ბრძანება N 13971
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13971
20 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 10 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 10 იანვრის №77906/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №006-549 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმოს შესამოწმებელ და წინა პერიოდებში ფ/პ ------- (პ/ნ -------) აღებული აქვს სესხი (თანხა შესამოწმებელ პერიოდში ჩარიცხულია ბანკში 59 600 ლარი), აღნიშნული თანხები შემოწმების პერიოდში დაბრუნებულია სრულად. აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ითხოვს დაბრუნებული თანხებით საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს 2021 წლის თებერვლის თვეში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი, საიდანაც მიღებული თანხა საწარმოს დამფუძნებელს გატანილი აქვს და შემცირებულია საწარმოს მის მიმართ არსებული ვალდებულება (ბანკის გადახდის ქვითარშიც მიზნობრობად მითითებულია კაპიტალის შემცირება -------). აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა აღნიშნული გათვალისწინებული კაპიტალის შემცირებად და 199 590 ლარი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს წინა პერიოდის დოკუმენტებს და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. გადამხდელი ითხოვს დაბრუნებული თანხებით (გატანილი კაპიტალის თანხით) საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
3. გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს 2016 წელს ფ/პ ------- (პ/ნ -------) და ფ/პ ------- (პ/ნ -------) გაფორმებული აქვს წინარე ხელშეკრულებები. საწარმოს მითითებული პირებისგან ავანსის თანხა მიღებული აქვს 2016 წელს, ხოლო აღნიშნული პროექტის მშენებლობა დამთავრებულია 2017 წელს სრულად და შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა პირობა შესრულებულია მხარეთა მიერ. გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული ბინების გადაფორმება საჯარო რეესტრში მოხდა გვიან 2019 წელს. შემოწმების მიერ აღნიშნული ბინების დაბეგვრა განხორციელდა 2019 წელს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის ნორმებს, რადგანაც აღნიშნული ბინების დაბეგვრის პერიოდს წარმოადგენს არაუგვიანეს 2017 წელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 მაისის №12680 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №31161 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-549 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 303 095 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 168 044 ლარი, ჯარიმა 84 022 ლარი და საურავი 51 029 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში აშენებული აქვს ორი შენობა: -------, ------- და -------, -------. საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში მყიდველებისთვის გადაფორმებული ჰქონდა 21 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი. შემოწმებისთვის წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფრომაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა (გადამხდელს რიგ შემთხვევებში არ ჰქონდა განხორციელებული რეალიზებული ფართების შესაბამისად საგადასახადო დეკლარირება). შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.
ასევე, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების ამსახველი ოპერაციები, რომლის შესწავლის დროსაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და საბანკო ამონაწერში არსებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ფულადი სახსრების სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს შესამოწმებელ და წინა პერიოდებში ფ/პ ------- (პ/ნ -------) აღებული აქვს სესხი, რომელიც შემოწმების პერიოდში დაბრუნებულია სრულად. აგრეთვე აცხადებს, რომ საწარმოს 2021 წლის თებერვლის თვეში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი, საიდანაც მიღებული თანხა საწარმოს დამფუძნებელს გატანილი აქვს და შემცირებულია საწარმოს მის მიმართ არსებული ვალდებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვამს მზაობას წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული შესაბამის პერიოდში რეალიზებული ფართები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შესაბამისად დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრას და ითხოვს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში აშენებული აქვს ორი შენობა.საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში მყიდველებისთვის გადაფორმებული ჰქონდა 21 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი. შემოწმებისთვის წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფრომაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა (გადამხდელს რიგ შემთხვევებში არ ჰქონდა განხორციელებული რეალიზებული ფართების შესაბამისად საგადასახადო დეკლარირება). შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.
ასევე, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების ამსახველი ოპერაციები, რომლის შესწავლის დროსაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და საბანკო ამონაწერში არსებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გადახდები. ფულადი სახსრების სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრას შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 2021 წლამდე მოქმედი 161.