ბრძანება N 19662
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19662
04 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----- (ს/ნ ----- ) (მის: ----- )
2026 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 72) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) 2026 წლის 3 აგვისტოს N 103831/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 ივლისის N 005 - 154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი: გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიმართ დარიცხული საურავი არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ითხოვს მის შემცირებას ან გაუქმებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადამხდელი ასევე ითხოვს შემოწმებით დარიცხული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის N 8957 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. 2026 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 7 ივლისის N 15326 ბრძანება და 2026 წლის 8 ივლისის N 005 - 154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ 21 449 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 626 ლარი, ჯარიმა 10 786 ლარი, საურავი 2 037 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების მიხედვით, ი/მ ----- (ს/ნ ----- ) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 20 ნოემბერს, ხოლო მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვს 2023 წლის პირველ აპრილს. იგი არ არის დღგ-ის გადამხდელი. ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით ქ. -----. მეწარმე ფლობს საკონტროლო - სალარო აპარატს და საბანკო ტერმინალს. შემოწმების მიერ, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად შეადგენს 354 505 ლარს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ი/მ ----- (ს/ნ ----- ) მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა უწყვეტი თორმეტი კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 16 ნოემბერს. განისაზღვრა დღგ-ის ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები და განსაზღვრული იქნა ჩათვლის ოდენობები, რომლის განხორციელების უფლებაც ჰქონდა გადამხდელს მისი საქმიანობის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან განხორციელდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული ანგარიშ - ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, დარიცხული საურავის შემცირებას ან გაუქმებას და შემოწმებით დაკისრებული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელდა მომჩივანის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებული დარღვევა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებითი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282(1); 269(1)(7); 272;.