გადაწყვეტილება №26322/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26322/2/2025
05 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 16.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №26322/2/2025; №26324/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2025 წლის №006-353 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 639 873.15 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 873 517
ჯარიმა - 556 039
საურავი - 210 317.15
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ბინების/ფართების მშენებლობა და რეალიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის №15289 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის, 1.04.2022 წლიდან 27.06.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ: შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებს ქ. ---ის ქ. №22-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, ქვეკონტრაქტორების მეშვეობით და რეალიზაციას. აღნიშნული პროექტი დაიწყო 2018 წელს. კერძოდ, 4.09.2018 წელს საწარმომ სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გააფორმა „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება (შემდგომში „ბარტერი“). ხელშეკრულება წარმოადგენს სამმხრივ შეთანხმებას:
ერთის მხრივ მიწის მესაკუთრეებს (გამყიდველი), მეორეს მხრივ შპს „---ს“ („მყიდველი“) და მესამე მხრივ ---ს (პ/ნ ---) („შემსრულებელი“) შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „---“ ვალდებულია მხარეებს გადასცეს ფულადი სახით 440 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და უძრავი ქონება 3 460 კვ.მ. საცხოვრებელი და მთლიანი ავტოსადგომების 25%.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სააღრიცხვო დოკუმენტაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ აღნიშნული ფართების ნაწილი არ არის დღგ-ის 18%-იან ბრუნვაში ასახული. გადასახადის გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული ფართების დეკლარირებას მოახდენს, კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებით, დგინდება, რომ შპს „---ს“ გამყიდველისათვის ფაქტობრივად გადაცემული აქვს შესაბამისი საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებით და „ბარტერის“ ხელშეკრულების ანალიზით, ირკვევა, რომ შპს „---ს“ ერთის მხრივ (პირობადადებული საკუთრების სახით) საკუთრებაში გადაეცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ს/კ ----, მეორეს მხრივ კი შპს „---“ იღებს ვალდებულებას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს და მესაკუთრეებს მიაწოდოს საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები და გადაუხადოს კონკრეტული ფულადი თანხა.
შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირების მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მეორეს მხრივ, შპს „---ის“ მიერ ფიზიკური პირებისთვის (საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართების და ინდივიდუალური საპარკინგე ადგილის) მიწოდება და ფულადი თანხის გადახდა განხილულ უნდა იყოს ერთიან გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებში, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, კომპანიის მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა და ფულადი თანხის გადახდა.
ამდენად, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე და 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 46-ე პუნქტზე მითითებით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირების მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მეორეს მხრივ შპს „---ს“ მიერ მათთვის (საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართების და ინდივიდუალური საპარკინგე ადგილების) მიწოდება ჩაითვალა გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, კომპანიის მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის მიერ სამშენებლო მომსახურება გაიწევა 2018 წელს საკუთრებაში მიღებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, კომპანიისთვის დღგ-ით დაბეგვრის დრო უნდა განისაზღვროს ზემოთ მითითებული ნორმების მიხედვით, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის მიხედვით - კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) საანგარიშო პერიოდი. როგორც აღინიშნა, საწარმოს მიერ 4.09.2018 წელს სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება (შემდგომში „ბარტერი“), აღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ---, შემდგომში მოხსენიებული როგორც „შემსრულებელი“.
ზემოაღნიშნული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ----ს „სამშენებლო პროექტის“ მიღების სანაცვლოდ შპს „---“ გადასცემს 800 კვ.მ. ოდენობის საცხოვრებელ ფართებს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 160-ე პირველი ნაწილის და მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 521-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 483-ე მუხლის გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს „ბარტერის“ ხელშეკრულებაში „შემსრულებლად“ მითითებულ პირს, ---სა და შპს „---ს“ შორის არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მიხედვითაც ---- შპს „---ს“ უწევს სამშენებლო პროექტის მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, სანაცვლოდ კი შპს „---გან“ იღებს შეთანხმებული ბინების ფართს, როგორც ზემოთ აღინიშნა, თუ სახეზეა გაცვლის ოპერაცია, შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს საბაზრო ფასი - საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილი.
შესაბამისად, შპს „----ის“ მიერ ----ვის მიწოდებული ბინის ფართები უნდა ჩაითვალოს საბაზრო ფასით რეალიზაციად. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის მიხედვით და საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შპს „----ს“ მიერ----სთვის ფაქტობრივად მიწოდებული ბინები (ჯამში 707 კვ.მ.) დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა მარეგისტრირებელ ორგანოში მასზე და მის უფლებამონაცვლედ განსაზღვრულ პირებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდების შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 4.03.2025 წლის №3688 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირ ----ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფიზიკურ პირ ---სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);+
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.10.2025 წლის №25402/2/2025 (8.10.2025წ. 03/70876) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2025 წლის №19944 ბრძანება და ამავე თარიღის №006-353 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფიზიკურ პირ ---ასა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-10 ნაწილებზე, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის №195 საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც განმარტავს, გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხს, როდესაც ამ გარიგების ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, 2024 წლის პირველ იანვრამდე დადებულ გარიგებებზე, ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში. შესაბამისად, თუ 2024 წლის 1 იანვრამდე დადებული გარიგების მიხედვით, ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, საწარმოსგან საკუთრებაში იღებს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილს, საწარმოს მიერ, აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ფიზიკური პირისთვის შენობა-ნაგებობის მიწოდების საანგარიშო პერიოდში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა ქ. ---- მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ქვეკონტრაქტორების მეშვეობით და ფართების რეალიზაციას. აღნიშნული პროექტი დაიწყო 2018 წელს. კერძოდ, 4.09.2018 წელს საწარმომ სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გააფორმა „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულება. ხელშეკრულება წარმოადგენს სამმხრივ შეთანხმებას: ერთის მხრივ მიწის მესაკუთრეებს (გამყიდველი), მეორეს მხრივ შპს „---ს“ („მყიდველი“) და მესამე მხრივ ----ს („შემსრულებელი“) შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „---“ ვალდებულია მხარეებს გადასცეს ფულადი სახით 440 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და უძრავი ქონება 3 460 კვ.მ., საცხოვრებელი და მთლიანი ავტოსადგომების 25%.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფიზიკური პირისათვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულება განესაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით). თავის მხრივ, საბაზრო ფასი ბაზარზე ამ საქონლის მიწოდების მომენტისათვის იდენტური (მსგავსი) მახასიათებლების (ფიზიკურ პირთან ხელშეკრულების გაფორმების მომენტის გათვალისწინებით) მქონე უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის მითითება და ფიზიკური პირისათვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულება არ იქნა განსაზღვრული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პრინციპების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის სრულყოფილად აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანება. ამდენად, ფიზიკურ პირ ----ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირ ----სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, საჭიროების = შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიმართ 4.03.2025 წელს დაიწყო საგადასახადო შემოწმება, რის შედეგადაც კომპანიას გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა/გადაწყვეტილება, რომლითაც დამატებით განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მიიჩნია გაუმყარებლად, არაზუსტ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველზე მიღებულად, რის გამოც შემოსავლების სამსახურში 24.03.2025 წელს წარადგინა საჩივარი. 10.06.2025 წელს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საბჭომ დაადგინა, რომ საგადასახადო შემოწმებისას დაფიქსირდა ხარვეზები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხელახალი გადასახადების გადათვლა (შემცირება) - საბჭოს მიერ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, აუდიტის დეპარტამენტმა არ განახორციელა გადასახადის ხელახალი გადათვლა განსაზღვრულ ვადაში და არც შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნა კომპანიას. იმის გამო, რომ გასაჩივრების 30 დღიანი ვადა იწურებოდა, კომპანიამ აღნიშნული საკითხი 1.07.2025 წელს გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რათა მომავალში არ მომხდარიყო პროცედურის დარღვევა კომპანიის მხრიდან. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ, საქმის განხილვისას და მასალების შესწავლის შემდეგ, დაადგინა, რომ აუდიტორს არ ჰქონდა შესრულებული შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და დაავალა აუდიტორებს ამ გადაწყვეტილების მიხედვით გადაანგარიშება. შესაბამისად, კომპანიის საჩივრის განხილვა გადადო ასეთი გადაანგარიშების შესრულებამდე.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, მხოლოდ 10.09.2025 წელს კომპანიამ მიიღო ახალი შეტყობინება - აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტმა კვლავ დატოვა პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში, არ განახორციელა გადათვლა და არ შეასრულა არც შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მითითება, არც ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს განკარგულება. ამასთან, მათ არ განუმარტავთ დარიცხვის ძალაში დატოვების საფუძვლები. კომპანიამ მიწის მესაკუთრეებთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა 2018 წლის სექტემბერში. ამ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლებოდა ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი (საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტი, 28.06.2019წ. პუბლიკაცია). იმის გამო, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა შენობის ექსპლუატაციაში მიღება საწარმოს არ მოუხდენია შესაბამისი დღგ-ის დარიცხვა და გადახდა. საგადასახადო კოდექსის 14.07.2020 წლის რედაქციით, ჩამოყალიბდა შემდეგი წესი:
„საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“, რომელიც ამოქმედდა 1.01.2021 წლიდან. თუმცა პარალელურად კანონმდებლობიდან არ იქნა ამოღებული ზემოთ ხსენებული საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტი, რამაც განაპირობა ორაზროვნება. აღნიშნული მუხლი ამოღებული იქნა 9.09.2020 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობაში არსებული ნორმების დაზუსტების მიზნით 7.06.2024 წელს გამოიცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილება №195, რომელმაც დააზუსტა და დააკონკრეტა საგადასახადო კოდექსში არსებული ნორმები და რომლის თანახმადაც, „2024 წლის 1 იანვრამდე დადებულ ბარტერულ გარიგებებზე, შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში. ამასთან, ბარტერული ოპერაციის ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე თანხის ნაწილობრივ ანაზღაურების შემთხვევაში, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა თანხის ანაზღაურების საანგარიშო პერიოდში“.
საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, ხოლო კომპანიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯერ არ დასრულებულა. კერძოდ, არ არის დასრულებული სახურავი, ეზოს კეთილმოწყობა, ლიფტების მონტაჟი და სხვა. აქედან გამომდინარე, მიწოდება/მომსახურების გაწევა ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო დღგ-ის დარიცხვა სამუშაოების დასრულებისა და შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე. აღსანიშნავია ის გარემოებები, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა ფართების გადაფორმების მომენტში 2022-2024 წლებში. ამ პერიოდებში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა კორპუსის მშენებლობის პროცესი. 2022 წელს ქვეკონტრაქტორმა, რომელიც აშენებდა კორპუსს გაუწია 7 460 142 ლარის მომსახურება, 2023 წელს - 4 190 487 ლარის, ხოლო 2024 წელს - 441 111 ლარის მომსახურება. როგორც აღინიშნა, საწარმო ქვეკონტრაქტორების მეშვეობით დღემდე ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. შესაბამისად 2022-2024 წლებში დღგ-ის დარიცხვა არ არის სწორი, რადგან ბინების გადაფორმება არ განსაზღვრავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებასა და მიწოდების/მომსახურების გაწევის დასრულებას.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში; ამ მუხლის გათვალისწინებით იმის მიუხედავად, რომ ფართები გადაფორმდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა არ შესრულებულა. შესაბამისად, არ არსებობს დღგის დარიცხვის საფუძველი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნებისმიერ შემთხვევაში №195 საჯარო გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი პერიოდი ვერ იქნება 2022-2024 წლებში, რადგან თვით ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 7.06.2024 წელს. არგუმენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ დაბეგვრა ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა განხორციელებულიყო, არასწორია დღგ-ის დაანგარიშება შემდეგი ორი მიზეზის გამო.
კერძოდ: 1. ბინების გადაფორმების მომენტში ისინი არ იყო დასრულებული და მიყვანილი ბარტერის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობამდე. შესაბამისად, დასაბეგრი ბაზა უნდა გამრავლებულიყო დასრულების პროცენტზე.
2. ბინების ღირებულება უნდა დაანგარიშებულიყო არა საბაზრო ფასებით, არამედ ბარტერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით, რომელიც შეადგენს 500$-ს კვ.მ.-ზე. მაგალითად, 5.05.2023 წელს ბ. ნ. ----ზე გადაცემულ ბინაზე დღგ-ით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 53 693 ლარს (54კვ.მ.*500$*2.4858*80%=53 693; დასრულების პროცენტი (80%) დასაზუსტებელია) ნაცვლად აქტის პროექტში წარმოდგენილი 238 890 ლარისა (78%-ით ნაკლები). ამასთან, აქტში ბაზასთან ერთდ ასევე არასწორად არის დათვლილი დღგ-ის თანხა. კერძოდ, იგი გამოთვლილია, როგორც ფართის ღირებულების 18%. სინამდვილეში კი ფართის ღირებულება მოიცავს დღგ-ის. შესაბამისად დღგ-ის დათვლა უნდა მოხდეს ამ ღირებულების 1.18-ზე გაყოფიდან მიღებული თანხიდან (დასაბეგრი ბაზა).
ზემოხსენებულ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, აქტის პროექტში წარმოდგენილი 43 000 ლარის (დღგ-ის თანხა 238,890*18%=43 000) ნაცვლად გამოვა 8 191 ლარი (განსხვავება 81% 53,693/1.18*18%=8 191). განხილული ორი ცდომილებიდან (არასწორი ფასი და დღგ-ის ზემოდან დარიცხვა) გამომდინარე არსებითად (დაახლოებით 60%-80%-ით) შესამცირებელია დარიცხული დღგ-ის თანხა. განსახილველი ბარტერის ოპერაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დღგ-ის მიზნებისთვის უძრავი ქონების მიწოდების აღიარებისას იგი უნდა ყოფილიყო ექსპლუატაციაში მიღებული. შემდგომში მიწოდების მომენტის განსაზღვრის მიზნებისათვის ექსპლუატაციაში მიღების პირობა ამოღებულ იქნა კანონმდებლობიდან, რამაც გააუარესა გადასახადის გადამხდელის ქონებრივი მდგომარეობა. გაუარესება გამოიხატა იმაში, რომ გადასახადის გადამხდელს დაეკისრა გადასახადის გადახდა შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე. გადასახადის ადრე გადახდა, რომ აუარესებს გადამხდელის მდგომარეობას, ეს ფაქტი უდავოა, რადგან ფულს დროში გააჩნია ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე გადახდა უფრო „მძიმეა“ გადამხდელისთვის ვიდრე გვიან. კიდევ ერთი გარემოება, რაც ამ შეფასებას ამყარებს არის საურავების მუხლი კოდექსში, რაც პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გვიან გადახდა თითოეულ დღეზე გადასახადს 0.05%-ით „აძვირებს“ (საურავის განაკვეთი). შეჯამების სახით კიდევ ერთხელ აღსანიშნია, რომ ექსპლუატაციაში შესვლის პირობის ამოღებამ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრის მიზნებისთვის გააუარესა კომპანიის მდგომარეობა. შესაბამისად, ასეთ გაუარესებას ვერ ექნება უკუძალა შესაბამის ცვლილებამდე განხორციელებულ ოპერაციაზე ანუ 2018 წელს განხორციელებული ბარტერული ოპერაციით გათვალისწინებული უძრავი ქონების მიწოდების მომენტად დღგ-ის მიზნებისთვის უნდა განისაზღვროს კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლზე და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ უკუძალა არ აქვს იმ კანონებს, რომლებიც ამკაცრებს პასუხისმგებლობას ან აუარესებს პირის მდგომარეობას. აღნიშნულ ნორმას ადასტურებს საგადასახადო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი ნორმა ამსუბუქებს გადასახადის გადამხდელის პასუხისმგებლობას, მას შეიძლება უკუძალა მიენიჭოს. არ დაიშვება უკუძალის გავრცელება დამამძიმებელი ნორმის შემთხვევაში. კერძოდ, გადაწყვეტილება ბს-693 (2კ-20) მიუთითებს, რომ ახალი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ნორმები ვრცელდება იმ საგადასახადო დავებზე, რომლებიც მათ მიღებამდე წარმოიშვა; გადაწყვეტილება ბს-1353(კ-22) განმარტავს, რომ უკუძალის პრინციპი არ მოქმედებს, თუ ახალი ნორმა ამკაცრებს პასუხისმგებლობას ან აუარესებს პირის მდგომარეობას. პრინციპის გამოუყენებლობა (როცა ახალი ნორმა პასუხისმგებლობას ამძიმებს, მაგრამ მაინც მოქმედებს წარსულ შემთხვევებზე) ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ ნორმებს მ.შ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლს, რადგან ეს გადასახადის გადამხდელის მიმართ უსამართლო შედეგს გამოიწვევს.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით მომჩივანი განმარტავს, რომ დღემდე საწარმოს მხრიდან არ განხორციელებულა გადასახადებზე თავის არიდების არც ერთი მცდელობა. კომპანიის ეს ქმედება ვერ იქნება მართლსაწინააღმდეგო, ვინაიდან ცდომილება ეხება გადახდის დროს და არა გადახდისგან თავის არიდებას. პრაქტიკაში კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის სანქციისგან გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და შესაბამისად, პრობლემური საკითხია კანონმდებლობაში მისი ზოგადი განსაზღვრებიდან გამომდინარე, თუმცა თუ გავეცნობით კომპანიის სხვა ტრანზაქციებსა და სახელშეკრულებო/საგადასახადო ვალდებულებებს, ვნახავთ რომ კომპანია თავის მოვალეობებს ასრულებს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ქმედება შეესაბამება „სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედების“ სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობს ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებს. უფრო მეტიც, გადასახადის გადამხდელს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ მას გადასახადი უნდა გადაეხადა მომავალში, მაშინ, როდესაც მოხდებოდა შენობის ექსპლუატაციაში გადაცემა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ არცერთი გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ გადასახადის გადამხდელი შეცდომის თუ არ ცოდნის ნაცვლად გაცნობიერებულად და განზრახ არ იხდიდა გადასახადს. პირიქით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ არასწორია შეფასება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა გადასახადის გადამხდელს მხოლოდ განსახილველ ბარტერის ერთ ტრანზაქციაზე განზრახ და გაცნობიერებულად არ გადაუხდია გადასახადი და ეს იმ პირობებში, როცა გადასახადის გადამხდელს დიდი მოცულობის გადასახადები აქვს გადახდილი, არ დაფიქსირებულა მის მიერ გადასახადის გადაუხდელობის არც ერთი შემთხვევა, შესაბამისად, მიაჩნია, რომ როგორც მინიმუმი, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის პრეზუმციის საფუძველზე უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელისთვის დაკისრებული ჯარიმების და საურავების გაუქმება. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო აუდიტის დეპარტამენტის აქტები და შესაბამისი სამსახურის მიერ შესრულდეს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება - ანუ მოხდეს დაკისრებული გადასახადის ხელახალი გადათვლა საბჭოს მითითებათა შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფიზიკურ პირ ---სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ: დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სსიპ ქალაქ ----ს მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისას და საჯარო რეესტრში არსებული შპს „---ს“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები და დადგინდა, რომ ერთი მხრივ შპს „---ს“ და მეორე მხრივ ხელშეკრულების მხარეებს შორის (მათ შორის ----), 4.09.2018 წელს გაფორმდა „უძრავი კონების ნასყიდობის, მომსახურესა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის“ შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში „ბარტერი“). დამატებით, ---ის არქიტექტურის სამსახურის მონაცემების გათვალისწინებით, 21.02.2019 წელს გაცემულია სამშენებლო ნებართვა და წარდგენილია განშლის ოქმი. როგორც აღინიშნა, შემოწმების ფარგლებში დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი/მოძიებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და გაირკვა, რომ შპს „---ის“ მიერ არაურთიერთდამოკიდებულ მყიდველებთან უახლოესი ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში და კვადრატული მეტრის ღირებულებები ხელშეკრულებების მიხედვით შეადგენდა 1 000 აშშ დოლარს დღგის ჩათვლით. როგორც აღინიშნა შპს „---ს“ მიერ ბინების პირველადი რეალიზაცია განხორციელებულია 2019 წლის ივნისის თვეში, შესაბამისად საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პრინციპებთან და დარიცხული გადასახადები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. მომჩივანი ითხოვს შესრულდეს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება - ანუ მოხდეს დაკისრებული გადასახადების ხელახალი გადათვლა საბჭოს მითითებათა შესაბამისად.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს თვეებია, შესაბამისად კომპანიის მთავარი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს სადავო ბრძანების აღსრულება, ასევე აღნიშნეს, რომ მათი მოთხოვნაა მიწის მესაკუთრეებზე გადაცემული ბინების ღირებულების განსაზღვრის მეთოდი იქნას გამოყენებული ამ განსახილველ შემთხვევაშიც, ---თვის გადაცემული ბინების მიმართაც. მომჩივნის არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღსრულების პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს, ამასთან თუ საჭიროება დადგა ჩატარდეს ექსპერტიზა, აღსრულება დამოკიდებული იქნება დასკვნის გამოცემის ვადაზე, რაც შეეხება ბინების ღირებულების განსაზღვრის მეთოდს, აღსანიშნია, რომ სამმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, მიწის მესაკუთრეებს მიწის სანაცვლოდ გადაეცათ ბინები, ხოლო ---ს ევალებოდა ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მიღება და პროექტის დამტკიცება, რის შემდეგად კომპანია განახორციელებდა სამშენებლო მომსახურებას და საცხოვრებელი ბინების მშენებლობას. აუდიტის დეპარტამენტის მიდგომით, მიწის მესაკუთრეებსა და კომპანიას შორის განხორციელდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ სამშენებლო მომსახურების გაწევა, ამიტომ მიწის მესაკუთრეებისთვის მიწოდებული ბინების ღირებულება განისაზღვრა ე.წ. დანახარჯების მეთოდით, რომელიც რა თქმა უნდა ნაკლებია საბაზრო ფასზე, რაც შეეხება ---ს ეპიზოდს, ამ ნაწილში მიწოდებული იქნა ბინები და არა სამშენებლო მომსახურება, შესაბამისად საქონლის მიწოდებისას ბინების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანებით ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფიზიკურ პირ ---სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული გარემოებებიდან და სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის სხვა არგუმენტებს და მოთხოვნას გათავისუფლდეს სანქციებისგან (რაც შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანებით (საჩივარი დანარჩენ ნაწილში) არ დაკმაყოფილდა), საბჭო მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის N11934 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს N25402/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის N11934 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №19944 ბრძანება და ამავე თარიღის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფიზიკურ პირსა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №25801 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის სხვა არგუმენტებს და მოთხოვნას გათავისუფლდეს სანქციებისგან (რაც შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანებით (საჩივარი დანარჩენ ნაწილში) არ დაკმაყოფილდა), საბჭო მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11934 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (1, გ),