გადაწყვეტილება №20194/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20194/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20194/2/2023

12 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 7.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20194/2/2023).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №006-609 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №13722 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 794 448 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 499 714

დღგ - 145 847

საშემოსავლო გადასახადი - 341 228

ქონების გადასახადი - 12 639

ჯარიმა - 161 103

საურავი - 133 631

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №13022 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის გრაფა 42-ში განმეორებით აქვს ასახული 35-ე გრაფის შესაბამისად გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი 63 921 ლარის ოდენობით. შედეგად, მომჩივანს გადასახადი შეუმცირდა აღნიშნული თანხით. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის საფუძველზეც საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის 1−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ამასთან, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა უძრავ ქონებებს, რომლებზეც საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული აქვს ნაწილობრივ. საგადასახადო ორგანოს მეირ დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32639 ბრძანება და №006-609 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 794 448 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 22 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 16 ივნისის №13722 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საერთაშორისო ფონდ კურაციოსგან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის მომსახურების გაწევად განხილვის, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის, საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №13722 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 282-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის მიერ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით ჩათვლას დაექვემდებარა დამქირავებლის მიერ წყაროსთან დაბეგრილ განაცემზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, რამაც გადასახადის შემცირება გამოიწვია. თუმცა, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ტექნიკურად დაშვებულ შეცდომას. მომჩივანს გადასახადის დამალვის მოტივი არ ჰქონია. აღნიშნული ქმედებით პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა ზედმეტობა, რაც დღეის მდგომარეობით გამოყენებული არ არის. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ მომჩივნის მოტივი ამ თანხის საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოყენება არ ყოფილა. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქმედება გადასახადის გადამხდელის მიერ მხოლოდ ერთხელ განხორციელდა, 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციის შევსებისას. შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ მისი ქმედება იყო შეცდომა და არა განზრახული ქმედება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან.

აუდიტორის მიერ შემოწმების პროცესი ხორციელდებოდა მომჩივანთან მჭიდრო კომუნიკაციით. შემმოწმებლის მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ქონებების საბაზრო ღირებულებებთან დაკავშირებით. მომჩივნის მიერ მიწოდებულ იქნა ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად თანამშრომლობდა აუდიტორთან, მის მიერ გათვალისწინებულ იქნა ქონებების საბაზრო ღირებულებებით შეფასების რეკომენდაცია და უმოკლეს ვადებში იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების აქტის ჩაბარებიდან უმოკლეს ვადაში მოახდინა ქონების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სრულად შესრულება და აქტით დარიცხული ქონების გადასახადის გადახდა, რის დამადასტურებლადაც წარმოადგენს 2023 წლის 28 თებერვლის საგადასახადო დავალებას. ამასთან, მომჩივანი ყოველთვის კეთილსინდისიერად ადეკლარირებს და იხდის ქონების გადასახადს. შესაბამისად, წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს. მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი სადავოდ არ ხდის დარიცხვის მართლზომიერებას და ითხოვს საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით ჩათვლას დაექვემდებარა დამქირავებლის მიერ წყაროსთან დაბეგრილ განაცემზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, რამაც გადასახადის შემცირება გამოიწვია. თუმცა, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. მომჩივანს გადასახადის დამალვის მოტივი არ ჰქონია. აღნიშნული ქმედებით პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა ზედმეტობა, რაც დღეის მდგომარეობით გამოყენებული არ არის.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გამოუყენებია წარმოშობილი ზედმეტობა.

ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერად თანამშრომლობდა აუდიტორთან, მის მიერ გათვალისწინებულ იქნა ქონებების საბაზრო ღირებულებებით შეფასების რეკომენდაცია და უმოკლეს ვადებში წარდგენილი იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების აქტის ჩაბარებიდან უმოკლეს ვადაში მოახდინა ქონების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სრულად შესრულება და აქტით დარიცხული ქონების გადასახადის გადახდა, რის დამადასტურებლადაც წარმოადგენს 2023 წლის 28 თებერვლის საგადასახადო დავალებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ მომჩივანი თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, გაითვალისწინა შემოწმების შედეგები და გადაიხადა ქონების გადასახადი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევები გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საშემოსავლო (საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის გრაფა 42-ში განმეორებით ასახული საშემოსავლო გადასახადის შედეგად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე3 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა) და ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებული ჯარიმისგან. ამასთან, დარიცხული საურავისგან გათავისუფლება საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი გათავისუფლდეს საშემოსავლო (საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის გრაფა 42-ში განმეორებით ასახული საშემოსავლო გადასახადის შედეგად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა) და ქონების გადასახადის ნაწილში სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 16 ივნისის №13722 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №13722 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევები გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებული ჯარიმისგან. ამასთან, დარიცხული საურავისგან გათავისუფლება საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)