გადაწყვეტილება №20220/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.01.2024
№ დოკუმენტი 20220/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20220/2/2023

23 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 10.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20220/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №043-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14326 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 238 464 ლარი.

მათ შორის:

 

გადასახადი - 123 535

დღგ - 49 370

საშემოსავლო გადასახადი - 74 165

 

ჯარიმა - 59 025

საურავი - 55 904

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო/სარემონტო მასალებით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 7 521 577 ლარის ღირებულების სასაქონლო

მატერიალური მარაგები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით 2018 წლის 1 იანვრისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი შეადგენს 119 290 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი 2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით შეადგენს 583 636 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის დებიტორული დავალიანება შეადგენს 65 044 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანება შეადგენს 28 205 ლარს, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კრედიტორული დავალიანება არ უფიქსირდება, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანება შეადგენს 31 794 ლარს. საწარმოს არ გააჩნია სააღრიცხვო პროგრამა, გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობრივ/რაოდენობრივ აღრიცხვას, ვერ იშიფრება საცალოდ/უდოკუმენტოდ რეალიზებული საქონელი, ვერ ხორციელდება საწარმოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ნებისმიერი ეტაპის კონტროლი და შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით წარდგენილი საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ამავე საწარმოს დოკუმენტური ფასნამატები (წლების მიხედვით: 2018 წელს - 19%, 2019 წელს - 19%, 2020 წელს - 25% და 2021 წელს - 21%). შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. საწარმოს ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი 544 022 ლარის ოდენობით. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42066 ბრძანება და №043-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

ამასთან, მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ არსებული ფასნამატის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განესაზღვრა იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 30 მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 141 069 ლარით, მათ შორის გადასახადი 93 499 ლარით, ხოლო ჯარიმა 47 570 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 6.04.2023 წლის №7566 ბრძანება და №043-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14326 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, რაც შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე დაზუსტდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი, გადაანგარიშდა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებში განხორციელებული დარიცხვა და დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მითითებით სანქციის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, მის მიერ გაგზავნილი ფასნამატების ცხრილის საფუძველზე, გადასახადის შემცირება მოხდა ნაწილობრივ, როგორც გადაანგარიშების დასკვნაში კითხულობს განულდა 2018-2019 წლების დარიცხვა, ხოლო 2020-2021 წლებში დარიცხვა მცირედით შემცირდა. თუმცა აქვს რიგი არგუმენტები, რომლითაც აქვს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ გაანგარიშება აუდიტორის მიერ მოხდა რიგი შეცდომების დაშვებით და ზედაპირულად. კერძოდ:

როგორც დასკვნაში კითხულობს, 2019 წლის ფასნამატი დაემთხვა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ფასნამატს და შესაბამისად დარიცხვა განულდა, თუმცა თანდართული გაანგარიშების ცხრილით ირკვევა, რომ აუდიტორის მიერ 2019 წლის დარიცხვები არ განულებულა, რაც ყოვლად დაუშვებელია და ექვემდებარება კორექტირებას.

დასკვნაზე თანდართულია გაანგარიშების ცხრილები, მაგრამ რიგ შემთხვევებში დასკანერებული ცხრილები იმდენად უხარისხოა, რომ რიცხვებისა და თარიღების ამოკითხვა შეუძლებელია, შესაბამისად ითხოვს, რომ მისთვის გაანგარიშების ცხრილების წარდგენა მოხდეს წაკითხვად ფორმატში, რათა ასე მაინც შეძლოს გარკვევა იმისა, თუ როგორ მოახდინო შემმოწმებელმა დარიცხული გადასახადების კორექტირება, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით აუდიტორის მხრიდან მისთვის არანაირი ინფორმაციის წარდგენა არ მომხდარა.

მიუხედავად მისი დაუღალავი თხოვნისა შემმოწმებლის მიმართ და გადაწყვეტილებისა, რომ გაანგარიშების შედეგების გავლა მომხდარიყო მისი ჩართულობით, გაგვეგზავნა პირდაპირ გადაანგარიშების შედეგის ამსახველი დასკვნა. შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა არანაირი კომუნიკაცია მის მიერ გაგზავნილი ფასნამატების ცხრილის გავლის შემდეგ და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

ფასნამატების ცხრილის მიხედვით, რომელიც დადასტურებული იყო შესაბამისი დოკუმენტებით (ზედნადებების ნომრებით) დეკლარირებული ფასნამატი და ფაქტობრივი ფასნამატი ერთმანეთს ემთხვევოდა არა მხოლოდ 2018-2019 წლებში, როგორც ამას აქტში კითხულოს, არამედ 2020-2021 წლებში. შესაბამისად გაუგებარია თუ რა მიზეზით მოხდა წარდგენილი ფასნამატების ცხრილის მხოლოდ 2018- 2019 წლების ინფორმაციის გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მომზადებული ცხრილი იყო ძალიან მარტივად აღსაქმელი, დეტალური და დადასტურებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, ამასთან და არც სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შემმოწმებლის მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ მომხდარა, მიუხედავად მისი დაპირებისა.

აღნიშნული არგუმენტებიდან და სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად თვლის, რომ შემმოწმებლების გაანგარიშებები არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების შესახებ არასწორია და შესაბამისად, არასწორია ის დარიცხვაც, რაც განხორციელდა შესამოწმებელ 1.01.2018-1.07.2021 პერიოდის დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში, სანქციების თანხებთან ერთად.

შესაბამისად, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება, რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა და მის მიერ წარდგენილი ფასნამატების ცხრილის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა მისი ჩართულობით და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადებისა და სანქციის თანხები.

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

ამასთან, მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ არსებული ფასნამატის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განესაზღვრა იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანების აღსრულების შედეგად, 30.03.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა შესამოწმებელი პერიოდის შეძენა რეალიზაციის დაკავშირებული ცხრილები, წლების მიხედვით. წარდგენილი ცხრილების ანალიზის შედეგად 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდზე გადაანგარიშების მონაცემები დაემთხვა დეკლარირებულ მონაცემებს და აღნიშნულ პერიოდებზე დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე გადაანგარიშებით ფასნამატმა განიცადა მცირეოდენი კორექტირება (შემცირება). აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადების შემცირება. გადაანგარიშებით ნაწილობრივ დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) სალაროში არსებული ფულადი ნაშთი და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა. შედეგად დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 141 069 ლარით, მათ შორის გადასახადი 93 499 ლარით, ხოლო ჯარიმა 47 570 ლარით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქონელი, რომლის ფასნამატი 20%-ია ძალიან მცირეა საერთო რაოდენობაში, გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივანმა წარადგინა ფასნამატის ცხრილი, აღნიშნული ცხრილის შესწავლისას და გაშიფვრისას დადგინდა, რომ მომჩივანს ფასნამატის ცხრილი გამოყვანილი ჰქონდა იმ საქონლით, რომელსაც დაბალპროცენტიანი ფასნამატი აქვს (მაგ. ცემენტი), გამომდინარე აქედან, ვინაიდან არასრულყოფილი ცხრილი იყო, საკუთარი ძალებით გაანგარიშდა და დადგინდა ფასნამატი, რომელიც გამყარდა აუდირებული ფასნამატით, რომელიც იდენტურია დადგენილი ფასნამატის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდზე გადაანგარიშების მონაცემები დაემთხვა დეკლარირებულ მონაცემებს, შედეგად შემცირდა დარიცხული გადასახადები, ხოლო 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე გადაანგარიშებით ფასნამატმა განიცადა მცირეოდენი კორექტირება (შემცირება).

მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საქონლის ფასნამატის შესახებ ამომწურავი ცხრილი, რომელიც შესაბამისი დოკუმენტებით იყო გამყარებული, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, მაგრამ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების არსებითი შემცირება არ მომხდარა, კერძოდ, 2018-2019 წლებზე შემცირდა, ვინაიდან დაედარა დეკლარირებულ ფასნამატს, ხოლო 2020-2021 წლებზე არ შემცირდა, ვინაიდან დარჩა იგივე ფასნამატი. მომჩივანი არ ეთანხმება მოპასუხე ორგანოს წარმომდგენლის განმარტებას, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მის მიერ წარდგენილი იქნა ცხრილი, რომელშიც ძირითადად შეყვანილი იყო დაბალ ფასნამატიანი საქონელი (მაგ. ცემენტი), აღნიშნულის დასადასტურებლად გააზიარა ფასნამატის შესახებ ცხრილი და მიუთითა, რომ ცემენტის გარდა მითითებულია სხვა საქონელიც და მათ შორის ცემენტიც. ამასთან, განმარტა, რომ მთელი რიგი საქონლის იდენტიფიცირება მოახდინა, რომ ფასნამატის ცხრილი გაეკეთებინა და თუ რაიმე დამატებით იყო გასაკეთებელი ან შეცდომა იყო მისი მხრიდან, მზად იყო ეთანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და მიეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. მის მიერ წარდგენილი ფასნამატის ცხრილის გაშიფვრისას ჩანს, რომ მასში მოცემულია მაღალ ფასნამატიანი საქონელიც.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ საქონლის ფასნამატების შესახებ წარდგენილი ცხრილის (ინფორმაციის) მხოლოდ 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე მოხდა გათვალისწინება, ხოლო 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინება არ მომხდარა, რაც საგადასახადო ორგანოს მხრიდან საკმარისად არ არის დასაბუთებული და საჭიროებს დამატებით გარკვევას. ამ მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) შესწავლა, შესწავლისას საჭიროების შემთხვევაში, მომჩივნისაგან გამოითხოვოს, ხოლო თავის მხრივ მომჩივანმა უნდა წარადგინოს სათანადო ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, მომჩივანი მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს:

ა) 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) დამატებით შესწავლა, შესწავლისას საჭიროების შემთხვევაში მომჩივნისაგან გამოითხოვოს, ხოლო თავის მხრივ მომჩივანმა წარადგინოს სათანადო ინფორმაცია/მტკიცებულებები;

ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო/სარემონტო მასალებით. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 7 521 577 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური მარაგები(შემცირება).საწარმოს არ გააჩნია სააღრიცხვო პროგრამა, გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობრივ/რაოდენობრივ აღრიცხვას, ვერ იშიფრება საცალოდ/უდოკუმენტოდ რეალიზებული საქონელი, ვერ ხორციელდება საწარმოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ნებისმიერი ეტაპის კონტროლი და შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

საწარმოს ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთირომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);