გადაწყვეტილება №17984/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17984/2/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს " ------" (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" 10.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------- ).
დავის საგანი:
1. შემოწმებით დადგენილი ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2022 წლის №005-54 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.09.2022 წლის №24124 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 54 826 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 31 546
დღგ - 22 351
საშემოსავლო გადასახადი - 9 195
ჯარიმა - 17 319
საურავი - 5 961
პროცედურული გარემოებები გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა, საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შედეგად შესრულებული სამუშაოები.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2022 წლის №9947 ბრძანება და ამავე თარიღის №005-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 9.06.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.09.2022 წლის №24124 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით დადგენილი ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, გარდაბნის, ხულოს და მცხეთის მუნიციპალიტეტებთან, ასევე ჩუღურეთის და ისნის რაიონის გამგეობებთან.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების პროცესში წარდგენილია ხელშეკრულებები და საბანკო ამონაწერები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და წარდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, მიღებულია ფულადი ნაშთი 36 778 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გადამხდელის მხრიდან არ არის მიწოდებული ინფორმაცია ფულადი სახსრების ნაშთის შესახებ, აღნიშნული ნაშთი განხილულია დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და წარდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მიღებულია ფულადი ნაშთი (36 778 ლარი), რომელზეც გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია. შემოწმებით, აღნიშნული ნაშთი განხილულია დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომელზეც გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასს. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით გამოვლენილი ფულადი ნაშთის კომპანიის დირექტორის ხელფასად განხილვას ეთანხმება, მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხა (36 778 ლარი) წარმოადგენს 2020 წლის ბოლოსთვის მიღებულ ფულად ნაშთს და არა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (31.12.2021 წელს) მიღებულ ნაშთს, რაც საგადასახადო შემოწმების მიერ მოწოდებული გაანგარიშების ცხრილების მიხედვით შეადგენს 18 032 ლარს.
მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული უნდა ყოფილიყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მიღებული ფულადი ნაშთი და იგი უნდა დაბეგრილიყო 2021 წლის დეკემბრის თვეში. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების შედეგები კორექტირებას ექვემდებარება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი განმარტავს რომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის კომპანიის დირექტორის ხელფასად განხილვას ეთანხმება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხა (36 778 ლარი) წარმოადგენს 2020 წლის ბოლოსთვის მიღებულ ფულად ნაშთს და არა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (31.12.2021 წელს) მიღებულ ნაშთს, რაც შეადგენს 18 032 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული უნდა ყოფილიყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მიღებული ფულადი ნაშთი და იგი უნდა დაბეგრილიყო 2021 წლის დეკემბრის თვეში.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა, წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები და ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ფულადი ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა დოკუმენტური მონაცემების საფუძველზე და მასში გათვალისწინებულია ხარჯის დასაფარად საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომელზეც გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელი სამუშაოებს ძირითადად ასრულებს ქვეკონტრაქტორების (შპს "------" (ს/ნ -------) და შპს "------" (ს/ნ ------)) მეშვეობით. შესრულებული სამუშაო დამკვეთს ბარდება ეტაპობრივად, დგება მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად ხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმების პროცესში წარდგენილია ხელშეკრულებები და საბანკო ამონაწერები. სახელმწიფო ტენდერების ელექტრონულ პორტალზე არსებული მონაცემების (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 118 801 ლარით. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელი სამუშაოებს ძირითადად ასრულებს ქვეკონტრაქტორების მეშვეობით. შესრულებული სამუშაო დამკვეთს ბარდება ეტაპობრივად, დგება მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად ხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმების პროცესში წარდგენილია ხელშეკრულებები და საბანკო ამონაწერები. სახელმწიფო ტენდერების ელექტრონულ პორტალზე არსებული მონაცემების (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების მიერ მიწოდებულია გაანგარიშების არასრულყოფილი ცხრილები, რომელთა მიხედვით შემოწმების აქტში (და აქტის ამონაკრებში) მითითებული მონაცემების მიღება შეუძლებელია.
კომპანიის ვარაუდით (აქტის ამონაკრებისა და მიწოდებული არასრულყოფილი ცხრილების ანალიზის შედეგად), შემოწმების მიერ კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გაზრდილია იმ საანგარიშო პერიოდებში, რომლებშიც შემოწმების შედეგები დეკლარირებულზე მეტია, ხოლო იმ თვეებში, როცა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები აჭარბებდა შემოწმებით მიღებულს, ბრუნვები შემცირებული არ არის და შემოწმების შედეგებად აღებულია არასწორად დეკლარირებული ბრუნვები
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კომპანიის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს საჩივარში დასმული საკითხები და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს საჩივარში დასმული საკითხები და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რადგან აქტის ამონაკრებისა და მიწოდებული არასრულყოფილი ცხრილების ანალიზის შედეგად ვარაუდობს, რომ შემოწმების მიერ კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გაზრდილია იმ საანგარიშო პერიოდებში, რომლებშიც შემოწმების შედეგები დეკლარირებულზე მეტია, ხოლო იმ თვეებში, როცა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები აჭარბებდა შემოწმებით მიღებულს, ბრუნვები შემცირებული არ არის და შემოწმების შედეგებად აღებულია არასწორად დეკლარირებული ბრუნვები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გადამხდელის არგუმენტზე განმარტა, რომ შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ თვეებში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა მოიცავდა თანხებს, რაზეც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები არ არსებობდა, ასევე არ თანამშრომლობდა გადამხდელიც, რომ მოეხდინა აღნიშნულის იდენტიფიცირება, შემოწმების შედეგად ასეთი თანხა შემცირებას არ დაექვემდებარა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები ამ ნაწილში განსაზღვრულია მართებულად, მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.