკუთრეს მიაწოდა 12 საცხოვრებელი ფართი.გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.
2. კომპანიას რეალიზებულ 12 ბინაზე საკომპენსაციო თანხები სრულად არ მიუღია. პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შესწავლით კი დგინდება, რომ გადამხდელს ეს თანხები სრულად აქვს მიღებული, კერძოდ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველს თანხა გადახდილი აქვს სრულად და შესაბამისად, ხორციელდება უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად,კომპანიის მიერ მიღებული თანხები შემოწმებით დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დაქირავებული ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი. აღნიშნულ პირებზე ხელფასის ანაზღაურება ხდება როგორც საბანკო გადარიცხვით, ასევე, ნაღდი ანგარიშსწორებით და ასევე, ფიქსირდება სხვადასხვა სახის სარგებელი. ამასთან, საწარმო მომსახურებას იღებს ფიზიკური პირისგან, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმედ არ არის რეგისტრირებული. აღნიშნულ პირზე განხორციელებული გადახდები არ არის დაბეგრილი. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(4,9),101,154,159,160,161,160,161,163,164