ბრძანება N 25869
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25869
19 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: ---------)
2023 წლის 7 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 7 სექტემბრის №83460/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №002-190 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საბანკო ანგარიშებიდან 30 009 ლარის ოდენობის გადარიცხვების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლას და შესაბამისად მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ ამ თანხიდან 24 136.5 ლარი პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. მაგალითად, 24 137 ლარიდან 10 090 ლარი ელექტრონული ტენდერი NAT----- მიზნებისათვის ------ს მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაზედაც შპს „------სა“ და შპს „-----“-ს შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება. დარჩენილ 14 047 ლარზე გადარიცხვის დანიშნულებებით იკითხება, რომ გაწეული ხარჯები პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას (მაგ: ქვის ავანსი, ქვის საბოლოო გადახდა, ტოპოგრაფიული მომსახურება, აზომვითი და საკადასტრო მომსახურება, ქვიშა, ხის მასალა, პერფერატორის ქირავნობა, სანოტარო ხარჯი და ა.შ.). გადამხდელი განმარტავს, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად მომწოდებლებისგან ვერ მოხერხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება. გადამხდელი ითხოვს, დარიცხული მოგების გადასახადის თანხა შემცირდეს 5 296 ლარიდან 1 036 ლარამდე და დარიცხული სანქციაც შესაბამისად შემცირდეს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი თვლის, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ამ პირებზე განხორციელებული ანგარიშსწორებებისთვის ხელფასის კვალიფიკაციის მინიჭება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სამიდან ორი მეწარმე ფიზიკური პირისთვის შპს „------გან“ ჩარიცხული თანხები არის მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო, მიუთითებს, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს ამას. ან მიზეზი, რომ რამდენიმე შემთხვევაში გადარიცხვის დანიშნულებაში წერია ხელფასი. აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ხელფასი გადაიხდება თვეში ერთხელ (იშვიათ შემთხვევებში თვეში ორჯერ) თანაბარი თანხებით და დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არ ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები (საჩივარს დართული აქვს მიღება-ჩაბარების აქტები). გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებზე თანხების ჩარიცხვა არ ხორციელდებოდა ყოველ თვე და კონკრეტულ ფიზიკურ პირებზე მითითებული აქვს პერიოდები, როცა ხდებოდა ანაზღაურება. გადამხდელი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ კითხვარზე და აცხადებს, რომ ეს კითხვარი აღნიშნულ მეწარმე ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობას ანიჭებს მომსახურების და არა დაქირავებით მუშაობის კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №7663 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 4 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №19750 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-190 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 186 065 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 108 682 ლარი, ჯარიმა 54 341 ლარი და საურავი 23 042 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სავაჭრო, კვების და სხვა ობიექტებში გადახდილი თანხები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება. ასევე, ფიქსირდება ისეთი გადარიცხვები, რომელზეც გადამხდელს არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, მოგების გადასახადით დაიბეგრა ზემოაღნიშნული გადახდები. შპს „------ს“ დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული ფიზიკური პირები 2021 წლის ბოლოდან რეგისტრირებულნი არიან მცირე მეწარმეებად. აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილი მცირე მეწარმის დეკლარაციით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ზუსტად შეადგენს შპს „-----"-საგან მიღებულ თანხას. ე.ი აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებათ სხვა სახის შემოსავლები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბანკო ამონაწერებში ამ პირებისთვის გადარიცხულ თანხებს დამატებით დანიშნულებაში ხშირ შემთხვევაში უწერია ხელფასი. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ზემოხსენებულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და გადამხდელი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საბანკო ანგარიშებიდან შემოწმებისათვის გაურკვეველი გადარიცხვების რეესტრი არაერთხელ გადაეგზავნა გადასახადის გადამხდელს. საწარმომ ეტაპობრივად წარადგინა გადარიცხვის შესაბამისი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტებები, რაც შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში შემოწმებამ სრულად გაითვალისწინა. მათ შორის, შემოწმების ბოლო ეტაპზე წარმოდგენილი, ტენდერის ფარგლებში გაწეული დაზღვევის ხარჯი 61 091 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტი უთითებს, რომ შპს „------ს“ მიერ საჩივარში მითითებული 30,009 ლარის ოდენობის გადარიცხვები სრულად წარმოადგენს დოკუმენტურად დაუდასტურებელ ან არაეკონომიკურ ხარჯს. შესაბამისად, აღნიშნული თანხების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული ფიზიკური პირები 2021 წლის ბოლოდან, პერიოდულად რეგისტრირებულნი არიან მცირე მეწარმეებად. აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილი მცირე მეწარმის დეკლარაციით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ზუსტად შეადგენს შპს „------გან“ მიღებულ თანხას. ამასთან, აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებათ სხვა სახის შემოსავლები (მხოლოდ ერთ მათგანს ერთჯერადად უფიქსირდება საჯარო სამსახურიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბანკო ამონაწერებში ამ პირებისთვის გადარიცხულ თანხებს დამატებით დანიშნულებაში ხშირ შემთხვევაში უწერია ხელფასი. ამასთან, შემოწმებისას შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული კითხვარის ,,სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ შევსებისას ზემოაღნიშნული მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ხელფასად. შედეგად, ზემოხსენებულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საბანკო ანგარიშებიდან 30 009 ლარის ოდენობის გადარიცხვების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლას და შესაბამისად მოგების გადასახადის დარიცხვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სავაჭრო, კვების და სხვა ობიექტებში გადახდილი თანხები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება. ასევე, ფიქსირდება ისეთი გადარიცხვები, რომელზეც გადამხდელს არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, მოგების გადასახადით დაიბეგრა ზემოაღნიშნული გადახდები. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული ფიზიკური პირები 2021 წლის ბოლოდან რეგისტრირებულნი არიან მცირე მეწარმეებად. აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილი მცირე მეწარმის დეკლარაციით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ზუსტად შეადგენს მომჩივნისგან მიღებულ თანხას. ე.ი აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებათ სხვა სახის შემოსავლები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბანკო ამონაწერებში ამ პირებისთვის გადარიცხულ თანხებს დამატებით დანიშნულებაში ხშირ შემთხვევაში უწერია ხელფასი. შემოწმების მიერ ზემოხსენებულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და გადამხდელი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 96"ა", 97(1"ბ"), 982(1"ა""ბ"), 105(2), 72(1), 43(4), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").