ბრძანება N 16436
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16436
20 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 25 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „----“-ის (ს/ნ ----) 2026 წლის 25 ივნისის №103099/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივნისის №---- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ 2025 წლის თებერვალში ინვოისების საფუძველზე, კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა საავანსო თანხები 17 076 ლარი სს „----“ და 15 952 ლარი „----“. განმარტავს, რომ ვინაიდან თებერვლის დეკლარაცია უკვე წარდგენილი ჰქონდა, ხოლო ზემოაღნიშნული თანხები დაბეგრილი იყო როგორც ავანსები, გადამხდელმა აღარ გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები. მიუთითებს, რომ მარტის თვეში შესრულდა ერთი ინვოისი („----- ჰოსპიტალის“) და რადგან აღნიშნული ინვოისი სრულად იყო დაფარული თებერვლის თვეში, მარტის დეკლარაციაში აღარ ასახა, ხოლო მეორე ინვოისი (სს -----“) შესრულდა აპრილის თვეში, სადაც გათვალისწინებულ იქნა თებერვალში საავანსოდ მიღებული თანხის 70%, ხოლო დარჩენილი 30% (7 796 ლარი) დაიბეგრა და დადეკლარირდა დადგენილი წესით. განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოუწერლობის მიზეზი იყო დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. მიაჩნია, რომ კომპანიას არ დაურღვევია კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რადგან საავანსო თანხები დაბეგრა ზუსტად იმ თვეში, როდესაც მოხდა თანხების ჩარიცხვა. ასევე, სწორად დაბეგრა და დაადეკლარირა დარჩენილი თანხის 30%. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10094 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის მარტისა და აპრილის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 23 ივნისის №13761 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 505 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 037 ლარი, ჯარიმა 2 518 ლარი, საურავი 950 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სხვა მანქანებით და მოწყობილობებით. წარმოდგენილი ინფორმაციისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებში გააჩნდა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელზეც გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ოპერაციები სრულად არ იყო ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდებში გააჩნდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელზეც გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ოპერაციები სრულად არ იყო ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის თანხები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, თუმცა მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი. ვინაიდან 2024 წელს კომპანიას ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება, არ მოუთხოვია დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება. 2025 წლის თებერვალში ინვოისების საფუძველზე, კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა საავანსო თანხები 17 076 ლარი სს „----“ და 15 952 ლარი „-----“. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელმა მოითხოვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება. შესაბამისად, გადამხდელს 2025 წლის 24 მარტიდან აქვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. განმარტავს, რომ ვინაიდან თებერვლის დეკლარაცია უკვე წარდგენილი ჰქონდა, ხოლო ზემოაღნიშნული თანხები დაბეგრილი იყო როგორც ავანსები, გადამხდელმა აღარ გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, აღსანიშნავია, რომ კლიენტები, რომლებზეც უნდა გამოეწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენდნენ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ დაწესებულებებს, რომლებიც ხშირად არ ადასტურებენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. მიუთითებს, რომ მარტის თვეში შესრულდა ერთი ინვოისი („-----“) და რადგან აღნიშნული ინვოისი სრულად იყო დაფარული თებერვლის თვეში, მარტის დეკლარაციაში აღარ ასახა, ხოლო მეორე ინვოისი (სს „წყალი მარგებელის“) შესრულდა აპრილის თვეში, სადაც გადამხდელმა გაითვალისწინა თებერვალში საავანსოდ მიღებული თანხის 70%, ხოლო დარჩენილი 30% (7 796 ლარი) დაიბეგრა და დადეკლარირდა დადგენილი წესით. განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოუწერლობის მიზეზი იყო დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ კომპანიას არ დაურღვევია კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რადგან საავანსო თანხები დაბეგრა ზუსტად იმ თვეში, როდესაც მოხდა თანხების ჩარიცხვა. ასევე, სწორად დაბეგრა და დაადეკლარირა დარჩენილი თანხის 30%.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, მე-2 მხარისგან (ოპერაციის მონაწილე მხარისგან) გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, მე-2 მხარისგან (ოპერაციის მონაწილე მხარისგან) გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სხვა მანქანებითა და მოწყობილობებით. შემოწმების პროცესში, დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდებში გადასახადის გადამხდელს გააჩნდა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელზეც გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა ეს ოპერაციები სრულად არ იყო ასახული წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ხელახლა გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, მათ შორის დადგინდა სავალდებულო რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის თანხები და შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. შედეგად, გამოვლენილი შეუსაბამობის გამო, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ, ასევე შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164