ბრძანება N 6156

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.03.2024
№ დოკუმენტი 6156
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6156

21 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 25 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ--------) 2024 წლის 25 იანვრის №12283/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №002-332 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. არ ეთანხმება ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შპს „-----------“ კლიენტების დაკვეთის საფუძველზე ახორციელებდა საქონლის ტრანსპორტირებას ----------- საქართველოში, ამისთვის მას მომსახურებას უწევდა ----------- კომპანია „-----------“. იმისათვის, რომ მომხდარიყო ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირება საჭირო იყო ტვირთის სხვადასხვა მისამართებიდან მიტანა „-----------“ საწყობში, სადაც ხდებოდა ტვირთის დასაწყობება/მოგროვება და შემდგომში სატვირთო ავტომობილში დატვირთვა საქართველოში ტრანსპორტირებისათვის. მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ინფორმაციით, დგინდება თითოეულ ინვოისზე ტრასპორტირების მარშრუტები (წარმოდგენილია ინვოისები). აღნიშნული ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა ----------- კომპანია „-----------“. სწორედ მსგავსი სახის მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ორგანოს მიერ.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული დებიტორული მოთხოვნის საწარმოს დირექტორის მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიიჩნევს, რომ პირველ და მეორე საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვები უნდა გაუქმდეს.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შეძენილი საქონლის ანალიზის მიხედვით განსაზღვრულ არაეკონომიკურ ხარჯს (საქონლის შეძენა), რომელიც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მიუთითებს, რომ გათბობის ქვაბი დამონტაჟებულია კომპანიის ოფისში (აცხადებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი აქვს აუდიტორისათვის), ხოლო რაც შეეხება ტუმბოს, აღნიშნავს, რომ იგი შეძენილი იქნა შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა დამკვეთმა აღარ შეიძინა, რის გამოც ტუმბო ამჟამად ირიცხება კომპანიის ბალანსზე, კომპანია ცდილობს შესაბამისი მყიდველის პოვნას და მის რეალიზაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13356 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----------“ (ს/ნ-----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები, ასევე გადამხდელისთვის სატრანსპორტო მომსახურების გამწევი რეზიდენტი საწარმოსგან/საწარმოებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოითხოვოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე საწარმოს დირექტორის მიერ ნავაჭრი თანხის მითითებით (დანიშნულებით) შეტანილი თანხები, არ გათვალისწინოს საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13356 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 10 313 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 875 ლარი და ჯარიმა 3 438 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 დეკემბრის №002-332 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა არასრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია. კერძოდ, ვერ მოახდინა ინვოისებში არსებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა და დეტალური გაშიფვრა. ანალიზის შედეგად შეუძლებელია სრული მარშრუტის (გადაზიდვა ----------- და ----------- ქალაქებს შორის) გარკვევა. ასევე, გამოთხოვილი იქნა რეზიდენტი პირებისაგან ინფორმაცია გაწეული მომსახურების შინაარსისა და მარშრუტის (ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების) შესახებ. მოწოდებული ინფორმაციით ვერ დგინდება მომსახურების გამწევი პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შინაარსი. გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტებსა და ზეპირი განმარტებით შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბანკო ანგარიშზე საწარმოს დირექტორის მიერ ნავაჭრი თანხის მითითებით (დანიშნულებით) შეტანილი თანხები, 27 500 ლარი, გამოაკლდა დირექტორის სარგებლად დაბეგრილ თანხას და შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის შედეგად ვერ დადასტურდა შეძენილი ჭაბურღილის ტუმბოს და გათბობის ქვაბის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13356 ბრძანებით, სატრანსპორტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენის შესახებ მიეცა წინადადება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი მასალების შესწავლა, ასევე გადამხდელისთვის სატრანსპორტო მომსახურების გამწევი რეზიდენტი საწარმოსგან/საწარმოებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირებისთვის საჭირო იყო ტვირთის სხვადასხვა მისამართებიდან მიტანა საწყობში, სადაც ხდებოდა ტვირთის დასაწყობება/მოგროვება და შემდგომში სატვირთო ავტომობილში დატვირთვა საქართველოში ტრანსპორტირებისათვის. მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ინფორმაციით, დგინდება თითოეულ ინვოისზე ტრანსპორტირების მარშრუტები. მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა ----------- კომპანია „-----------“. სწორედ მსგავსი სახის მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13356 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

 

ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული დებიტორული მოთხოვნის საწარმოს დირექტორის მიღებულ სარგებლად განხილვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საბანკო ანგარიშზე საწარმოს დირექტორის მიერ ნავაჭრი თანხის მითითებით (დანიშნულებით) შეტანილი თანხა 27 500 ლარის ოდენობით, გამოაკლდა დირექტორის სარგებლად დაბეგრილ თანხას და შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

შეძენილი ჭაბურღილის ტუმბოს და გათბობის ქვაბთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დადასტურდა შეძენილი ჭაბურღილის ტუმბოს და გათბობის ქვაბის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება

(შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან

არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არ ეთანხმება ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული დებიტორული მოთხოვნის საწარმოს დირექტორის მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შეძენილი საქონლის ანალიზის მიხედვით განსაზღვრულ არაეკონომიკურ ხარჯს (საქონლის შეძენა), რომელიც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა არასრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია. კერძოდ, ვერ მოახდინა ინვოისებში არსებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა და დეტალური გაშიფვრა.

საბანკო ანგარიშზე საწარმოს დირექტორის მიერ ნავაჭრი თანხის მითითებით (დანიშნულებით) შეტანილი თანხები,გამოაკლდა დირექტორის სარგებლად დაბეგრილ თანხას და შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის შედეგად ვერ დადასტურდა შეძენილი პროდუქციის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);96;97(1);982;304(21);