გადაწყვეტილება №24982/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24982/2/2025
19 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------ (პას. №----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 27.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-----/2/202025).
დავის საგანი:
ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (საწვავი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.10.2024 წლის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26945 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
28.10.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი -----ის გავლით -----ის მხრიდან განხორციელდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ტრანზიტულად მოძრავი, საქონლით დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (-------- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით --------) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლა, რა დროსაც დადგინდა, რომ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას სამაცივრე ავზში განთავსებული ჰქონდა 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, საიდანაც 200 ლიტრი ჩაითვალა არადეკლარირებულად.
გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 28.10.2024 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2024 წლის №26945 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მომჩივანს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26945 ბძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6, მე-7 პუნქტებზე, „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
დადგენილია, რომ მომჩივანი საბაჟო გამშვები პუნქტი -------ის კონტროლის ზონაში ---------ის მხრიდან 28.10.2024 წელს შემოვიდა ტრანზიტულად მოძრავი, საქონლით დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით (------ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით --------), რომლის სამაცივრე ავზში განთავსებული იყო 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, საიდანაც 200 ლიტრი საწვავი ჩაითვალა არადეკლარირებულად.
იმ შემთხვევაში, თუ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ სტანდარტულად დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, ასეთ ავზში მოთავსებული საწვავი არ განიხილება დეკლარირებულ საქონლად და ასეთი ავზით საწვავის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ დამატებითი, კუსტარული წესით დამონტაჟებული ავზები სატრანსპორტო საშუალებაზე არ აქვს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო მომჩივნის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოში შესვლისთანავე მებაჟე ოფიცერს განუცხადა, რომ მოძრაობდა ტრანზიტულად და საწვავის ოდენობა მისთვის საჭიროა ტრანზიტული რეისების შესასრულებლად. დამატებითი, კუსტარული წესით დამონტაჟებული ავზები სატრანსპორტო საშუალებაზე და მისაბმელზე არ აქვს. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის განზრახვა არ ჰქონია და დაკისრებული ჯარიმა დაუსაბუთებელია. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ჩაითვალა სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელ-რეფრიჟერატორის ავზები ცისტერნად. არ მიეცა შესაძლებლობა, რომ წერილობით განემარტა (დეკლარირება მოეხდინა) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საწვავის ოდენობა, მან ამის გაკეთება შეძლო მხოლოდ ზეპირსიტყვიერად. ახდენდა მალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტირებას და იმისათვის, რომ გაეგრძელებინა მოძრაობა, ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაიხადა. სახელმწიფოსთვის ზიანი არ მიუყენებია და მისთვის გაუგებარია, თუ რა ფორმით უნდა განეხორციელებინა საწვავის დეკლარირება და რომელი საწვავის ავზზე მიუთითებდა მებაჟე ოფიცერი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების მიხედვით: 5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
მომჩივნის განმარტებით, მებაჟე-ოფიცერს განუცხადა, რომ მოძრაობდა ტრანზიტულად და საწვავის ოდენობა მისთვის საჭიროა ტრანზიტული რეისების შესასრულებლად. დამატებითი, კუსტარული წესით დამონტაჟებული ავზები სატრანსპორტო საშუალებაზე და მისაბმელზე არ აქვს. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის განზრახვა არ ჰქონია და დაკისრებული ჯარიმა დაუსაბუთებელია. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ჩაითვალა სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელ-რეფრიჟერატორის ავზები ცისტერნად. არ მიეცა შესაძლებლობა, რომ წერილობით განემარტა (დეკლარირება მოეხდინა) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საწვავის ოდენობა, მან ამის გაკეთება შეძლო მხოლოდ ზეპირსიტყვიერად. ახდენდა მალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტირებას და იმისათვის, რომ გაეგრძელებინა მოძრაობა, ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაიხადა. სახელმწიფოსთვის ზიანი არ მიუყენებია და მისთვის გაუგებარია, თუ რა ფორმით უნდა განეხორციელებინა საწვავის დეკლარირება და რომელი საწვავის ავზზე მიუთითებდა მებაჟე ოფიცერი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 2.04.2025 წლის №-----21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას სამაცივრე ავზში განთავსებული ჰქონდა 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, საიდანაც 200 ლიტრი ჩაითვალა არადეკლარირებულად.
შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26945 ბრძანებით, მომჩივანს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, საბაჟო დეპარტამენტის წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები, აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა „დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ტრანზიტულად მოძრავ, საქონლით დატვირთულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას (----- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით -------) სამაცივრე ავზში განთავსებული ჰქონდა 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, საიდანაც 200 ლიტრი ჩაითვალა არადეკლარირებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (საწვავი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მომჩივანის მხრიდან განხორციელდა მის მართვის ქვეშ მყოფი ტრანზიტულად მოძრავი, საქონლით დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლა, რა დროსაც დადგინდა, რომ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას სამაცივრე ავზში განთავსებული ჰქონდა 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, საიდანაც 200 ლიტრი ჩაითვალა არადეკლარირებულად.
გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №26945 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.მომჩივანს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები,ხოლო საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
შემოსავლების სამსახურის №26945 ბძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 168(4);