გადაწყვეტილება №18073/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.12.2022
№ დოკუმენტი 18073/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18073/2/2022

22.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (პ/ნ --------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" 24.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18073/2/2022).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის შეფარდებული გაფრთხილების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №CB1355494 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 22.09.2022 წლის №24320 ბრძანება.

 

დაკისრებული სანქცია: გაფრთხილება.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №CB1355494 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი "-------" , გადამოწმების დრო: 15.07.2022 წ. 16:15 სთ) გამოვლინდა 700 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის (ლუდი 6 შეკვრა, კოკა-კოლა 5 შეკვრა, სიგარეტი 9 შეკვრა, ლიკანი 3 შეკვრა, ენერგეტიკული სასმელი 10 შეკვრა), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად შეეფარდა ამავე კოდექსის 270-ე მუხლით გათვალიწინებული გაფრთხილება.

ამასთან, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევისთვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №CB1355489 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 273- ე მუხლის თანახმად, 500 ლარის ოდენობით

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.09.2022 წლის №24320 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საგადასახადო მონიტორინგის 2 დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №CB1355489 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2022 წლის №24320 ბრძანება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №CB1355494 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა №CB1355494 ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის №CB1355494 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

№CB1355494 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში, რომლითაც გამოყენებულ იქნა გაფრთხილება თითქოსდა სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, შემოსავლების სამსახურმა დადგენილად მიიჩნია საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი (გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით) და აღნიშნა, რომ საგადასახდო მონიტორინგი დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №CB1355494 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სამართალდარღვევის ოქმი უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილება სრულად დაუსაბუთებელია და მის დასაბუთებაში საგადასახადო კოდექსის მუხლებისა და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მითითება შემოსავლების სამსახურის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს.

შემოსავლების სამსახურს უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-9 მუხლი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და განხილვა სულ სხვა შედეგით დამთავრდებოდა.

შემოსავლების სამსახურის მიერ დასაბუთებაში მრავალჯერ აღნიშნულია ტერმინი „სამეწარმეო საქმიანობისთვის“ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება... სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება იწვევს საგადასახადო სამართალდარღვევას და შესაბამისად დაწესებულ სანქციას და არა პირადი მოხმარებისთვის საქონლის ტრანსპორტირება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი არ არის განხილული, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვტილება იქნებოდა მიღებული. საგადასახადო ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ სამეწარმეო საქმიანობისას ახდენდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას, რაც არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული, გადაწყვტილება არანაირ ფაქტობრივ გარემოებაზე არ არის დამყარებული, უფრო მეტიც 3 თავდაყირა დააყენეს როგორც საგადასახადო, ასევე სხვა კანონმდებლობაც. მიუთითებს საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლზე და განმარტავს, რომ იგი არის ჩვეულებრივი მოქალაქე არანაირ სამეწარმეო საქმიანობას არ ახორცილებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ევალება, როგორც ფიზიკურ პირს საქონლის ტრანსპორტირებისასა ჰქონდეს სასაქონლო ზედნადები, მაშინ როდესაც საქონელი პირადი მოხმარებისთვის აქვს შეძენილი.

თუ რატომ იყო შეძენილი, აღნიშნული აღწერილია შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში. აბსურდია, როცა პირი თავისი პირადი მოხმარებისთვის იძენს სხვადასხვა დასახელების საქონელს და მას საგადასახადო ორგანო აჯარიმებს სასაქონლო ზედნადების არქონის გამო ან საგადასახადო რეგისტრაციის არქონის გამო (საქართველოში ათასობით იხდის დაბადების დღეს, ქორწილს, დაკრძალვას და სხვადასხვა წვეულებას და ამის გამო, რომ საგადასახადო ორგანომ ყველა დააჯარიმოს).

სწორედ ამიტომ მიუთითა კანონმდებელმა კანონში სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომელებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. სად დაინახა ან რა მტკიცებულებით დაადგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა და შემდეგ შემოსავლების სამსახურმა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის ხდებოდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

სამეწარმეო საქმიანობა ფაქტებისა და საგადასახადო თუ სხვა კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დაამტკიცოს ადმინისტრაციულმა ორგანომ და არა მათი წარმოსახვით საგადასახადო კანონმდებლობაზე უარგუმენტო დაყრდნობით.

ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.09.2022 წლის №24320 ბრძანება №CB1355494 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში, ხოლო №CB1355489 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამკტიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საქმზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი "------" ) გადამოწმების დროს გამოვლინდა 700 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის (ლუდი 6 შეკვრა, კოკა-კოლა 5 შეკვრა, სიგარეტი 9 შეკვრა, ლიკანი 3 შეკვრა, ენერგეტიკული სასმელი 10 შეკვრა) ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

მომჩივნის განმარტებით აღნიშნული საქონელი განკუთვნილი იყო არა სარეალიზაციოდ, არამედ პირადი მოხმარებისათვის.

მომჩივნის აღნიშნული არგუმენტი, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე და ახდენდა სასაქონლო/სარეალიზაციო ფორმით არსებული საქონლის (რომელიც დასახელებების მიხედვით არ იყო ერთეული რაოდენობის) ტრანსპორტირებას, საბჭოს არ მიაჩნია სარწმუნოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.