ბრძანება N 3490
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3490
17 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 18 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2026 წლის 18 იანვრის №100061/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №001-295 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შედეგად დარჩენილი თანხის განსაზღვრას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს გაანგარიშება. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ ფიქსირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძლები. აცხადებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიას ფულის ნაშთი უფიქსირდება - 32 886 ლარი, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტში საწყის ნაშთად დაფიქსირებულია - 438 386 ლარი, რომელიც წარმოადგენს წინა საგადასახადო შემოწმების საბოლოო ფულის ნაშთს 2021 წლის 1 ნოემბრის მდგომაერობით. გადამხდელისთვის გაუგებარია შემმოწმებელმა რატომ არ იხელმძღვანელა შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთით და რატომ გამოიყენა ხანდაზმული პერიოდის მონაცემები. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემულ სარგებლად ჩათვლილია და დაბეგრილია გადახდილი სესხი და სესხის პროცენტის თანხა სრულად, რომელიც მოიცავს ხანდაზმულ პერიოდში დაფარული სესხის თანხასაც. განმარტავს, რომ შპს „------“-სგან (ს/ნ ------) სესხი აღებულია 2020-2021 წლებში 500 000 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვა განხორციელდა სალაროდან 2021 წლის 24 დეკემბერს - 200 000 ლარი, 2022 წლის 31 მარტს - 300 000 ლარი ძირითადი გადასახადი და 110 465 ლარი სესხის პროცენტი. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ სესხის აღების პერიოდი შემოწმებულია წინა საგადასახადო შემოწმების მიერ და დადასტურებულია მისი აღების საჭიროება. ასევე, წერილობით დადასტურებულია სესხის დაფარვა მეორე მხარის მიერ. გადამხდელისთვის გაუგებარია, როდესაც სესხის აღების საჭიროება დადასტურებულია და ფიქსირდება სესხის დავალიანება, რატომ არ მოხდა სესხის გადახდის გათვალისწინება. წარმოდგენილი აქვს მიღებაჩაბარების აქტები. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ორგანიზაციის ფულადმა სახსრებმა შეადგინა 485 278 ლარი (საწყისი - 32 886 ლარი, რეალიზაციით მიღებული - 381 897 ლარი და დამფუძნებლის შენატანი - 70 495 ლარი), ხოლო ფულადი სახსრების გასავალმა შეადგინა - 485 153 ლარი (მომწოდებლებზე გადახდილი თანხა - 43 657 ლარი, ადმინისტრაციული ჯარიმა ქ. ----- მერიაში 30 000 ლარი, ბიუჯეტში - 866 ლარი, ბანკის საკომისიო - 255 ლარი, დაბრუნებული დარჩენილი სესხის ძირითადი გადასახადი - 300 000 ლარი და სესხზე დარიცხული პროცენტი - 110 465 ლარი).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22681 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №27924 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-295 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 413 624 ლარი, მათ შორის, გადასახადი 202 785 ლარი, ჯარიმა 101 393 ლარი და საურავი 109 446 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----“-ს (ს/ნ -----) წინა შემოწმების მასალების მიხედვით უფიქსირდება საწყისი ფულის ნაშთი 438 386 ლარის ოდენობით. 2025 წლის 22 ოქტომბრისათვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად დაფიქსირებულია, რომ გადამხდელს სალარო არ გააჩნია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხა, შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 12 თებერვალს 14:15 საათზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით ფულის საწის ნაშთად აღებულია წინა საგადასახადო შემოწმების საბოლოო ფულის ნაშთი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ მიღებული და დამუშავებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაცია ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით, ამასთან, გათვალისწინებულ იქნა წინა შემოწმების მასალები, რომლის შედეგად სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთიდან (438 386) განხორციელდა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფულის ნაშთის განსაზღვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შედეგად დარჩენილი თანხის განსაზღვრას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ეს წინა შემოწმების მასალების მიხედვით უფიქსირდება საწყისი ფულის ნაშთი 438 386 ლარის ოდენობით. 2025 წლის 22 ოქტომბრისათვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად დაფიქსირებულია, რომ გადამხდელს სალარო არ გააჩნია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხა, შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);