ბრძანება N 3699

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.02.2023
№ დოკუმენტი 3699
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3699

27.02.2023

ფ/პ "----------" (პ/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2022 წლის 5 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №17580/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) 2022 წლის 5 მაისის №70562/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 აპრილის №006-115 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ ამხანაგობაში შენატანის სანაცვლოდ 2017 წლის 5 ოქტომბერს მიიღო კომერციული ფართი, რომელიც 2019 წლის 22 ოქტომბერს გაასხვისა შპს-ზე. მიუთითებს, რომ აღნიშნული ფართი ეკონომიკური საქმიანობისთვის არ გამოუყენებია. აცხადებს, რომ ვინაიდან ფართის გასხვისებამდე გასული იყო 2 წელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 თებერვლის №4052 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 6 აპრილის №8602 ბრძანება და ამავე თარიღის №006-115 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 126 793 ლარი, მათ შორის გადასახადი 69 508 ლარი, ჯარიმა 25 749 ლარი და საურავი 31 536 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 5 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19247 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19247 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 25 ნოემბრის №17580/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19247 ბრძანება, საჩივარი ხელახლა განსახილველად, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის (მომჩივნის კუთვნილი კომერციული დანიშნულების ფართის გასხვისებამდე 2 წლის ვადაში ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის) ნაწილში, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №17580/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია: „მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის (მომჩივნის კუთვნილი კომერციული დანიშნულების ფართის გასხვისებამდე 2 წლის ვადაში ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის) ნაწილში, შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების მიხედვით დგინდება, რომ ფ/პ "----------"-მ 2017 წელს ამხანაგობა „----------“-ში განახორციელა ფულადი შენატანი 33 460 დოლარი, (ექვივალენტი ლარში ეროვნული ბანკის გაცვლით კურსზე დაყრდნობით შესაბამის პერიოდში 80 180 ლარი). ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო კომერციული დანიშნულების ფართი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის წერილობითი განმარტების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ირკვევა, რომ 2019 წლის 25 ოქტომბერს გაყიდა კომერციული ფართი 90 000 დოლარად, (ექვივალენტი ლარში ეროვნული ბანკის გაცვლით კურსზე დაყრდნობით შესაბამის პერიოდში 265 635 ლარად). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის გაცვლით კურსზე დაყრდნობით, კომერციული ფართის რეალიზაციის დროს მიღებული ნამეტი ჯამში შეადგენს 144 934 ლარს. 2019 წელს საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა 144 934 ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა:

ა) საწარმომ;

ბ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა 2017 წელს ამხანაგობა „----------“-ში განახორციელა ფულადი შენატანი 33 460 დოლარი (ექვივალენტი ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 80 180 ლარი), რომლის სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო კომერციული დანიშნულების ფართი, რომელიც 2019 წლის 25 ოქტომბერს გაასხვისა 90 000 დოლარად (ექვივალენტი ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 265 635 ლარი).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოძიებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება აღნიშნული კომერციული ფართის რეალიზაციამდე ორ წელზე ნაკლებ ვადაში კომერციული მიზნებით გამოყენება. კერძოდ, 2018 წლის 4 აპრილის იპოთეკის №---------- ხელშეკრულების მიხედვით დგინდება, რომ სს „----------“-დან შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ (რომლის სახელზეც შემდგომში გადაფორმდა აღნიშნული ფართი) აღებული იქნა სესხი, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა ფ/პ "----------"-ს კუთვნილი კომერციული დანიშნულების ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით დგინდება, რომ თითოეულ მხარეს, მ.შ. ფ/პ "----------"-ს განესაზღვრა ვალდებულებები, რომელიც გათვალისწინებულია როგორც ზემოაღნიშნული, ასევე „კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ“ "----------" გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ ფ/პ "----------"-ს მიერ კუთვნილი კომერციული დანიშნულების ფართი გასხვისებამდე 2 წლის ვადაში გამოყენებული იყო ეკონომიკურ საქმიანობაში.

საქმეში არსებული მასალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №17580/2/2022 გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებების და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია 2018 წლის 4 აპრილის №---------- ხელშეკრულების მიხედვით იპოთეკით დაიტვირთა ფ/პ "----------"-ს კუთვნილი კომერციული დანიშნულების ფართი, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით არ დგინდება თანხის ანაზღაურება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება კომერციული დანიშნულების ფართის მიწოდებამდე 2 წლის ვადაში ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საფუძვლით ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აქტივის მიწოდებით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აქტივის მიწოდებით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოძიებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება აღნიშნული კომერციული ფართის რეალიზაციამდე ორ წელზე ნაკლებ ვადაში კომერციული მიზნებით გამოყენება. კერძოდ, 2018 წლის 4 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით დგინდება, ბანკიდან კომპანიის მიერ (რომლის სახელზეც შემდგომში გადაფორმდა აღნიშნული ფართი) აღებული იქნა სესხი, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა მომჩივანის კუთვნილი კომერციული დანიშნულების ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით დგინდება, რომ თითოეულ მხარეს, მ.შ. მომჩივანს განესაზღვრა ვალდებულებები, რომელიც გათვალისწინებულია როგორც ზემოაღნიშნული, ასევე „კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ“ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ მომჩივანის მიერ კუთვნილი კომერციული დანიშნულების ფართი გასხვისებამდე 2 წლის ვადაში გამოყენებული იყო ეკონომიკურ საქმიანობაში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართალია იპოთეკით დაიტვირთა მომჩივანის კუთვნილი კომერციული დანიშნულების ფართი, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით არ დგინდება თანხის ანაზღაურება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება კომერციული დანიშნულების ფართის მიწოდებამდე 2 წლის ვადაში ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საფუძვლით ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აქტივის მიწოდებით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(1); 82(1„ვგ“); 102(1„ბ“).