გადაწყვეტილება №21541/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21541/2/2023
13 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ----------ე (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------ის 8.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21541/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №007-266 საგადასახადო მოთხოვნა;
2. მომსახურების დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №011-302 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2023 წლის №011-302/1 ბრძანება;
4. მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2023 წლის №000-358 საგადასახადო მოთხოვნა;
5. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28978 ბრძანება;
6. შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29691 ბრძანება.
აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 №007-266 საგადასახადო მოთხოვნა
დარიცხული თანხა: 58 080,31 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 39 620
ჯარიმა - 11 067
საურავი - 7 393.31
მომსახურების დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №011-302 სამართალდარღვევის ოქმი
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 2574,6 ლარი.
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია, მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლის 1.06.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 17.11.2021 წლიდან. შესაბამისად, მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა 7.11.2021- 10.10.2023 წ.წ. პერიოდში.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №011- 302 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1754.2 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ 27.10.2023 წელს საგადასახადო ორგანოს წარედგინა 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რის საფუძველზეც მომსახურების დეპარტამენტის მიერ 30.10.2023 წელს გამოიცა №011-302/1 ბრძანება და პირს 18.10.2023 წელს შედგენილ №011-302 სამართალდარღვევისთვის ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევისთვის დამატებით დაეკისრა ჯარიმა 820,4 ლარი. შესაბამისად ჯარიმამ ნაცვლად 1754,2 ლარისა შეადგინა 2574,6 ლარი. აღნიშნულზე 30.10.2023 წელს გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის №000-358 საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის აქტის საფუძველზე, 6.10.2023 წელს გამოიცა №24726 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №007-266 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც პირს დაერიცხა 58 080,31 ლარი. აქედან დღგ 39 620 ლარი, ჯარიმა 11 067 ლარი, საურავი 7 393,31 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №007-266 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29691 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოს ასევე წარედგინა 2021 წლის ნოემბრის და დეკემბრის, 2022 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლის დღგ-ის დეკლარაციები, რომელთაც აუდიტის სამმართველოს მიერ მიენიჭა სტატუსი ,,არ ექვემდებარება გადაგზავნას,“ რაც შეეხება 2023 წლის ივნისის და აგვისტოს თვის დღგ-ს დაზუსტებულ დეკლარაციებს, გადაანგარიშება (შემცირება) არ განხორციელდა, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა შემოსავლების სამსახურის 11.07.2021 წლის სხდომის №4 ოქმსა (№62447-21-15 11/06/2021) და შემოსავლების სამსახურის 13.07.2021 წლის სხდომის №6 ოქმში (977249-21 14/07/2021) აღნიშნულ პირობებს.
მომსახურების დეპარტამენტის 18.10.2023 წლის N011-302 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 30.10.2023 წლის №011-302/1 ბრძანება და 30.10.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №000-358 გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28978 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29691 და 27.11.2023 წლის №28978 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის N 29691 ბრძანება:
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28978 ბრძანება:
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ადმინისტრაციულ აქტებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციულ აქტები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მცირე მეწარმემ (ავეჯის მწარმოებელმა) არ იცოდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამო:
მცირე მეწარმეს ამ შემთხვევაში არ გააჩნდა სათანადო კვალიფიკაცია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნის და არც ისეთი სამართლებრივი პირობა არსებობს, რომლის მოთხოვნითაც, მცირე მეწარმე ვალდებულია გამონახოს დრო, ფინანსური სახსრები და იმავდროულად გააჩნდეს შესაბამისი ინტელექტუალური შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს საგადასახადო კანონმდებლობის სათანადო ცოდნა, ანუ თუ მეწარმეს არ გააჩნია სავალდებულო მოტივაცია მან არ შეიძლება დახარჯოს დრო ფული და გამოიყენოს არარსებული საგანმანათლებლო ინტელექტუალური თუ კოგნიტური შესაძლებლობები.
იმისთვის რომ მცირე მეწარმემ გონივრული მიდგომებიდან გამომდინარე, მიიღოს სათანადო ცოდნა მისი საქმიანობის ფარგლებში საგადასახადო მიზნებთან დაკავშირებით, საჭიროა მსგავს საკითხებზე გაიაროს საგადასახადო კონსულტაციები როგორც შემოსავლების სამსახურის სპეციალისტებთან ისე დამოუკიდებელ ფინანსისტებთან, სადაც არსებითი და გადამწყვეტი პასუხი, უპირატესობის თვალსაზრისით, მისაღები და საკმარისი იქნებოდა შემოსავლების სამსახურიდან გაწეული კონსულტაციით. რაც, კანონმორჩილების გონივრული მოტივაციის შესაბამისად, მცირე მეწარმის მხრიდან, განხორციელდა მცირე მეწარმედ რეგისტრაციის პერიოდში (2019 წლის 19 მაისს). კერძოდ, მცირე მეწარმემ, შემოსავლების სამსახურიდან გადასახადებთან (მათ შორის დღგ-სთან) დაკავშირებული ზეპირი ახსნა-განმარტებით მიღებული კონსულტაციებით გამოიტანა ისეთი დასკვნა, რომლის მიხედვითაც 500 000 ლარამდე შემოსავლების იბეგრება 1 პროცენტით და არ ექვემდებარება სხვა დამატებით გადასახადს ან/და დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას. აქ საგულისხმოა შემდეგი გარემოება: იმისთვის, რომ პირმა მიიღოს და სწორად აღიქვას შემოსავლების სამსახურის მხრიდან გაწეული კონსულტაცია, საჭიროა შესაბამისი ფინანსური, სამართლებრივი ცოდნა და კვალიფიკაცია, რაც იძლევა როგორც კითხვის სწორად დასმის, ასევე პასუხის სწორად აღქმის საშუალებას.
ანუ შემოსავლების მხრიდან გაწეული კონსულტაცია არ შეიძლება, რომ მიჩნეული ყოფილიყო (თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში) დღგ-სთან დაკავშირებული ცოდნის სრულყოფასთან.
მას შემდეგ რაც კეთილსინდისიერ გადამხდელს, მის მიერვე, RS.GE პორტალზე, სწორად ატვირთულ რეალიზაციასთან დაკავშირებული ზედნადების საფუძველზე, წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურისგან 20 საანგარიშო თვის განმავლობაში მცირე მეწარმემ არ იცოდა და შესაბამისად არ შეიძლებოდა სცოდნოდა მის მიერ წარმოდგენილი მიდგომებით გამოწვეული, როგორც სამართალდარღვევის ფაქტის დადგომის, აგრეთვე სანქცირებითი და ფინანსური რისკების შესახებ.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მიუთითებს რომ, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი სრულად იქნეს განვრცობილი მოცემულ შემთხვევაზე და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს სრულად შეუმცირდეს ჯარიმა და საურავები. გადამხდელი უარს არ ამბობს გადასახადის გადახდაზე რომლის სწორი დეკლარირებაც უკვე განხორციელებულია.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ფაქტს. შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ გაწეული იყო დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია და წარდგენილი იყო დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც გადასახადით დასაბეგრი თანხის ოდენობა იყო ნულის ტოლი.
გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია, მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლის 1.06.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 17.11.2021 წლიდან. შესაბამისად, მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა 7.11.2021- 10.10.2023 წ.წ. პერიოდში.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №011- 302 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1754.2 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ 27.10.2023 წელს საგადასახადო ორგანოს წარედგინა 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რის საფუძველზეც მომსახურების დეპარტამენტის მიერ 30.10.2023 წელს გამოიცა №011-302/1 ბრძანება და პირს 18.10.2023 წელს შედგენილ №011-302 სამართალდარღვევისთვის ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევისთვის დამატებით დაეკისრა ჯარიმა.აღნიშნულზე 30.10.2023 წელს გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის №000-358 საგადასახადო მოთხოვნა.მომსახურების დეპარტამენტის 18.10.2023 წლის N011-302 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 30.10.2023 წლის №011-302/1 ბრძანება და 30.10.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №000-358 გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28978 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის აქტის საფუძველზე, 6.10.2023 წელს გამოიცა №24726 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №007-266 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც პირს დაერიცხა 58 080,31 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №29691 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29691 და 27.11.2023 წლის №28978 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);