ბრძანება N 2188
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2188
08.02.2023
"----------" (პ/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა "----------" (პ/ნ ----------) №235059/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით დარიცხულ გადასახდელებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ამანათის გამოწერამდე ჰაონდა კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიებთან და გაარკვია, რომ ფიზიკური პირის მიერ გამოწერილ საკვებ დანამატზე ივსება ნულოვანი დეკლარაცია. ამის შემდეგ გამოიწერა საკვები დანამატი, მაგრამ ამანათის გატანის შემდეგ აღმოაჩინა, რომ უნდა გადაიხადოს იმპორტის გადასახადი 71 ლარი და დღგ 119.47 ლარი. მომჩივანი მიუთითებს, რომ გამოწერილი მედიკამენტები არის განკუთვნილი შშმ და აგრეთვე სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის, რომელსაც ამ საკვები დანამატის გარდა ჭირდება უამრავი დამატებითი მედიკამენტი და თუ ეცოდინებოდა, რომ თანხის გადახდა მოუწევდა, ცალკ-ცალკე გამოიწერდა.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით დარიცხული გადასახდელებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს საფოსტო გადამზიდავ შპს "----------" შემოიტანა ფიზიკური პირი "----------" (პ/ნ ----------) სახელზე დამისამართებული №---------- საფოსტო გზავნილი, რომელიც ინვოისში მითითებული საქონლის (საკვები დანამატი) ღირებულების (563.28 ლარი) შესაბამისად ატვირთულ იქნა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
ვინაიდან "----------" კუთვნილი საქონლის (საკვები დანამატი) ღირებულება აღემატებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას (500 ლარს), შეივსო №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც განესაზღვრა იმპორტის გადასახადი 71.12 ლარი და დღგ 119.47 ლარი, ჯამში 190.59 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06 − 12, 15 − 21 ჯგუფებისა და 0302 − 0307, 2201 − 2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლით, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
დადგენილია, რომ მომჩივნის სახელზე დამისამართებული საფოსტო გზავნილში მოთავსებული საქონლის (საკვები დანამატი) ღირებულება ინვოისის მიხედვით აღემატებოდა 500 ლარს (563.28 ლარი), ხოლო სატრაიფო ღიორებულება კი იყო 592,7 ლარი, დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც დეკლარანტს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი ჯამში 190.59 ლარის ოდენობით (იმპორტის გადასახადი 71 ლარი და დღგ 119.47 ლარი).
ამდენად, სახეზე არ არის მომჩივნის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის საფუძველი. შესაბამისად, №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.