ბრძანება N 20784
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20784
22 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის:„-------“)
2023 წლის 31 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ "------") №130306/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივლისის №EL216583 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2018 წელს საწარმომ გაიარა სერტიფიცირების პროცესი და ექსპლოატაციაში შევიდა. ამავე წელს ჩინეთიდან ჩამოიტანეს დასაფასოებელი ჩაის ტარა-მასალა და ჩაის ფუთულების შესაწები პატარა მანქანა, რომელიც ძალიან ადრე გამოვიდა მწყობრიდან, რის შესახებაც ჩინურმა მხარემ ბოდიში მოიხადა და დაპირდა ახალ შეკვეთასთან ერთად საჩუქრად გამოაგზავნიდნენ დანადგარსაც.
სამწუხაროდ რიგი პრობლემების გამო სამი წელია საწარმო უმოქმედოა და გაკოტრების პირას მისულმა საწარმომ დიდი ზარალი განიცადა. პროდუქცია რეალიზაციისთვის უავრგისი გახდა, ვადა გაუვიდა შესაფუთ მასალას და დააკარგინეს 6 ჰა მოსავლიანი ჩაის პლანტაციები.
2023 წლის 10 ივლისს ჩინეთიდან ჩამოსულ ტვირთზე დარეგისტრირდა დეკლარაცია, რომელიც მოხვდა წითელ დერეფანში, რადგან 5-200 გრ სასწორი და ჩაის პარკების თავის შემწები მოწყობილობა გამოგზავნილი იყო საჩუქრად (ადრე გამოგზავნილი უვარგისის ჩანაცვლებისთვის. ამიტომ მისი ფასი არ იყო ინვოისში. ჩინური მხარისგან გააჩნდა მხოლოდ საბუთი - დეკლარირებული საჩუქარი. ამიტომ მისი ინვოისებში შეტანა არ მოახდინა ჩინურმა მხარემ.
მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ კომპანიის ინტერესი არის ტვირთი დროულად გამოიტანოს საწყობიდან და გადაარჩინოს ხორვატიის კერძო კომპანისთან გაფორმებული ხელშეკრულება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 ივლისს შპს „-------“ (ს/ნ "------") მიერ "------" საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 25850.05 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონა – 1 100 კგ). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „საქონლის ფიზიკური დათვალიერება და იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდა“.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ - ის “ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი (ჩაის პოლიმერული შესაფუთი პარკი – 2 000 ცალი; ნეილონის ქსოვილი – 2 ერთეული; ჩაის ასაწონი დანადგარი – 1 ცალი; ჩაის შესაფუთი დანადგარი – 1 ცალი). საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №006425/2013 (13.07.2023) დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 6 895 ჩინური იუანი (2134.87 ლარი).
ვინაიდან, შპს „------ - ის “ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ - ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 15 ივლისს შედგენილ იქნა №EL216583 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2134.87 ლარის (საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას :
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ 2023 წლის 10 ივლისს მომჩივნის მიერ №"------" საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ სხვადასხვა დასახელების საქონელს განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. შემოწმებისას გამოვლინდა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 6 895 ჩინური იუანი (2134.87 ლარი). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
13,163,168(1).