ბრძანება N 2421

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2025
№ დოკუმენტი 2421
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2421

12 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------,იურ. მის.: ----------)

2025 წლის 13 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 13 იანვრის №93641/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №005-167 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელია. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ მიწოდებულ იქნა ინფორმაცია დღგ-ის ჩასათვლელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით, რაზეც განემარტა, რომ ვინაიდან შემოწმება დანიშნული იყო კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლის სისწორის განსაზღვრაზე შემოწმების მიზნებისთვის მხედველობაში ვერ იქნებოდა მიღებული სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რასაც არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელი და ითხოვს დღგ-ის ჩათვლას და განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 სექტემბრის №21030 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ----------, ეა----------, ავ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე 2021 წლის მაისის, ივნისის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2022 წლის თებერვლის, მარტის, მაისის, ივლისის, ნოემბრის, 2023 წლის თებერვლის, მარტის, მაისის და ივნისის პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 ნოემბრის №24847 ბრძანება და ამავე თარიღის №005-167 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 780 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 832 ლარი, ჯარიმა 6 165 ლარი, საურავი 6 783 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორე, რის მიხედვითაც გამოიკვეთა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაწყვილებული საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნული შეცდომა შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირდა, რის შედეგადაც 23 832 ლარით შემცირდა გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასაახდო კოდექსის 176-ე მუხლის პიეველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაწყვილებული საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული აქვს გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შესაბამისი სანქციების შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმება განხორციელდა კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორეზე, გადასახადის გადამხდელის პოზიცია/მოთხოვნა სხვა საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მისაღებ დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კანონშესაბამისია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაწყვილებული საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული აქვს გაორმაგებული დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შესაბამისი სანქციების შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმება განხორციელდა კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორეზე, გადასახადის გადამხდელის პოზიცია/მოთხოვნა სხვა საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მისაღებ დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კანონშესაბამისია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 275.