ბრძანება N 17690-6

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2018
№ დოკუმენტი 17690-6
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17690

10/07/2018

შპს „-----

(მის: ------ )

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 57) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის № 083-39 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.

გადამხდელი არ ეთანხმება 214006 ლარის ოდენობით თანხების (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად ჩათვლას და დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან 20-%-იანი განაკვეთით. გადამხდელის ინფორმაციით: 1. შპს ----- ს მიერ შემოსავლების სამსახურისათვის მოწოდებული ინფორმაცია (სალაროს შემოსავლის ორდერი) არ შეესაბამება სიმართლეს. 2. საზოგადოებამ ფ.პ ----- ზე სალაროდან გასცა სესხი 75646 ლარის ოდენობით, თუმცა ვერ ხერხდება სალაროს გასავლის ორდერების წარმოდგენა შემოსავლების სამსახურისათვის, (თუმცა სესხის ნაწილის გაცემა დადასტურებულია ხელშეკრულებითვე). 3. საზოგადოებამ შპს ----- ს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა მომსახურების ღირებულების ნაწილი 98252 ლარი, თუმცა შპს ----ის მიერ არ მომხდარა თანხის მიღების დადასტურება შესაბამისი დოკუმენტის შედგენით. შესაბამისად, გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და მოითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 აპრილის N მ-11104 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 27 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 4 დეკემბრის N 083-39 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 306209 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 163728 ლარი, ჯარიმა 88470 ლარი და საურავი 54011 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საზოგადოებას უფიქსირდება დებიტორული დავალიანება სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ ჯამურად 123896 ლარის ოდენობით, მათ შორის:

1. შპს ----- - 8250 ლარი - მოთხოვნა წარმოქმნილია საქონელის მიწოდების გამო;

2. ფ.პ ----- - 75646 ლარი - მოთხოვნა წარმოქმნილია შპს ----- ს მიერ გაცემული სესხისგან (გადამხდელის ინფორმაციით თანხა გაცემულია სალაროდან).

ამასთან გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციით (ბუღალტრული აღრიცხვა, წარმოდგენილი ცნობები) შპს ------მ, შპს -----ს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა დავალიანების ნაწილი 98252 ლარის ოდენობით, რაზეც გადამხდელის მიერ არ მოხდა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

აღნიშნული პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად:

1. შპს ----- ს შპს ----- ს მიმართ კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია (დავალიანების დაფარვა დასტურდება სალაროს გასავლის ორდერით)

2. ფ.პ ------- ს განმარტებით შპს ----- ს მიერ მასზე გაიცა სესხი 10943 ლარის ოდენობით (ნაცვლად შპს -----ს ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული 75646 ლარისა)

შპს ----- სგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად (ბუღალტრული ბარათი, ახსნა განმარტება) 98252 ლარი არ არის გადახდილი. შემოწმებით ზემოთაღნიშნული თანხების ჯამურად 214006 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ჩაითვალა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან 20-%-იანი განაკვეთით სსკ-ის 154-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

სსკ-ის 101-ე მუხლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით კი გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ზემოთ აღნიშნული ნორმების, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს სახეზეა თანამშრომლის მიერ თანხის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება, შესაბამისად ჯამურად 214006 ლარის ოდენობის თანხის თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად კვალიფიკაცია და დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან 20-%-იანი განაკვეთით სსკ-ის 154-ე მუხლით დადგენილი წესით შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ., N11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება 214006 ლარის ოდენობით თანხების (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად ჩათვლას და დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან 20-%-იანი განაკვეთით. და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ. აღნიშნული პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად: (ბუღალტრული ბარათი, ახსნა განმარტება) გადამხდელის მიერ საწარმოებზე თანხის გადახდა არ დგინდება, ხოლო ფიზიკური პირზე გადამხდელის მიერ გაცემული სესხი ნაკლებია გადამხდელის მიერ ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახულ ოდენობასთნ შედარებით.

შემოწმებით ზემოთაღნიშნული თანხები ჯამურად 214006 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ჩაითვალა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან 20-%-იანი განაკვეთით სსკ-ის 154-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

გადაწყვეტილება

 

დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ ჯამურად 214006 ლარის ოდენობის თანხის თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად კვალიფიკაცია და დაბეგვრა სსკ-ის 154-ე მუხლით დადგენილი წესით შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4); 73(9,,ბ“); 101; 154