გადაწყვეტილება №20259/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20259/2/2023
17 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 13.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20259/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ნაწილში გამოვლენილი სხვაობა;
2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №052-26 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14470 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 581 205 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 336 027
დღგ - 74 950
საშემოსავლო გადასახადი - 261 077
ჯარიმა - 169 368
საურავი - 75 810
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა შენობების დაშლა/აღება, კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის მომსახურების გაწევა (ძირითადად სამშენებლო ნარჩენების გადაზიდვა), მშენებარე ობიექტებისთვის ფუნდამენტის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა (საძირკველის ამოღება).
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №052-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14470 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ნაწილში გამოვლენილი სხვაობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში საწარმოს შესახებ არსებული მონაცემების, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ხელშეკრულებები) ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდზე დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მოგებულ ტენდერებზე არ ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გამოწერა, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ჩარიცხულია მომსახურების თანხები, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით სხვადასხვა იურიდიული პირებისგან მიღებულია გაწეული მომსახურების თანხები, რომლებზეც ანალოგიურად არ ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დოკუმენტის გამოწერა). საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმებით დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული ინფორმაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მოგებულ ტენდერებზე არ ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშფაქტურების სრულად გამოწერა, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ჩარიცხულია მომსახურების თანხები, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით სხვადასხვა იურიდიული პირებისგან მიღებულია გაწეული მომსახურების თანხები, რომლებზეც ასევე არ ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დოკუმენტის გამოწერა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშების ნაწილში გამოყენებულ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს ჰქონდა დადასტურებული ან დასადასტურებელი სტატუსი და აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე(სხვა მონაცემებთან ერთობლიობაში) განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები. რიგ შემთხვევებში, გარკვეულ ტენდერებზე მომსახურების გაწევის ფარგლებში გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული თანხების ჯამური მონაცემი აღემატებოდა სატენდერო ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხებს. ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ჰქონდათ აქტიური სტატუსი (არ იყო გაუქმებული) და ასევე არ ხდებოდა სრულყოფილად ინფორმაციის მოწოდება, ჩაითვალა რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული საკომპენსაციო ღირებულების ფარგლებში განხორციელდა მომსახურების გაწევა და თანხაც სრულად იქნა მიღებული.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების ეტაპზე სრულად არ იქნა შესწავლილი კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებებსა და მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების პროცესში საწარმოს ემსახურებოდა ბუღალტერი, რომელიც სრულად არ იყო ჩართული და სრულყოფილად არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. კერძოდ, მის მიერ შემოწმებისთვის არ ყოფილა წარდგენილი სათანადო დოკუმენტაცია, რის გამოც საწარმოს დაეკისრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. კომპანიის დირექტორი შემოწმებაში ჩაერთო შემოწმების დასრულებისას და შესაძლებლად მოკლე ვადაში წარადგინა ახსნა-განმარტებები და დოკუმენტაცია.
საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელ პერიოდზე დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის, კერძოდ, ზოგ შემთხვევაში სრულად არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ტენდერის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით. დარიცხვასთან დაკავშირებით სრულად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კომპანიისთვის გაუგებარია კონკრეტულად რომელ ტენდერებზეა საუბარი, აგრეთვე რომელი იურიდიული პირებისგან განხორციელებულ ჩარიცხვებზეა მითითება. შესაბამისად, აღნიშნულთან მიმართებით გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს დამატებით კონკრეტიზაციას და აუდიტორთან ერთად საკითხის დეტალურად შესწავლას. ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და თანხების მოძრაობის გაშიფვრები ექსელის ცხრილის სახით, აგრეთვე საბანკო ჩარიცხვებთან დაკავშირებული გაშიფვრები. თანდართული დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილია აგრეთვე ექსელის ცხრილების სახით იურიდიულ პირებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და ჩარიცხვებთან დაკავშირებული ინფორმაციები.
დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან მიმართებით კომპანიის მიერ ზოგიერთ შემთხევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი იყო არასწორად. კერძოდ, იყო შემთხვევები, როცა ბუღალტრის მიერ უკვე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიუხედავად ხელახლა ხდებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერა შეცდომით. შესაბამისად, ასეთი შემთხვევების გამო გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და წარმოშობილია იმაზე მეტი საგადასახადო ვალდებულებები, ვიდრე ეკუთვნის კომპანიას. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს ექსელის ცხრილები, რომლებიც ასახავს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას.
მაგალითად: შპს ----------- გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა -------------, ხოლო მცირე პერიოდის შემდეგ გამოწერილია ------------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ზუსტად იმავე თანხაზე, რაც განხორციელებულია არასწორად. შესაბამისად, აღნიშნულ მომსახურებაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაორებით გაზრდილია დასაბეგრი ბრუნვა, რაც ფაქტობრივად არასწორია და უნდა დაექვემდებაროს შემცირებას. აგრეთვე, მსგავსი შემთხვევაა შპს „-------------“-ს სახელზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან მიმართებით. კომპანიებს შორის რამდენჯერმე შეიცვალ მომსახურების გაწევისთვის განსაზღვრული თანხა, რასთან მიმართებითაც უნდა დაკორექტირებულიყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. თუმცა, ბუღალტრის მიერ არასწორად განხორციელდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ხელახლა გამოწერა (---------) და რეალურად დასაბეგრ ბრუნვაში დარჩა, როგორც თავდაპირველი, ისე შემდგომში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც ასევე, უსაფუძვლოდ გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა. ასვე, არასწორად არის გამოწერილი ისნის რაიონის გამგეობისთვის შესრულებულ სამუშაოებზე საგადასახადო ანგარიშფაქტურები. კერძოდ, ამ შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებული იყო კონკრეტულ თანხაზე, თუმცა ამ ოდენობის სამუშაოები ვერ შესრულდა და თანხაც ჩაირიცხა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ნაკლები ოდენობით. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა რეალურად მიღებულ თანხაზე (------------). ერთი წლის შემდეგ ბუღალტრის მიერ გადახედილ იქნა აღნიშნული ოპერაცია, რომელმაც ჩათვალა რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი იყო ნაკლებ თანხაზე და არ ნახა მიღება-ჩაბარების აქტები, ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიხედვით ხელმეორედ გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (----------), რაც ცალსახად წარმოადგენს შეცდომას და ამ შემთხვევაშიც გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამგვარი შემთხვევების გათვალისწინებით, ითხოვს აღნიშნული გათვალისწინებულ იქნას დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშებისას და მიეცეს საშუალება შემოწმებასთან ერთად გაიაროს მსგავსი ხარვეზები, რომლებიც არასწორად ზრდის გადასახადის გადამხდელის დასაბეგრ ბრუნვას.
ზემოაღნიშნულთან ერთად გაუგებარია საიდან არის დადგენილი დამატებით დასაბეგრი ბრუნვა. მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად არის გამოწერილი ერთ ოპერაციაზე რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც შეიძლება ზრდიდეს დასაბეგრ ბრუნვას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევებში გარკვეულ ტენდერებზე მომსახურების გაწევის ფარგლებში გამოწერილ ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული თანხების ჯამური მონაცემი აღემატებოდა სატენდერო ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხების ჯამს. თუმცა, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ჰქონდათ აქტიურის სტატუსი (არ იყო გაუქმებული) ჩაითვალა, რომ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული საკომპენსაციო ღირებულების ფარგლებში განხორციელდა მომსახურების გაწევა და თანხაც სრულად იქნა მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ მისთვის არ არის იდენტიფიცირებული მოცემული შემთხვევები, ასევე, ბუღალტრის მიერ გარკვეულ შემთხვევებში დაშვებული იყო შეცდომები. ამასთან, ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურებთან გაურკვეველია გაანგარიშებები. კერძოდ, არ დგინდება განაშთულია თუ არა ყველა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და დასაბეგრ ბრუნვაში ავანსებთან ერთად ხომ არ არის ჩართული დამატებით მომსახურების სრული თანხა.
ამ ეტაპზე, მის მიერ აუდიტორის მიერ შედგენილი გაანგარიშებების შესწავლით გამოვლენილია რიგი სხვაობები, როგორც საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის ნაწილში, ისე დღგ-ის ბრუნვაში. კერძოდ, საბანკო ამონაწერებით ქალაქ ----------- მერიიდან შესამოწმებელ პერიოდში ნაკლები ანაზღაურებული ნაკლები თანხა, ვიდრე შესრულებაა და შესრულების მიხედვით არის ჩათვლილი მომსახურების ანაზღაურების თანხა ფულის მოძრაობაში, ასევე კომპანიის საბანკო ანგარიშებს შორის თანხის მოძრაობის ნაწილში ვერ ედრება შემოწმების გაანგარიშებას.
ცნობილია, რომ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა ხდება ღიად და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ჩარიცხული თანხებიც ცნობილია შემოწმებისთვის. ცხადია, რომ სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილ მომსახურებაზე მეტ მომსახურებას ვერ გაწევდა კომპანია და ვერც დამატებით თანხას მიიღებდა მომსახურების მიმღებისგან. ტენდერის საფუძველზე მისაღები თანხები მკაცრად არის განსაზღვრული შესაბამისი ხელშეკრულებებით და გათვალისწინებულია ფასის გრადაციაც. თუმცა, ფაქტობრივად, შეუძლებელია სახელმწიფოსგან სატენდერო მომსახურებისთვის იმაზე მეტი თანხა მიეღო კომპანიას ვიდრე საბანკო ჩარიცხვებით არის დაფიქსირებული. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში დასაბეგრი ბრუნვა არასწორად არის გაზრდილი, ამდენად, ითხოვს, მიეცეს საშუალება შემოწმებასთან ერთად გაიაროს აღნიშნული საკითხები.
2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა და გამარჯვება. ---------- მერიისა და ---------- რაიონული მუნიციპალიტეტებისათვის განხორციელებულია უკანონო ნაგებობების დემონტაჟის, ქ. --------- მასშტაბით გრუნტის და ნატანის გასუფთავება-გატანის სამუშაოები, დაზიანებული შენობანაგებობების ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდის, ავარიული ელემენტების აღდგენის სამუშაოები.
გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ არის მოწოდებული ფულადი სახსრების მოძრაობის გაშიფვრა. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის გათვალისწინებით, შეუძლებელია სამეურნეო ოპერაციებზე კონტროლი. არსებული პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, მოხდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლის გაანგარიშება. არსებული ფულადი სახსრების საბოლოო ნაშთის დასადგენად, მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად გაწეული ხარჯები (ჩაითვალა რომ რეალიზებული პროდუქციიდან/გაწეული მომსახურებიდან თანხა სრულად არის ანაზღაურებული და მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანებაც სრულადაა დაფარული). შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების საწყისი/საბოლოო ნაშთები, გათვალისწინებულია საწარმოს მიერ წარმოდგენილი სალაროში არსებული ფულადი სახსრების საწყისი/საბოლოო ნაშთების მონაცემები. განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე შესაბამისი განმარტების წარუდგენლობის გამო აღნიშნული თანხა (გაანგარიშებით მიღებული ფულადი სახსრების ნაშთი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ჰქონდა წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაშიფვრა. არსებული პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მოხდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლის გაანგარიშება. არსებული ფულადი სახსრების საბოლოო ნაშთის დასადგენად მიღებული შემოსავლისთვის გამოკლებულ იქნა დოკუმენტურად გაწეული ხარჯები (ჩაითვალა რომ რეალიზებული პროდუქციიდან/გაწეული მომსახურებიდან თანხა სრულად არის ანაზღაურებული და მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანებაც სრულადაა დაფარული). ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო წარმოდგენილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების საწყისი/საბოლოო ნაშთები, გათვალისწინებულია საწარმოს მიერ წარმოდგენილი სალაროში არსებული ფულადი სახსრების საწყისი/საბოლოო ნაშთების მონაცემები. განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე შესაბამისი განმარტების წარუდგენლობის გამო გაანგარიშებით მიღებული ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების ეტაპზე სრულად არ იქნა შესწავლილი კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებებსა და მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების პროცესში საწარმოს ემსახურებოდა ბუღალტერი, რომელიც სრულად არ იყო ჩართული და სრულყოფილად არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. კერძოდ, მის მიერ შემოწმებისთვის არ ყოფილა წარდგენილი სათანადო დოკუმენტაცია, რის გამოც საწარმოს დაეკისრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმების გაანგარიშებების შესწავლისას გამოვლინდა გარკვეული აცდენები რეალურ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ გარემოებებს შორის. შემოწმებით არასწორად არის დათვლილი საწარმოში შემოსავალი და გაწეული ხარჯები. კერძოდ, ისეთი ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ფაქტობრივად გასაუქმებელია და გამოწერილია არასწორად, ჩართულია დასაბეგრ ბრუნვაში, ასევე მისაღები თანხები ჩათვლილია მიღებულად. შესაბამისად, ამგვარი თანხები მონაწილეობს საწარმოს განკარგვადი თანხების გაანგარიშებაში, რაც რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნული შემოსავლები, ფაქტობრივად, არ არის მიღებული. ისეთ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება სატენდერო მომსახურებებს შეუძლებელია დამატებითი თანხები იქნა მიღებული კომპანიის მიერ, ვინაიდან ყველა ტენდერის მიხედვით ჩარიცხვები ცხადი ინფორმაცია და შეუძლებელია სახელმწიფოს მიერ დამატებით სხვა გზით იყოს კომპანიისთვის თანხები გადახდილი. შესაბამისად, ამგვარი შემოსავლები ამოღებულ უნდა იქნას დასაბეგრი ბაზიდან.
კომპანიის მიერ აუდიტორის მიერ შედგენილი გაანგარიშებების შესწავლით გამოვლენილია რიგი სხვაობები, საბანკო ანგარიშებზე თანხის მოძრაობის ნაწილშიც. შესაბამისად, ითხოვს, შემოწმებასთან ერთად მოხდეს აღნიშნული გაანგარიშებების გავლა. საწარმოს გააჩნია ორი საბანკო ანგარიში, რომლებიდანაც ხდებოდა თანხების ერთიმეორეზე გადატანა. ასევე, აღნიშნული ზოგ შემთხვევაში ხორციელდებოდა ფიზიკურ პირთა მიერ ანგარიშიდან ხელზე თანხის გამოტანით და შემდგომში მეორე საბანკო ანგარიშზე შეტანით. რა დროსაც, შესაძლებელია აღნიშნული შენატანი ჩათვლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლად, რაც არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და თანხების მოძრაობის გაშიფვრები ექსელის ცხრილის სახით, აგრეთვე საბანკო ჩარიცხვებთან დაკავშირებული გაშიფვრები.
გაანგარიშებების შედარების გათვალისწინებით, კომპანიას არ აქვს იმ ოდენობის შემოსავალი, რაც შემოწმების მიერ იქნა გათვალისწინებული თანხების გაანგარიშებისას. შესაბამისად, ითხოვს, შემოწმებასთან ერთად აღნიშნული საკითხის გავლას, რათა იდენტიფიცირებული იქნას ის დამატებითი შემოსავლები, რომლებიც არასწორად იქნა ჩართული განკარგვადი თანხის დათვლისას. ვარაუდობს, რომ აღნიშნული დამატებითი შემოსავლები გარკვეულ შემთხვევებში გამოწვეულია იმ გარემოებიდანაც, რომ არასწორად გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებთან მიმართებით შემოწმების მიერ თანხები ჩათვლილია მიღებულად, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ვერ განხორციელდებოდა დამატებითი თანხების განსხვავებული გზით მოწოდება, ვიდრე ტენდერის ფარგლებში თანხების ჩარიცხვისთვის არის გათვალისწინებული. ასევე, წარმოდგენილი აქვს მიღებაჩაბარების აქტებს, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ გაწეულია მხოლოდ კონკრეტული ოდენობის მომსახურებები.
ზემოაღნიშნულთან ერთად, მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ყველა მისაღები შემოსავალი ჩათვლილია მიღებულად, რაც ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას და უსაფუძვლოდ ზრდის განკარგვადი თანხების ოდენობას, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი აქვს გაფორმებული შედარების აქტები. მაგალითად, შპს „-----------“-თან გაფორმებული შედარების აქტით ჩანს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა მათ მიერ სრულად არ არის ჩარიცხული კომპანიისთვის. შესაბამისად, აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობით მისაღები შემოსავალი უსაფუძვლოდ არის ჩართული თანხების გაანგარიშებაში.
აგრეთვე, შპს „---------------“ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანხაც სრულად არ არის მიღებული შესამოწმებელ პერიოდში. კერძოდ, შპს „------------“ მიერ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადასახდელად დარჩენილი თანხა ჩარიცხულია 2022 წლის აპრილში (წარმოდგენილია საბანკო ამონაწერი), რასაც არ მოიცავს შესამოწმებელი პერიოდი, შესაბამისად, აღნიშნულმა თანხამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შესამოწმებელი პერიოდის თანხების გაანგარიშებისას.
ამასთან, შემოწმების შედეგების გამოყვანისას სრულად არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯები. კერძოდ, საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეულია ხარჯები, რომელთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები: 1.10.08.2021 წლის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილია სპეციალური მისაბმელი (-----------);
2.02.2019 წლის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილია ჰიდრავლიკური ჩაქუჩი (-----------);
16.09.2020 წლის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილია ჰიდრავლიკური ჩაქუჩი (---------).
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე შეძენილ აქტივებზე გადახდილი თანხები არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებში. შესაბამისად, არასწორად არის დაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი თანხები. ამასთან, შეძენილია სამშენებლო ტექნიკა, კერძოდ ექსკავატორი, რომელიც არ არის ასახული კომპანიის მიერ განხორციელებულ შეძენებში, შესაბამისად,აღნიშნულზე გადახდილი თანხა დაახლოვებით 70 000 ლარი არ არის გათვალისწინებული კომპანიიდან გასულ თანხებში.
როგორც წარმოდგენილი ცხრილებიდან იკვეთება კომპანიის გასულ თანხებში არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში გადახდილი აქციზის გადასახადი. საგადასახადო ავანსის ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით გაურკვეველია გაანგარიშებები. კერძოდ, არ დგინდება განაშთულია თუ არა ყველა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და შემოსავალში ავანსად მიღებულ თანხებთან ერთად ხომ არ არის ჩართული დამატებით სრული თანხა.
ამასთან, წარმოდგენილი აქვს შედარების აქტები კონკრეტულ იურიდიულ პირებთან, როლითაც დგინდება მათ მიერ კომპანიისთვის გადახდილი თანხების ოდენობები.
ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, ითხოვს, სადავო აქტები ხელახლა იქნას შესწავლილი კომპანიის მონაწილეობით, რათა დადგინდეს და დაზუსტდეს დასაბეგრი ბაზა. აგრეთვე, კომპანიის მონაწილეობით იქნას შესწავლილი წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გაანგარიშების ცხრილები, ხოლო საჭიროების შემთხევაში წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს გაანგარიშებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ასევე სადავოა გარკვეული საკითხები, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა საჩივრის მომჩივნის გარეშე განხილვა, რითაც წაერთვა შესაძლებლობა პირადად წარედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები.
ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარმოდგენილ/წარმოსადგენი მტკიცებულებების გათვალისწინებით მომჩივნის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლოს სადავო საკითხები. ამასთან, დადგენილი განკარგვადი თანხა განხილულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ვინაიდან კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას დადგენილ განკარგვად თანხას მიეცეს განსხვავებული კვალიფიკაცია, ითხოვს, დადგენილი თანხა ნაცვლად ხელფასის სახით განაცემისა განხილულ იქნას გაცემულ პროცენტიან სესხად (10% წლიური განაკვეთი).
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 169 368 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №021- 138 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 75 810,34 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის 2-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შემოწმებით გამოვლენილი დარღვევები არ არის განხორციელებული კომპანიის განზრახვით და არ ყოფილა მიზანმიმართული.
ითხოვს, საბჭომ იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით და როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი გათავისუფლებულ იქნას სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ პირველი და მეორე (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის) სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს პირველი და მეორე (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის) სადავო საკითხები, მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14470 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:
ა) განსაზღვრულ ვადაში მომჩივნის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს პირველი და მეორე (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის) სადავო საკითხები, მომჩივნის მონაწილეობით;
ბ) სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ნაწილში გამოვლენილი სხვაობა;
2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების შედეგად, გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდზე დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მოგებულ ტენდერებზე არ ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გამოწერა, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ჩარიცხულია მომსახურების თანხები, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით სხვადასხვა იურიდიული პირებისგან მიღებულია გაწეული მომსახურების თანხები. შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ტენდერებში მონაწილეობა და გამარჯვება.გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების საწყისი/საბოლოო ნაშთები, გათვალისწინებულია საწარმოს მიერ წარმოდგენილი სალაროში არსებული ფულადი სახსრების საწყისი/საბოლოო ნაშთების მონაცემები.აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(5,9);161(1);159(1);101(1);154(1);269(7);