ბრძანება N 1196
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1196
27 იანვარი 2026
ბრძანება
"-------" (პ/ნ "-------")
(ფაქტ. მის.:"-------")
2025 წლის 29 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა "-------"-ის (პ/ნ "-------") №210810/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 დეკემბრის №EL303234 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ 2025 წლის 14 დეკემბრის ექსპერტის №013245/2025 დასკვნას და 2025 წლის 16 დეკემბრის №------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 14 დეკემბერს "-------"-ის აეროპორტში მოხდა მისი შემოწმება. კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას ოქროს ნივთები, განმარტა, რომ ჰქონდა მხოლოდ ოქროს მონეტა. მიუხედავად ამისა მისი ჩანთიდან ამოღებული ბიჟუტერიის საათი შეფასდა, როგორც ოქრო და საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 4255 ლარი. დაეკისრა ჯარიმა და დაერიცხა დღგ საათის ნაწილში 765,9 ლარის ოდენობით. ამასთან განუმარტეს, რომ თანხის გადახდის გარეშე ვერ დატოვებდა ტერიტორიას და გადაიხადა დარიცხული თანხები.
მომჩივანი მიუთითებს საჩივარზე თანდართულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ანგარიშზე (№74/25 24.12.2025), რომლის დამკვეთი არის ფიზიკური პირი "-------" (პ/ნ "-------").
საგამოცდო ანგარიში მითითებულია, რომ სამუშაოს შესრულებისას გამოყენებული იქნა შემდეგი ხელსაწყო-მოწყობილობები:
1. 10X გადიდების ლუპა-ტრიპლეტი;
2. ელექტროსასწორი წონის განსაზღვრისთვის;
3. ზომების საზომი ხელსაწყო „Presidium Electronic Gemstone Gauge";
4. რენტგენოფლუორესცენციური ანალიზატორი (XRF EDX 3600B).
საგამოცდო ანგარიშის (№74/25 24.12.2025) მიხედვით, “საექსპერტოდ წარმოდგენილი საათი სამაჯურით იყო დაულუქავ მდგომარეობაში. დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ საკვლევი საათის კორპუსის ზედა ნაწილი, სამაჯური და საქოქი არის ოქროსფერი, კორპუსის ქვედა ნაწილი არის თეთრი, ფოლადისფერი. სამაჯურის მარცხენა ნაწილის მცირე უბანი არის გახეხილი და ნათლად ჩანს ლითონის თითბერისებრ ყვითელი ფერი.
საათის სიგრძე სამაჯურით შეადგენს 17,30 სმ-ს. საათის წონა სამაჯურთან ერთად არის 23,56 გრ საათის ციფერბლატზე იკითხება მწარმოებლის მარკა “------”.
გამოკვლევით ცალსახად დადგინდა, რომ საექსპერტოდ წარმოდგენილი საათის კორპუსის ზედა ნაწილი და სამაჯური დამზადებულია სპილენძის და თუთიის შენადნობისგან თითბერისაგან და დაფარულია ხალასი ოქროს თხელი ფენით. კორპუსის ქვედა ნაწილი დამზადებულია ფოლადისგან.
საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ გამოკვლეული ქალის მაჯის საათი სამაჯურით დამზადებულია თითბერისა და ფოლადისაგან და არ შეიცავს ძვირფას ლითონს”.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საათის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაუბრუნდეს გადახდილი თანხა ჯამში 5020,9 ლარის ოდენობით (საათის საბაჟო ღირებულება 4255 ლარი და საათის საბაჟო ღირებულების შესაბამისად დარიცხული დღგ 765,9 ლარი).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 14 დეკემბერს "-------"-ის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „--------“ ჩამოფრინდა მომჩივანი. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟეოფიცრის მიერ. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, მებაჟეოფიცრის კითხვაზე, გადაადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის, ძვირფასეულობას – ოქროსა და ოქროს მონეტებს,მომჩივანმა განაცხადა, რომ გადაადგილებდა მხოლოდ იმ ოქროს სამკაულებს, რაც სხეულზე ეკეთა. გამოკითხვის პროცესი დასტურდება სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერით.
მომჩივანს 2025 წლის 15 აგვისტოს უფიქსირდება ოქროს ნივთის დეკლარირების ფაქტი, რა დროსაც მან ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მომჩივანის კუთვნილი ხელბარგის და ბარგის დათვალიერება, ასევე მისი ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი. კერძოდ, ხელბარგში აღმოჩნდა 1 ცალი ოქროს მონეტა (სინჯი – 750; გრამი – 7.96), ხოლო შარვლის ჯიბეში – 1 ცალი ოქროს საათი (სინჯი – 583; გრამი – 23.53).
საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, 2025 წლის 14 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზით (დასკვნა №013245/2025) დადგინდა, რომ არადეკლარირებული საქონლის (ოქროს მონეტა – 1 ცალი; ოქროს საათი – 1 ცალი) საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 475 ლარს.
„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ 2025 წლის 14 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზით (დასკვნა №013245/2025), რომელიც ჩატარდა კიდონტის ქვაზე ნივთის განასმის და მასზე რეაქტივის ზემოქმედების მეთოდით, დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მონეტა (წონა – 7,96 გ) შეიცავდა 750 სინჯის ოქროს, საათი (წონა – 23,53 გ) კი 583 სინჯის ოქროს.
ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 14 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL303234 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს (პ/ნ "-------" ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა 6 475 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, არადეკლარირებული საქონელი ჩამორთმეულ იქნა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №69401128621) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა "-------"-ის აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში.
2025 წლის 16 დეკემბერს "-------" გამოცხადდა "-------"-ის აეროპორტში, წარადგინა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახადო დავალება №"-------" 15.12.2025), არადეკლარირებული საქონელი გააფორმა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 №"-------" 16.12.2025), გადაიხადა საბაჟო დეკლარაციით დარიცხული კუთვნილი იმპორტის გადასახდელი – დღგ 1165.5 ლარი და საქონელი გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან. საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, მომჩივანს კუთვნილი საათის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანისას არ განუცხადებია, რომ გეგმავდა საათზე ახალი ექსპერტიზის ჩატარებას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა ოქროს საათის დალუქვა, შესაბამისად, ექსპერტიზაზე საქონელი წარდგებოდა დალუქულ მდგომარეობაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად, შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა: ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებულია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის (6 475 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ნივთების) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ექსპერტიზით (დასკვნა №013245/2025), რომელიც ჩატარებულია კიდონტის ქვაზე ნივთის განასმის და მასზე რეაქტივის ზემოქმედების მეთოდით, დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მონეტა (წონა – 7,96 გ) შეიცავდა 750 სინჯის ოქროს, საათი (წონა – 23,53 გ) კი 583 სინჯის ოქროს. რაც შეეხება საჩივარზე თანდართულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ანგარიშს (№74/25 24.12.2025), აღნიშნულ ანგარიშში მითითებულია, რომ ექსპერტიზისთვის წარდგენილი ქალის მაჯის საათი არ შეიცავს ძვირფას ლითონს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საათი საექსპერტოდ წარდგენილი იყო დაულუქავ მდგომარეობაში, ფიზიკური პირი "-------"-ს მიერ.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, მომჩივანს კუთვნილი საათის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანისას არ განუცხადებია, რომ გეგმავდა საათზე ახალი ექსპერტიზის ჩატარებას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა ოქროს საათის დალუქვა, შესაბამისად, ექსპერტიზაზე საქონელი წარდგებოდა დალუქულ მდგომარეობაში.
მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, საგამოცდო ანგარიშში (№------ 24.12.2025) მითითებული საათი წარმოადგენს თუ არა ექსპერტიზის №013245/2025 დასკვნით შეფასებულ საათს.
სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "-------" (პ/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საათის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაუბრუნდეს გადახდილი თანხა ჯამში 5020,9 ლარის ოდენობით.
ფაქტობრივი გარემოებები
საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ როდესაც მომჩივანი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, მოხდა მისი შეჩერება მებაჟეოფიცრის მიერ. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, მებაჟეოფიცრის კითხვაზე, გადაადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის, ძვირფასეულობას ოქროსა და ოქროს მონეტებს,მომჩივანმა განაცხადა, რომ გადაადგილებდა მხოლოდ იმ ოქროს სამკაულებს, რაც სხეულზე ეკეთა.
მომჩივანს უფიქსირდება ოქროს ნივთის დეკლარირების ფაქტი, რა დროსაც მან ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მომჩივანის კუთვნილი ხელბარგის და ბარგის დათვალიერება, ასევე მისი ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,168.