ბრძანება N 15343

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15343
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15343

29.06.2023

ფ/პ -------- (პ/ნ --------)

(მის.: ------------)

2022 წლის 26 სექტემბრის და 2023 წლის 2 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის №18532/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ -------- (პ/ნ --------) 2022 წლის 26 სექტემბრის №75007/1/2022 საჩივარი და დამატებით წარმოდგენილი 2023 წლის 2 მაისის №493940 (რეგ. №75707/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 სექტემბრის №005-133 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს 15 დღის ვადაში წარუდგინა შპს „------“ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დამტკიცებული იქნა შენობა-ნაგებობის ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მონაცემების სისწორე და რომლის თანახმადაც შენობა-ნაგებობის თვითღირებულებამ შეადგინა 674 500 ლარი. მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან გადამხდელს არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, გადამხდელის მიერ მოთხოვნილ იქნა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრა განხოციელებულიყო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილი თვითღირებულების მიხედვით. აღნიშნული მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადამხდელს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, რაც გადამხდელის მიერ შესრულებული იქნა დადგენილ ვადაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის №18532/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა და ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ივლისის №17316 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ ------- (პ/ნ --------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ივლისის №17316 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 25 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 5 სექტემბრის №005-133 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 26 სექტემბერს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №30019 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 მარტის №18532/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №30019 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ასევე მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა და ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის №18532/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„დავის წარმოების ეტაპზე მომჩივანმა წარმოადგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. მათ შორის: სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა, რაც ადასტურებს, რომ შპს „-------“ არის A - ტიპის ინსპექტირების ორგანო. ამასთან, წარმოდგენილია შპს „-------“ მიერ ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი. მაგალითად, „----------ს ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და თვითმფრინავების სადგომი ბაქნის ხელოვნური საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება ფორმა №2-ის მიხედვით და ა.შ.

საბჭოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაუთვალისწინებლობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა და ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.”

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ ფ/პ --------- მიერ წარდგენილია შპს „--------“ ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიში, რომლის თანახმად, ქ. -------, ------- №----ის (ს.კ. --------) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ღირებულებით 674 500 ლარი მისაღებია და იგი შეესაბამება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ დღეის მდგომარეობით არსებული ნორმების და სტანდარტების მოთხოვნებს. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინსპექტირების ანგარიში არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის შესწავლით შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ მომხდარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის, აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან.

ხოლო, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:

ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;

ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის №18532/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა წამოადგინა სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა და ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გაუთვალისწინებლობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მ.შ. შპს „--------“ ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. შპს „--------“ ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელის მიერ მოთხოვნილ იქნა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრა განხორციელებულიყო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილი თვითღირებულების მიხედვით. აღნიშნული მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადამხდელს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, რაც გადამხდელის მიერ შესრულებული იქნა დადგენილ ვადაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით მომჩივნის მიერ წარდგენილია ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიში, რომლის თანახმად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ღირებულებით 674 500 ლარი მისაღებია და იგი შეესაბამება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ დღეის მდგომარეობით არსებული ნორმების და სტანდარტების მოთხოვნებს. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინსპექტირების ანგარიში არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის შესწავლით შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ მომხდარა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მ.შ. ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79"ა", 80(1), 100(3"ბ"),102(1"ბ"), 82(1"ვ.გ")(4), 105, 72(1), 43(4).