ბრძანება N 18019

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.07.2023
№ დოკუმენტი 18019
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18019

25 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

-------- (პ/ნ -------)

(მის.: ----------)

2023 წლის 5 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა -------- (პ/ნ -------) №82087/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №EL214927 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი განმარტავს, რომ 2023 წლის 30 ივნისს შემოვიდა -------დან საკუთარი ავტომობილით, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მისი და მისი ოჯახის წევრის კუთვნილი ოქროს ნაკეთობები, რომლებსაც თან ატარებს. მგზავრობის პროცესში ჰქონდა მოხსნილი და მისი დამალვა არ უცდია. ოქროს ნაკეთობები არაა ახალი და არ არის განკუთვნილი სარეალიზაციოდ და მიაჩნნია, რომ არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 30 ივნის საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში -------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე --------, რომელიც გადაადგილდებოდა „--------“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით, ქართული სანომრე ნიშნით: -------. უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ ავეჯი. გამოკითხვის პროცესი ასახულია სამხრე ვიდეოკამერაზე.

ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის კუთვნილი სატრნსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: ოქროს ყელსაბამი - 2 ცალი, ოქროს საყურე - 1 წყვილი, რომელიც დამალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების სალონში, კერძოდ: მგზავრისთვის განკუთვნილი სავარძლის ქვემოთ არსებულ სათავსოში. აღმოჩენილი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ ჯამში შეადგინა 25,65 გრამი, რაზეც შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალერების აქტი“.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ 2023 წლის 30 ივნისის N006021/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 3068,56 ლარი.

ვინაიდან, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება საგადასახადო შეღავათის ნორმით გათვალისწინებულ ზღვრულ რაოდენობას საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა №EL214927 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით - 3068,56 ლარი.

სანქციის უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის № 69601088452 ოქმი“, დაილუქა საბაჟო ლუქით 0827545 და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ ადმინისტრაციულ შენობაში.

------ 2021 -2023 წლებში უფიქსირდება საქონლის დეკლარირების რამდენიმე ფაქტი, რა დროსაც მასზე 2 შემთხვევაში (07/03/2022; 28/12/2022) გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი საყოფაცხოვრებო საქონელსა და საკვებ პროდუქტებზე.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად, შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3068,56 ლარის ღირებულების 25,65 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და ამავე ვადაში იმპორტის გადასახდელისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------- (პ/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში და ამავე ვადაში გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი და შესაბამისი საფასური;

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 30 ივნისის №EL214927 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №EL214927 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს მოქალაქე. ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის კუთვნილი სატრნსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: ოქროს ყელსაბამი - 2 ცალი, ოქროს საყურე - 1 წყვილი, რომელიც დამალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების სალონში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 3068,56 ლარი. ვინაიდან, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება საგადასახადო შეღავათის ნორმით გათვალისწინებულ ზღვრულ რაოდენობას უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით - 3068,56 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და ამავე ვადაში იმპორტის გადასახდელისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5, 13, 27(1), 73(1"ა"), 163(1)(11), 168(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.