ბრძანება N 16647-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 23.06.2020
№ დოკუმენტი 16647-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16647

23/06/2020

შპს ----- ს

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის 48278/1/2020 საჩივრი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი N33).

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სადავო საკითხი:

გადამხდელი განმარტავს, რომ შეძენილ ბუნებრივ აირს იყენებს ცხობისთვის და დისტრიბუციისთვის, შესაბამისად გაუგებარია აღნიშნული ოპერაციით რომელ ფიზიკურ პირს შეეძლო მიეღო სარგებელი. მომჩივანი ითხოვს, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 01 ივლისის N21871 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- ს საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 26 ნოემბრის შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 03 დეკემბრის N42126 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 412920.1 ლარით, მათ შორის: გადასახადი 209692 ლარი, ჯარიმა 116718 ლარი და საურავი 86510.1 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2019 წლის 29 ივნისის დადგენილებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი სამრეწველო ობიექტებისათვის განკუთვნილი ტარიფებით ახდენს ბუნებრივი აირის შეძენას და შემდგომ მისი ნაწილის რეალიზაციას ავტომობილებზე.

საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფომრაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე გადამხდელი მომწოდებლისაგან ბუნებრივ აირს იღებდა რამდენიმე თეთრით დაბალ ფასში ვიდრე გაზგასამრთი სადგურები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული სხვაობა დაკვალიფიცირდა სარგებლად და დაერიცხა გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადი. გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გარემოებებზე, რომლის თანახმად, საწარმო ბუნებრივ აირს იღებს მომწოდებლისგან შედარებით დაბალ ფასად ვიდრე გაზგასამართი სადგურები. შემოწმებით აღნიშნული სხვაობა დაკვალიფიცირდა, როგორც სარგებელი და დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნულ შეფასებას და განმარტავს, რომ ფიზიკურ პირს სარგებელი არ მიუღია, ვინაიდან ბუნებრივი აირის გამოყენება ხდებოდა ეკონომიკური საქმიანობისთვის.

შემოსავლების სამსახური სადავო საკითხის განხილვისას, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მომწოდებლებისაგან ბუნებრივი აირის სხვა გაზგასამართ სადგურებთან შედარებით, ნაკლები ღირებულებით შესყიდვის საფუძვლით სარგებლის მიღება და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არ არის დასაბუთებული. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ მომწოდებლებისაგან სხვა გაზგასამართ სადგურებთან შედარებით ნაკლებ ფასად შესყიდული აირის სხვაობის სარგებლად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დაბალ ფასად შეძენილი ბუნებრივი აირის სარგებლად დაკვალიფიცირებას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის თანახმად დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი სამრეწველო ობიექტებისათვის განკუთვნილი ტარიფებით ახდენს ბუნებრივი აირის შეძენას და შემდგომ მისი ნაწილის რეალიზაციას ავტომობილებზე.

საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფომრაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე გადამხდელი მომწოდებლისაგან ბუნებრივ აირს იღებდა რამდენიმე თეთრით დაბალ ფასში ვიდრე გაზგასამრთი სადგურები. სსკ-ს 73-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული სხვაობა დაკვალიფიცირდა სარგებლად და დაერიცხა გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადი. გადამხდელი დაჯარიმდა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მომწოდებლებისაგან ბუნებრივი აირის სხვა გაზგასამართ სადგურებთან შედარებით, ნაკლები ღირებულებით შესყიდვის საფუძვლით სარგებლის მიღება და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არ არის დასაბუთებული. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 101(1); 154(1,,ა“); 275