გადაწყვეტილება №18805/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 18805/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18805/2/2023

16.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 7.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18805/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №EL189329 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33799 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 7 359 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის მიერ 21.03.2020 წლის №---------- და № ---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა ალკოჰოლური სასმელები და განთავსდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში (----------).

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 5.11.2021 წლის №34808 ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა განახორციელა მითითებული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საბაჟო კოდექსითა და საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევითი შემოწმება.

აღნიშნული კონტროლის დროს, შერჩევით დათვალიერდა სხვადასხვა კომპანიის მიერ საწყობის საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონელი და დადგინდა, რომ შპს „----------“-ის საბაჟო საწყობის (----------) მიერ წარდგენილი ზოგიერთი საქონლის ფაქტიური რაოდენობა არ ემთხვევა საბაჟო საწყობის დეკლარაციებით შეტანილი და სხვა საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის საფუძველზე გატანილი საქონლის ოდენობებს.

საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 9.02.2022 წლის № ---------- წერილით გეზ „----------“ ეცნობა შპს „----------“-ის საბაჟო საწყობის შემოწმებისას გამოვლენილი, მომჩივნის 21.03.2020 წლის №---------- და № ---------- საბაჟო დეკლარაციებით დასაწყობებული და შემდგომ გატანილი საქონლის რაოდენობებს შორის სხვაობის, კერძოდ, ზედმეტი (არადეკლარირებული) 600 ბოთლი არაყისა და 6 ბოთლი ვისკის შესახებ.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7 359 ლარი (№---------- ექსპერტიზის დასკვნა).

გამოვლენილ ფაქტზე, 2.11.2022 წელს შედგა №EL189329 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 359 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.12.2022 წლის №33799 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საბაჟო საწყობის შემოწმებისას გამოვლინდა მომჩივნის 2020 წლის 21 მარტის №---------- და №---------- საბაჟო დეკლარაციებით დასაწყობებული და შემდგომ გატანილი საქონლის რაოდენობებს შორის სხვაობა - არადეკლარირებული 600 ბოთლი არაყი და 6 ბოთლი ვისკი. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობის სახეა ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა, საქონელი შემოაქვს სლოვაკეთიდან. აღნიშნული საქონელი შემოტანის შემდეგ განბაჟებამდე საწყობდება შპს „----------“-ის საბაჟო საწყობში, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულებაა გაფორმებული. ამ საბაჟო საწყობიდან ხდებოდა ტვირთის გასხვისება შპს „----------“ - ზე, რომელიც შემდგომში ახდენდა აღნიშნული საქონლის განბაჟებას.

17.02.2020 წელს კომპანიამ ---------- ში კომპანია ---------- საგან შეიძინა სხვადასხვა ალკოჰოლური დასახელების საქონელი, მათ შორის არაყი ---------- სულ 1 980 ცალი. აღნიშნული საქონელი საქართველოში შემოტანისას დასაწყობდა შპს „----------“-ის საბაჟო საწყობში, რომელიც ეტაპობრივად სხვისდებოდა შპს „----------“ - ზე და იმპორტდებოდა. ასეთი წესით სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად გასხვისებული და გაიმპორტებული იყო 420 ცალი არაყი ---------- და დარჩენილი იყო სულ 1 560 ცალი.

7.07.2021 წელს შპს „----------“ აღნიშნული წესით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელი, მათ შორის არაყი ---------- სულ 600 ცალი გაასხვისა შპს „----------“-ზე. რის შედეგადაც 9.07.2021 წელს გასხვისებიდან ორი დღის შემდეგ აღნიშნული საქონელი, არაყი ---------- სრულად გააიმპორტა შპს „----------“-ზე და გადაიხადა აქციზის გადასახადი და დღგ 22.07.2021 წელს, ხოლო ტვირთი გაიტანა ნაწილობრივ, კერძოდ არაყი ---------- სულ 600 ცალი არ იქნება გატანილი.

23.11.2021 წელს საბაჟო ორგანომ შეამოწმა შპს „----------“-ის საბაჟო საწყობი, რა დროსაც აღმოაჩინა არაყი ---------- სულ 600 ცალი და 6 ცალი ვისკის ზედმეტობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი ესაუბრა საოპერაციო დირექტორს, რა დროსაც გაირკვა, რომ არაყი ---------- სულ 600 ცალი და 6 ცალი ვისკი იყო განბაჟებული და არ იყო გატანილი და ჩარჩენილი ჰქონდა შპს „----------“-ის საბაჟო საწყობში.

შესაბამისად უცნობია თუ საიდან დაასკვნა, საბაჟო დეპარტამენტმა, რომ აღნიშნული საქონელი იყო არადეკლარირებული და დააკისრა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა საჩივრით წარდგენილი მისი მოთხოვნები და 30.12.2022 წელს უცვლელად დატოვა გასაჩივრებული აქტი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.

ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვტილება, საბაჟო დეპარტამენტის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

მომჩივნის განმარტებით, 7.07.2021 წელს სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელი, მათ შორის არაყი ---------- სულ 600 ცალი გაასხვისა შპს „----------“-ზე, რომელმაც ტვირთი გაიტანა ნაწილობრივ, კერძოდ 600 ცალი არაყი არ იქნა გატანილი. საბაჟო ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ზედმეტი (არადეკლარირებული) 600 ბოთლი არაყის და 6 ბოთლი ვისკის შესახებ ირკვევა, რომ საქონელი არის განბაჟებული და არ არის გატანილი საბაჟო საწყობიდან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზნით, საჩივარში მითითებული გარემოებები/მომჩივნის არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, მათ შორის დასტურდება თუ არა 21.03.2020 წლის №---------- და №---------- საბაჟო დეკლარაციებით დასაწყობებული და შემდგომ გატანილი საქონლის რაოდენობებს შორის გამოვლენილი სხვაობის (პროდუქციის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. ამ მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33799 ბრძანება;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის დასტურდება თუ არა 21.03.2020 წლის № ---------- და № ---------- საბაჟო დეკლარაციებით დასაწყობებული და შემდგომ გატანილი საქონლის რაოდენობებს შორის გამოვლენილი სხვაობის (პროდუქციის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.