ბრძანება N 20700

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.09.2025
№ დოკუმენტი 20700
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20700

22 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 23 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №97668/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №006-331 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის უსასყიდლო მიწოდებად განხილვასა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში. განმარტავს, რომ საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის შემდეგ დადგინდა, რომ საცხოვრებელ ფართებში დამონტაჟებული კარ-ფანჯარა იყო დეფექტიანი. შესაბამისად, ვინაიდან საწარმო, მყიდველებთან დადებული ხელშეკრულებებით, საცხოვრებელ ფართში არსებული დეფექტის გამოსწორების ან ანაზღაურების შესახებ იღებდა ვალდებულებას, შპს „-------“ და კარ-ფანჯრის მიმწოდებელმა კონტრაჰენტმა განხორციელეს უკვე არსებული დეფექტური კარ-ფანჯრის დემონტაჟი და სანაცვლოდ დაამონტაჟეს ახალი. ითხოვს არასწორად დარიცხული თანხების შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №11599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 12 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 13 აგვისტოს №18303 ბრძანება და 14 აგვისტოს №006-331 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 23 788 ლარი, მათ შორის გადასახადი 16 970 ლარი, ჯარიმა 5 670 ლარი და საურავი 1 148 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობის მშენებლობა/რეალიზაცია. კომპანიამ ააშენა და ექსპლუატაციაში მიიღო ერთი სამშენებლო პროექტი, რომლის მისამართია: -------, ------- (ყოფილი -------). აღნიშნული შენობის მშენებლობა დაიწყო 2022 წლის მაისში კომპანიის საკუთრებაში არსებულ 987 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე და დასრულდა 2024 წლის ივლისში. შენობა ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2024 წლის 30 ივლისს ------- მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ. შენობა არის 11 სართულიანი და მისი საერთო ფართობია 5 693.9 კვ.მ. კომპანია ფართების რეალიზაციას ახდენს როგორც შავი/თეთრი კარკასის, ასევე სრული რემონტის კონდიციით. შენობის სარეალიზაციო ფართობს ჯამში შეადგენდა 4 635.6 კვ.მ, საიდანაც ძირითადი ნაწილი, მათ შორის კომერციული ფართი - 637.9 კვ.მ. უკვე რეალიზებულია კომპანიის მიერ და 2025 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით კომპანიას დარჩენილი აქვს გასაყიდი საცხოვრებელი ფართი სულ 519.04 კვ.მ, საიდანაც 200.7 კვ.მ. თავად გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 318.34 კვ.მ. საკუთრებაში აქვს სს „-------“. მშენებლობის პროცესში კომპანიას პროექტით გათვალისწინებული მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა 750 კვ.მ. შეძენილი აქვს შპს „-------“-სგან ( ს/კ -------) სულ 188 080 ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი საშუალოდ 255 ლარი). ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით, სრული თანხა - 46 141 ლარი, კომპანიას შეძენილი აქვს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა 174.88 კვ.მ. (ერთეულის ფასი 264 ლარი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ კომპანიამ არსებულ მესაკუთრეებს მისცა საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენების უფლება. საწარმომ ასევე ჩაატარა მშენებლობის შემდგომი დასუფთავებაც და მეტალო-პლასტმასის კარფანჯრების გარკვეულ ნაწილზე აღმოჩნდა დაზიანებები. ნაწილი დაზიანება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო არასწორი მონტაჟის გამო და ასევე მშენებლობა/დასუფთავების პროცესის ზეგავლენითაც. კომპანიამ კარ-ფანჯრების მომწოდებელ კონტრაქტორთან (შპს ------- ს/კ -------) კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დაზიანებული კარ-ფანჯარა გამოეცვალა. დემონტაჟის დროს კარ-ფანჯარა გახდა სრულად გამოუსადეგარი (მინები და მეტალო-პლასტმასი დაიმტვრა) და საბოლოოდ სამშენებლო ნარჩენებთან ერთად გადაიყარა ნაგავსაყრელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, 2024 წლის დეკემბერში, შეძენილი 46 141 ლარის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა შემოწმების შედეგად ჩაითვალა საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და პირს დაერიცხა დღგ 7 038 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული 46 141 ლარის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის უსასყიდლოდ მიწოდება დაიბეგრა მოგების გადახადით, რომელიც ჯამში შეადგენს 8 143 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის თანახმად:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

3. მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები:

ბ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან;

ზ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №------- საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საწარმოს მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის გარკვეული ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, ხოლო ვინაიდან, რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში საწარმოს ვალდებულებაა აღმოფხვრას ნაკლი ან აანაზღაუროს ზიანი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის მომწოდებელი კომპანიასთან კონსულტაციის შემდეგ, მასთან ხარჯის განაწილებით, გადასახადის გადამხდელმა საცხოვრებელი ფართების მესაკუთრეებს შეუცვალა წუნდებული პროდუქტი. აღნიშნულს ასევე, ადასტურებს მეტალო-პლასტმასის მიმწოდებელი კომპანიის შპს „-------“-ს (ს/ნ -------) წერილი, რომელიც თან ერთვის საჩივარს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ფართების მესაკუთრეებისთვის დაზიანებული მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შეცვლა წარმოადგენს მყიდველებთან დადებული ხელშეკრულებებით, საცხოვრებელ ფართში არსებული დეფექტის გამოსწორების ვალდებულებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, მიწოდებული მეტალო-პლასტმასის კარფანჯრის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა უსაფუძვლოა. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით, ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის უსასყიდლო მიწოდებად განხილვის შედეგად, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით, ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის უსასყიდლო მიწოდებად განხილვის შედეგად, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ის და მოგების გადასახადში.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობის მშენებლობა/რეალიზაცია. კომპანიამ ააშენა და ექსპლუატაციაში მიიღო ერთი სამშენებლო პროექტი. კომპანია ფართების რეალიზაციას ახდენს როგორც შავი/თეთრი კარკასის, ასევე სრული რემონტის კონდიციით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწარმომ ჩაატარა მშენებლობის შემდგომი დასუფთავება და მეტალო-პლასტმასის კარფანჯრების გარკვეულ ნაწილზე აღმოჩნდა დაზიანებები. ნაწილი დაზიანება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო არასწორი მონტაჟის გამო და ასევე მშენებლობა/დასუფთავების პროცესის ზეგავლენითაც. კომპანიამ კარ-ფანჯრების მომწოდებელ კონტრაქტორთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დაზიანებული კარ-ფანჯარა გამოეცვალა. დემონტაჟის დროს კარ-ფანჯარა გახდა სრულად გამოუსადეგარი და საბოლოოდ სამშენებლო ნარჩენებთან ერთად გადაიყარა ნაგავსაყრელზე.

საწარმოს მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, შეძენილი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა შემოწმების შედეგად ჩაითვალა საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და პირს დაერიცხა დღგ და მოგების გადახადით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, მიწოდებული მეტალო-პლასტმასის კარფანჯრის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა უსაფუძვლოა. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის უსასყიდლო მიწოდებად განხილვის შედეგად, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 983(1, 3-ბ,ზ); 160(3-ა); 269(9)