გადაწყვეტილება №97999/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№97999/1/2025
18 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 16.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №97999/1/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 7.03.2025 წლის №24544/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2025 წლის №081-207 საგადასახდო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 15 876 157,43 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 7 889 020
დღგ - 4 313 828
საშემოსავლო გადასახადი - 3 567 478
ქონების გადასახადი - 7 714
ჯარიმა - 3 988 700
საურავი - 3 998 437,43
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სს ------ იჯარით აღებული სასტუმროს (------) ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა.
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 4.03.2021 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის, ასევე, ადგილზე საქმიანობის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების (------ ტერიტორიაზე მცხოვრები) მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების მონაცემებით განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით.
აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა მომჩივნის მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, შემოწმებით განისაზღვრა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლები საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის მიხედვითაც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, გაანალიზდა ნაღდი ფულის მოძრაობა. ვინაიდან სალაროში ნაღდი ფულის არსებობა არ დადასტურდა, საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლებით ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19961 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.11.2023 წლის №20713/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19961 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 16.11.2023 წლის №20713/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 31.01.2024 წლის №1559 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 25.07.2024 წლის №22448/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1559 ბრძანება. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 25.07.2024 წლის №22448/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 15.11.2024 წლის №24261 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.03.2025 წლის №24544/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, მომჩივნის მიერ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოდან დამატებით გამოთხოვის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციისა და საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით. დამატებით წარდგენილი/მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა განხორციელდეს შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 7.03.2025 წლის №24544/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24261 ბრძანება, მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით წარდგენილი/მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 7.03.2025 წლის №24544/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.07.2025 წლის
№081-207 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 23 დეკემბრის აქტიდან ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა განსაზღვრა შედარების მეთოდითა და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე). საგადასახადო შემოწმების აქტი სრულად დაფუძნებულია არასწორ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, „ფაქტობრივი გარემოება, აუდიტორის შეფასება და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების“ გრაფაში აღწერილი გარემოებები არ შეესაბამება შპს ------ რეალურ საქმიანობას, უფრო მეტიც, კომპანიას არავითარი კავშირი არ აქვს აქტში მოყვანილ მსჯელობასთან. 2021 წლის 8 აპრილს შპს დიბო ჯგუფმა „------“ შემავალ სხვადასხვა კომპანიებთან - სს ------, სს ------, სს ------ და სს ------, ასევე 2021 წლის 29 ივნისს - სს ------, სს ------ და სს ------ - გააფორმა იჯარის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც შპს ------ როგორც მოიჯარეს, 15 წლის ვადით დროებით სარგებლობაში უნდა გადასცემოდა საიჯარო ფართები. ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ფარგლებში შპს ------ გეგმავდა საქმიანობის განხორციელებას სასტუმრო, კაზინო, სარესტორნე, სავაჭრო ცენტრის ოპერირებისა და ასევე ფართების იჯარით (ქვეიჯარით) გაცემის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების, ასე მაგალითად 2021 წლის 8 აპრილის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, შპს ------ შეიძინა სხვადასხვა ინვენტარი სასტუმროს, კაზინოსა და სარესტორნე საქმიანობის განსახორციელებლად და დაიწყო იჯარით აღებული ფართების სარემონტო სამუშაოებიც თავისი ბიზნეს საქმიანობის განვითარებისათვის. შემდგომში კი სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე დაიწყო ფართების ქვეიჯარით გაცემა, რაზეც კომპანია იხდიდა კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შპს ------ ძირითადად ხარჯების გაწევით იყო დაკავებული, ცალსახად განვმარტავთ, რომ იგი დეტალურად ახდენდა მის მიერ მიღებული ნებისმიერი შემოსავლისა თუ დანახარჯის ზუსტ აღრიცხვასა და შესაბამის საგადასახადო დეკლარირებას. მეტი სიცხადისთვის, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან არიდების მიზნით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შპს ------ არასდროს ჰყოლია „სასტუმრო ოფისში მომუშავე პირები“ და შესაბამისად, არანაირი კავშირი არ გააჩნია ამგვარი ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ რაიმე შესაძლო საქმიანობის პროცესთან („კაზინოებისთვის ------ ტერიტორიაზე მცხოვრები კლიენტების მოძიება, დაკავშირება და მოზიდვა“, როგორც ეს აქტის მე-9 გვერდზეა აღნიშნული) და მით უფრო, მათ მიერ მიღებული შესაძლო შემოსავლებთან. შპს ------ დასაქმებული ჰყავდა 100-მდე პირი საშტატო განრიგისა და შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთაც ჯეროვნად უხდიდა სახელფასო განაკვეთს და უკავებდა შესაბამის გადასახადებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ყოველგვარი ჰიპოთეტური დაშვება და „მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით“ ხელმძღვანელობა სრულიად არარელევანტურია იმ პირობებში, როდესაც შპს ------ ყოველთვის აწარმოებდა სააღრიცხვო დოკუმენტაციას, საგადასახადო დეკლარირებას, რომელიც დოკუმენტალურად დადასტურებულია და შესაბამისი პირველადი დოკუმენტები რამდენიმე ათეული ე.წ. „------“ სახით გადაცემული იქნა შემოწმების ჯგუფისათვის, თუმცა მათ მიერ აღნიშნული პირველადი დოკუმენტები საგადასახადო შემოწმების დროს სრულად იქნა იგნორირებული. რაც შეეხება „საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯს“ და „მიღებული შემოსავლების მიხედვით კოეფიციენტის განსაზღვრას“, ესეც სრულიად არ შეესაბამება რეალობას - მარტივად დადასტურებადია, რომ საიჯარო ფართის (სათანადო ნაწილის) სარგებლობაში მიღების პირველ თვეებში ფართის ჯეროვნად გამართვისა და განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობისათვის (ასე მაგ. სარემონტო სამუშაოები, აუზის მოწყობა და ფუნქციონირება და ა.შ), ელექტრო მოხმარება/დანახარჯი მაღალი გახლდათ, განსხვავებით შემდეგი თვეებისაგან, როდესაც შპს ------ დაიწყო ფართების გარკვეული ნაწილის მიზნობრივად გამოყენება და ამგვარი ხარჯი მინიმუმამდე შემცირდა. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წინა განხილვის დროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ გაიჟღერა ფრაზამ, თითქოს მოწყობილი იყო ე.წ. „------“, რაც საერთოდ აბსურდს წარმოადგენს. საგადასახადო შემოწმების აქტში ნორმატიული საფუძველი მითითებულია საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი. შემოწმებისას გამოყენებული იქნა საგადასახადო ორგანოს მხოლოდ უფლება და სულად იქნა იგნორირებული, აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია აღნიშნული უფლების გამოყენება, რადგან მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი იქნა სრული საბუღალტრო დოკუმენტაცია, ხოლო საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები საერთოდ არ იქნა მითითებული საგადასახადო შემოწმების აქტში ასეთის არარსებობის გამო. შემოწმებისას გამოყენებული იქნა აგრეთვე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლება. ამ შემთხვევაშიც ადგილი გვაქვს კანონთან ცალმხრივ მიდგომასთან, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილი საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით მხოლოდ გარკვეული, კონკრეტული შემთხვევების არსებობისას, რომელთაგანაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, პირიქით, პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაცია სრულად იქნა წარდგენილი შემმოწმებლებისათვის და აღნიშნული დოკუმენტაციით თუ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული საგადასახადო შემოწმების აქტში, თუმცა აღნიშნული პირველადი დოკუმენტებით სრულადაა შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით ყოველგვარ კანონიერ საფუძველსაა მოკლებული. გარდა აღნიშნულისა, შპს ------ აუდიტის დეპარტამენტის შემოწმებულ პერიოდში იწყებდა საქმიანობას, წარმოადგენდა ე.წ. „-------“ და ყველანაირი ეკონომიკური კანონების გათვალისწინებით, ახორციელებდა ინვესტირებას ბიზნესის აწყობის მიზნით, რაც დაკავშირებული იყო სერიოზულ დანახარჯებთან და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით ფაქტობრივად გახარჯული ელექტროენეგიის რაოდენობიდან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული საწარმოს მიერ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარება და ამის საფუძველზე არარსებული შემოსავლების და მასზე გადასახადების დამატებით დარიცხვა ტენდენციურია.
გარდა ამისა, როგორ მოხდა აღნიშნული არარსებული შემოსავლების გაანგარიშება, რომელი ანალოგიური საწარმოს მონაცემებთან იქნა შედარებული, რა პრინციპით და ა.შ. საერთოდ უცნობია და ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ყველანაირი საფუძველის გარეშეა დაფიქსირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილი მსჯელობის საფუძველზე, არარსებული შემოსავლების და შესაბამისად, დამატებით დასარიცხი გადასახადების გაანგარიშება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და შესაბამისი თანხების დამატებით დარიცხვა უსაფუძვლოა, რადგან მოკლებულია ყველანაირ მტკიცებულებებს ვინაიდან ცხადია, რომ შპს ------ არასწორად დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, გთხოვთ სრულად ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 ივლისის №081-207 საგადასახადო მოთხოვნა და 2025 წლის 25 ივლისის №16692 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს ------ საქმიანობას წარმოადგენს სს ------ იჯარით აღებული სასტუმროს (------) ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა. ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების ( ------ ტერიტორიაზე მცხოვრები) მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. შემოწმებით განისაზღვრა შპს ------ მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.
საბჭოს 7.03.2025 წლის №24544/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, მომჩივნის მიერ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოდან დამატებით გამოთხოვის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციისა და საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით. დამატებით წარდგენილი/მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა განხორციელდეს შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სათანადოდ არ იქნა აღსრულებული საბჭოს 7.03.2025 წლის №24544/2/2024 გადაწყვეტილება. საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საბჭოს 7.03.2025 წლის №24544/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში და შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შესწავლის/შეფასების შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2025 წლის №081-207 საგადასახდო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 7.03.2025 წლის №24544/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს სს-გან იჯარით აღებული სასტუმროს ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა. ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. შემოწმებით განისაზღვრა შპს-ეს მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.
საბჭოს 7.03.2025 წლის №24544/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2025 წლის №081-207 საგადასახდო მოთხოვნა;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);163;164;101;154