ბრძანება N 15287
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15287
29.06.2023
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 5 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №81473/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №006-27 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 30 მაისის №001989 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი №66).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 30 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ №006-27 საგადასახადო მოთხოვნით მოხდა გამორჩენილი ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა. ჯამური თანხა 1316.93 ლარი (ძირი 1290 და საურავი 26.93). იმავდროულად 2023 წლის 5 ივნისს კომპანიის მიერ მოხდა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ერთი და იმავე თანხის (ანუ ერთი და იმავე ანგარიშ -ფაქტურების) ორჯერ დაბეგვრა კანონით აკრძალულია, მომჩივანი ითხოვს სადავო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დეკლარირების კანონშესაბამისობის სამმართველოს 2023 წლის პირველ მაისს პროგრამულ მოდულში დაეწერა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის დაუბეგრავი დოკუმენტების რისკი. შესწავლილ იქნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 1 290 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა. 2023 წლის 5 მაისს შპს “---ს” (ს/ნ ---) გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, ასევე რამდენიმეჯერ იყო მცდელობა სატელეფონი კავშირის დამყარებისა, თუმცა სატელეფონო კომუნიკაცია ვერ მოხერხდა. არაერთი მცდელობისა, გადამხდელმა არ მოახდინა დეკლარაციის დაზუსტება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 30 მაისის №001989 ბრძანების მიხედვით, შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიმართ განხორციელდა 1290 ლარის დარიცხვა და გამოიცა №006-27 საგადასახადო მოთხოვნა. საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციასთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადამხდელმა 2023 წლის 5 ივნისს დააზუსტა 2023 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია, დარიცხული დღგ-ის თანხით 5 472 ლარის ოდენობით, თანხა მოიცავდა №006-27 მოთხოვნის მიხედვით დარიცხულ თანხას. აღნიშნული ხარვეზის გასწორების მიზნით გადამხდელმა 2023 წლის 15 ივნისს წარმოადგინა დაზუსტებული №01N86061843 დეკლარაცია დღგ-ის თანხით 4 290.12 ლარის ოდენობით. არსებული მონაცემების მიხედვით პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადის გადამხდელს გაორმაგებული დარიცხვა არ უფიქსირდება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა ასახული ჰქონდა არასრულად. გარდა დეკლარირებულისა, დღგ კიდევ დამატებით შეადგენდა 1290 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორცილებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან არაერთი კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №006-27 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 30 მაისის №001989 ბრძანების მიხედვით, მომჩივნის მიმართ განხორციელდა 1290 ლარის დარიცხვა და გამოიცა №006-27 საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 61 (3); 158 (1); 159; 43 (1).