ბრძანება N 20751

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.09.2026
№ დოკუმენტი 20751
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20751

21 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 10 სექტემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2026 წლის 10 სექტემბრის №104510/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 აგვისტოს №085-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის მარტის თვეში ჩაბარებული აქვს ნულოვანი დეკლარაცია, მაშინ როცა უფიქსირდებოდა გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა---), დასაბეგრი დღგ - 23 908 ლარი). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიღებული და გამოწერილი დოკუმენტი მიმაგრებულია სხვა საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაზე, დაერიცხა ძირითადი გადასახადი 23 908 ლარი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით (50%). აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს მათთვის ცნობილი ფაქტი, რომ გადახდილი იყო ძირითადი თანხა 23 908 ლარი. გადამხდელი ეთანხმება, რომ ნამდვილად არ იყო ასახული 2026 წლის მარტის თვის დეკლარაციაში ძირითადი გადასახადი 23 908 ლარი, რაც გამოწვეულია მათი შეცდომით/არცოდნით. მიუთითებს, რომ მარტის თვის დეკლარაციის დაზუსტების მაგივრად გადასახადი ასახეს აპრილის თვის დეკლარაციაში, კუთვნილი გადასახადი გადაიხადეს კეთილსინდისიერად, თუმცა დაარღვიეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის ნაცვლად, უნდა განხორციელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივლისის №17318 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2026 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 11 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 12 აგვისტოს №18177 ბრძანება და ამავე თარიღის №085-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 281 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 908 ლარი, ჯარიმა 11 954 ლარი, საურავი 1 419 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო პერიოდში (2026 წლის მარტი) საწარმოს უფიქსირდება გამოწერილი და მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, თუმცა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. შემოწმებით გაირკვა, რომ აღნიშნული მიღებული და გამოწერილი დოკუმენტები მიმაგრებულია სხვა საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაზე. კომპანიის მიერ გამოწერილი 2026 წლის მარტის თვის ანგარიშფაქტურით ეა ---- განსაზღვრული ბრუნვა დაიბეგრა შესაბამის პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის ნაცვლად, უნდა განხორციელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო პერიოდში (2026 წლის მარტი) საწარმოს უფიქსირდება გამოწერილი და მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, თუმცა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. შემოწმებით გაირკვა, რომ აღნიშნული მიღებული და გამოწერილი დოკუმენტები მიმაგრებულია სხვა საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაზე. კომპანიის მიერ გამოწერილი 2026 წლის მარტის თვის ანგარიშფაქტურით განსაზღვრული ბრუნვა დაიბეგრა შესაბამის პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 269 (7).