ბრძანება N 1243
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1243
30.01.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(იურ. მის.: ----------)
2023 წლის 9 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 9 იანვრის №77830/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის№053-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი მის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივლისის №19678 და 30 სექტემბრის №25188 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 25 თებერვლიდან 2022 წლის 21 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 14 დეკემბრის №31453 ბრძანება და ამავე თარიღის №053-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 18 475 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 235 ლარი, ჯარიმა 5 227 ლარი, საურავი 3 013 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 25 თებერვალს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საწარმოს ძირითადი საქმიანობაა სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება, სასტუმრო/რესტორანი მდებარეობს ----------.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან და სხვადასხვა საიტებზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სასტუმროში განთავსებული 5 ორადგილიანი და 1 სამადგილიანი ნომერი, რომლის ღირებულება შესამოწმებელ პერიოდში მერყეობს ერთი ორადგილიანი ნომრის 65 დან 70 ლარამდე, ხოლო 3 ადგილიანი ნომრის 100-დან 120-ლარამდე, რესტორნის მომსახურება ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში (ეზოში განთავსებულია მაგიდები და სკამები), რესტორანში ფუნქციონირებს ქართული სამზარეულო. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოწმებისათვის კერძებთან დაკავშირებული მენიუ და კალკულაცია წარმოდგენილი არ არის. ასევე, არ არის წარმოდგენილი გაწეული სასტუმრო მომსახურების შესახებ ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, რესტორნის ფუნქციონირებისთვის საჭირო საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები და რეალიზაციები არ ფიქსირდება, სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულია მხოლოდ სასმელების: ლუდის და ლიმონათის შეძენა 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის აპრილამდე პერიოდში.საწარმოს რეგისტრირებული ჰქონდა ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც 2021 წლის 13 აპრილის მდგომარეობით გაუქმებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ 2021 წლის 23 აპრილის შემდეგ ობიექტს არ უმუშავია. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასტუმროში და რესტორანში ჩატარდა შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დათვალიერება, ფასების ფიქსაცია და საკონტროლო შესყიდვა როგორც სასტუმრო, ასევე სარესტორნო მომსახურებაზე. მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, იმავე მისამართზე შპს „----------“ არ ფუნქციონირებს, ამჟამად სასტუმროს და რესტორნის საქმიანობს აგრძელებს ი/მ „----------“ (პ/ნ ----------).
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შემოსავლები და ხარჯები გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სხვადასხვა ელექტრონულ გვერდებზე განთავსებულ (----------) ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ აუდირებული ობიექტის მონაცემებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში 25.02.2020წ-23.04.2021წ შემოწმებით დადგენილი მოგება და განკარგვადი თანხა განისაზღვრა 41 815 ლარით (რესტორნის შემთხვევაში 30 865 ლარი, ხოლო სასტუმროს შემთხვევაში 10 950 ლარი), რაც, 2021 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი მის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 25 თებერვალს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საწარმოს ძირითადი საქმიანობაა სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან და სხვადასხვა საიტებზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სასტუმროში განთავსებული 5 ორადგილიანი და 1 სამადგილიანი ნომერი, რომლის ღირებულება შესამოწმებელ პერიოდში მერყეობს ერთი ორადგილიანი ნომრის 65 დან 70 ლარამდე, ხოლო 3 ადგილიანი ნომრის 100-დან 120-ლარამდე, რესტორნის მომსახურება ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში (ეზოში განთავსებულია მაგიდები და სკამები), რესტორანში ფუნქციონირებს ქართული სამზარეულო. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოწმებისათვის კერძებთან დაკავშირებული მენიუ და კალკულაცია წარმოდგენილი არ არის. ასევე, არ არის წარმოდგენილი გაწეული სასტუმრო მომსახურების შესახებ ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, რესტორნის ფუნქციონირებისთვის საჭირო საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები და რეალიზაციები არ ფიქსირდება, სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულია მხოლოდ სასმელების: ლუდის და ლიმონათის შეძენა 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის აპრილამდე პერიოდში.საწარმოს რეგისტრირებული ჰქონდა ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც 2021 წლის 13 აპრილის მდგომარეობით გაუქმებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ 2021 წლის 23 აპრილის შემდეგ ობიექტს არ უმუშავია. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასტუმროში და რესტორანში ჩატარდა შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დათვალიერება, ფასების ფიქსაცია და საკონტროლო შესყიდვა როგორც სასტუმრო, ასევე სარესტორნო მომსახურებაზე. მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, იმავე მისამართზე მომჩივანი არ ფუნქციონირებს, ამჟამად სასტუმროს და რესტორნის საქმიანობს აგრძელებს სხვა პირი.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შემოსავლები და ხარჯები გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სხვადასხვა ელექტრონულ გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ აუდირებული ობიექტის მონაცემებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში 25.02.2020წ-23.04.2021წ შემოწმებით დადგენილი მოგება და განკარგვადი თანხა განისაზღვრა 41 815 ლარით (რესტორნის შემთხვევაში 30 865 ლარი, ხოლო სასტუმროს შემთხვევაში 10 950 ლარი), რაც, 2021 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154; 275.