გადაწყვეტილება №23172/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23172/2/2024
11 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------2.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23172/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28750 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №056-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №9008 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 113 177,93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 58 307
დღგ - 19 169
საშემოსავლო გადასახადი - 33 901
ქონების გადასახადი - 5 237
ჯარიმა - 28 087
საურავი - 26 783,93
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტოსატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემა.
აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 26.09.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი.
კომპანია რეგისტრირებულია 20.09.2019 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.12.2019 წელს. 2019, 2020, 2021 წლებში კომპანიის საიჯარო მომსახურების მიმღებ კომპანიას წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს სატვირთო ავტომობილები. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც არასწორად არის აღრიცხული შემოსავლები/ხარჯები. წარმოდგენილი ინფორმაციით, სალაროში ნაღდი ფული გროვდება საბანკო დაწესებულებიდან მიღებული თანხებით. აღნიშნული დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად, შემმოწმებლების მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას უფიქსირდება ფულის ნაშთი - 2020 წლის ბოლოს 15 795 ლარი, 2021 წლის ბოლოს - 80 435 ლარი, ხოლო 30.06.2022 წელს - 30 338 ლარი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების თანახმად, საწარმოში ნაღდი ფულის რაოდენობა 1.07.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 82,02 ლარს.
გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადამოწმდა, გადასახადის გადამხდელის ბალანსზე აღრიცხული სატრანსპორტო საშუალებების საზღვრის კვეთები, რომელ თვეშიც ჰქონდა საზღვარი გადაკვეთილი, იმ თვეში დაანგარიშდა იჯარა, აგრეთვე გაანგარიშდა სატვირთო ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები, რომელზედაც გადამხდელს არ აქვს მასზე მინიჭებული შესაბამისი კვალიფიკაცია, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული განაცემები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №056-56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9768 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. მომჩივნის მიერ მითითებულია შემდეგი სადავო საკითხები: 1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით; 2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება; 3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭოს 14.09.2023 წლის №19867/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9768 ბრძანება და სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 14.09.2023 წლის №19867/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 22.11.2023 წლის №28750 ბრძანებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება:
საჩივარი მე-2 სადავო საკითხთან (ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება) დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი;
პირველ სადავო საკითხთან (საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) დაკავშირებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28750 ბრძანება პირველი და მე-3 სადავო საკითხების (საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე) ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 1.03.2024 წლის №21788/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28750 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა მოხდა გადამხდელის მონაწილეობით, კერძოდ, სატელეფონო გასაუბრებით, ვინაიდან გადამხდელი ფიზიკურად არ გამოცხადდა აუდიტის დეპარტამენტში. შესწავლილი დოკუმენტაციის მიხედვით არ მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №056-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №9008 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გადამხდელის მონაწილეობით, კერძოდ, სატელეფონო გასაუბრებით, ვინაიდან გადამხდელი ფიზიკურად არ გამოცხადდა აუდიტის დეპარტამენტში. შესწავლილი დოკუმენტაციის მიხედვით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
18.04.2024 წლის ბრძანებაში შემოსავალების სამსახური კვლავ საუბრობს იმ საკითხებზე და დაანგარიშების მთავარ პრინციპზე, რასაც კომპანია არ ეთანხმება. გაუგებარია და ბრძანებაში არ არის დეტალურად დაფიქსირებული შემოსავლების სამსახურის პოზიცია/დასაბუთება თუ რატომ გამოიყენეს მაინცდამაინც არაპირდაპირი დაანგარიშების მეთოდი, რატომ ან/და რის საფუძველზე მიიღო შემოსავლების სამსახურმა ასეთი გადაწყვეტილება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი ნორმები საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. შემოწმების აქტში საგადასახადო ორგანო არ მიუთითებს თუ კონკრეტულად რომელი პირობა უდევს საფუძვლად კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის გამოყენებით. საგადასახადო ორგანო როგორც ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, ვალდებულია დაასაბუთოს მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. კანონიერების პრინციპი გულისხმობს აქტის გამოცემის სათანადო დასაბუთებას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტი არ აკმაყოფილებს დასაბუთების კანონით დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, შემოწმების აქტში არ არის კონკრეტულად იდენტიფიცირებული ის პირობა, რომელიც საფუძვლად უდევს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებებზე და საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადასახადო ორგანოს უფლებებზე.
ზემოაღნიშნულის მიხედვით შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, თითქოს კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოწმების აქტის მიხედვით არ დგინდება თუ რაში გამოიხატება სააღრიცხვო დოკუმენტაციის არ ქონა, მაშინ როცა საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტში თავად აღნიშნავს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც განხორციელდა დაუსაბუთებელი დარიცხვა მიწოდებულ იქნა კომპანიის მიერ. კერძოდ , საწარმოს მიერ მიწოდებული დოკუმენტაციები შემდეგია:
1. საბუღალტრო პროგრამის ასლი (ორისი).
2. სალაროს მოძრაობის უწყისი;
3. საწესდებო კაპიტალის მოძრაობის უწყისი;
4. იმპორტისას გადახდილი თანხების მოძრაობის უწყისი;
5. ექსპორტები(ექსპორტის დეკლარაციები და ექსპორტის რეჟიმით გაშვებული ავტომობილების ნასყიდობის ხელშეკრულებები);
6. იჯარით გაცემული ავტომობილებზე გამოწერილი ინვოისები;
7. საბანკო ამონაწერები;
შემოსავლების სამსახურის მიერ კვლავ არ მომხდარა შპს -------- საბუღალტრო მასალების შესწავლა მომჩივნის ჩართულობით. გაურკვეველია და გაუგებარია თუ რა მიზნით არ ხდება კომპანიის დასაბუთებული პოზიციის და არგუმენტების მოსმენა და განხილვაში ჩართულობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა, შემოსავლების სამსახურის №28750 ბრძანებით, მისთვის დაკისრებული ვალდებულება. კერძოდ დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი.
შპს -------- კატეგორიულად არ ეთანხმება 4.03.2024 წლის №4738-ით გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებითი დარიცხული თანხების არ შემცირებასთან დაკავშირებით.
არაერთხელ იქნა მოთხოვნილი, მომჩივნის მონაწილეობით მომხდარიყო, კომპანიის შესამოწმებელი პერიოდის გადახედვა და შესაბამისად, დაკორექტირდებოდა საგადასახადო მოთხოვნა (საგადასახადო მოთხოვნა №056-10), თუმცა მიუხედავად მხედველობისა შემოსავლების სამსახურმა არასდროს არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა და ყოველ წარდგენილ საჩივარზე აქვს შაბლონური პოზიცია. აღნიშნული ბრძანებაც იდენტურია მის მიერ 2022 წელს მიღებული ბრძანებებისა, რაც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს იმ პოზიციას, რომ შემოსავლების სამსახურს კომპანიის მიმართ აქვს მიკერძოებული და სუბიექტური დამოკიდებულება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიციით, მომჩივნის მიერ წარდგენილი „საბუღალტრო პროგრამა - ორისი“ არასწორად არის აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები. წარმოდგენილი ინფორმაციით სალაროში ნაღდი ფული გროვდება საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული თანხებით. აღნიშნული დოკუმენტაციისა და ერთიანი ელექტრონული სიტემის დამუშავების შედეგად შემმოწმებლის მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი:
2020 წლის ბოლოსათვის - 1 795 ლარი;
2021 წლის ბოლოსათვის - 80 435 ლარი;
2022 წლის 30 ივნისისათვის 30 338 ლარი;
შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები, რომელზედაც გადასახადის გადამხდელს არ აქვს მასზედ შესაბამისი კვალიფიკაცია მინიჭებული, მიჩნეულ იქნა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამის საანგარიშგებო პერიოდში საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით აღნიშნული განაცემი იქნა დაკავებული გადასახადის წყაროსთან.
აუდიტორის მიერ შეფასების ნაწილში მითითებულია, რომ „გადამხდელს აღნიშნულზე პოზიცია არ დაუფიქსირებია“ - იმის გამო, რომ კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებებს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას, კერძოდ: იმ ფაქტს, რომ შემმოწმებლის მიერ გადამხდელის სალაროში დაფიქსირებული თანხები განხილული იქნა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად (სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლს თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, სარგებლის თანხა (31 640 ლარი) დაიბეგრა, როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და დარიცხული იქნა
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული, შპს -------- სააღრიცხვო ბაზა, იგივე საბუღალტრო პროგრამა „ორისი“ წარმოდგენილი იყო აუდიტისათვის შემოწმების პერიოდში სადაც, ნაღდი ფულის მოძრაობის ბარათზე (საბ. ანგ. 1110) ყველა თანხის შემოსვლა და მისი მიზნობრივი გახარჯვა დეტალურად არის აღწერილი.
ზემოთაღნიშნული თანხა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა განხილულიყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ვინაიდან და რადგანაც:
2019 წლის ბოლოსათვის კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა - 0,5 ლარს;
2020 წლის ბოლოსათვის - 0 ლარს;
2021 წლის ბოლოსათვის 82,08 ლარს;
2022 წლის 30 ივნისისათვის 82,08 ლარს;
კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის დაფუძნების დღიდან (2019 წლიდან) დამფუძნებლის მხრიდან პერიოდულად ხდებოდა საწესდებო კაპიტალის გაზრდა. კერძოდ:
2019 წლის განმავლობაში ნაღდი ანგარიშსწორებით ფულის შემოტანა კაპიტალის გაზრდის მიზნით განხორციელდა 137 211 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა ამავე პერიოდში გამოყენებულ იქნა სხვადასხვა შესყიდვებისათვის.
2019 წელში იმპორტით შეძენილი საქონლისათვის დამატებული ღირებულების გადახდა, ამავე პერიოდში სხვადასხვა მომსახურეობის მომწოდებლების დავალიანებების გადახდა, ასევე მოხდა მოძრავი ქონების შეძენა, რისთვისაც თანხები გადახდილი იყო მომწოდებლებზე ნაღდი ანგარიშსწორებით.
აღნიშნულ თანხის მოძრაობებს ადასტურებს შესაბამისი ბუღალტრული დოკუმენტები: სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, ნაღდი ფულის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები ე.წ ჩეკები (რომელიც შემოწმების პერიოდშიც და ეხლაც არსებობს კომპანიის საბუღალტრო არქივში).
2020 წელში ასევე გაზარდა საწესდებო კაპიტალი 538 882 ლარით. კაპიტალის გაზრდა მოხდა ნაწილობრივ არაფულადი აქტივით - 268 792 ლარი, ხოლო ფულადი სახით (ბანკი, სალარო) განხორციელდა - 270 090 ლარის ოდენობით.
აღნიშნული პოზიციები საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული, მიუხედავად მომჩივნის მხრიდან არაერთხელ როგორც წერილობით ისე ზეპირსიტყვიერად იქნა განმარტებული აუდიტისთვის, თუმცა უშედეგოდ. ამ ნაწილშიც ნათლად ჩანს მათი არაობიექტური დამოკიდებულება.
საგადასახადო შემოწმების აქტით, შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ გადამოწმდა ბალანსზე აღრიცხული სატრანსპორტო საშუალებების საზღვრის კვეთები, რომელ თვეშიც ქონდა საზღვარი გადაკვეთილი , იმ თვეში დაანგარიშდა იჯარა.
აგრეთვე გაანგარიშდა სატვირთო ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები.
შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები რომელზედაც გადამხდელს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია მინიჭებული, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამის საანგარიშგებო პერიოდში და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული განაცემი დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული იყო ყველა ის სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები, ინვოისები, შედარების აქტები, პირველადი დოკუმენტები), რომელიც მნიშვნელოვანია კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს დამოუკიდებლად განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას, ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, ან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ხოლო, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზანს წარმოადგენს სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისათვის.
შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რა უდევს საფუძვლად საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული უფლების გამოყენებას, ამასთან არ განსაზღვრავს იმ წინაპირობას, რომელიც დაკმაყოფილდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისთვის. ამასთან, გაუგებარია თუ რა ტიპის მონაცემებზე დაყრდნობით გაიანგარიშა საგადასახადო ორგანომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი.
როგორც შემოწმების აქტით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ირღვევა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლისა და დარიცხვის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
კერძოდ, როგორც ჩანს, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიას უნდა ეღიარებინა შემოსავალი და რადგან ეს შემოსავალი არ ჰქონდა აღიარებული, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ გააჩნდა ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, თავად ეს ვარაუდი შემოსავლის აღიარებასთან დაკავშირებით, წარმოებულია ყოველგვარი ობიექტური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების საზღვრების კვეთების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საგადასახადო ორგანოს, თუნდაც ფორმალურად არ
ჰქონდა უფლება დარიცხვის საფუძვლად გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
არ ეთანხმება აუდიტორის მიერ გადაანგარიშებულ სატვირთო ავტომობილების რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს. კერძოდ, 2020 წელში სატვირთო ავტომობილების გაყიდვა კომპანიამ მოახდინა ექსპორტის რეჟიმით, რაზეც შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდის, საბაჟო მოდულის ჩანართში, მოწმობს გაყიდვაზე დარეგისტრირებული საბაჟო ოფიცრის მიერ საბაჟოს გამარტივებული დეკლარაციები.
2021 წლის განმავლობაში კოვიდ პანდემიის პირობებში კომპანიას უწევს გაყიდოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე. ყველა რეალიზაცია კომპანიის მიერ გაფორმებულია შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტებით.
იურიდიული პირების შემთხვევაში გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა. ფიზიკური პირების შემთხვევაში - მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღებაჩაბარების აქტი. ყველა ზემოთ ხსენებული შემოსავლები, კომპანიის მიერ აღიარებული იყო შემოსავლად, დაბეგრილია შესაბამის საანგარიშგებო პერიოდში. გაყიდვის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები რეგისტრირებული იყო როგორც დებიტორებიდან მიღებულ თანხებად. თუმცა კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით იმავე საანგარიშგებო პერიოდში შემცირებული იყო კომპანიის საწესდებო კაპიტალი.
აუდიტორის მიერ საბუღალტრო რეგისტრების ჩანაწერები არ იყო ზედმიწევნით შესწავლილი, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტში ფულის გადაანგარიშებისას არსად გათვალიწინებული არ აქვს საწესდებო კაპიტალის მოძრაობები, კერძოდ დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალის შემცირება.
ასევე, საიჯარო გადახდებთან დაკავშირებით შპს ------- სარგებლობდა 2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურეობის დღგ-ით დაბეგვრის შეღავათით შესაძლებლობით შესაბამისი თანხის მიღების პერიოდში (საქართველოს კანონი, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლის №1 საგადასახადო კოდექსის (საქ. საკ. მაცნე №54, 12.10.2010 მუხ. №343 პუნქტი №2 309-ე მუხლის ნაწილი ა113). რაც შეეხება 2022 წლის ნაღდი ფულის მოძრაობას, კომპანიას შემოსავლის სახით სალაროში ბრუნვა საერთოდ არ უფიქსირდება, ხოლო ბანკში მიღებული თანხა, რომელიც ჩარიცხულია კლიენტის მიერ დავალიანების დაფარვის მიზნით და სრულად მიმართულია. კომპანიის ვალდებულებების გასასტუმრებლად, კერძოდ, გადახდილია საგადასახადოს მიმდინარე ვალდებულებები და თანამშრომლების წინაშე წარმოქმნილი ვალდებულებები. გადახდის წყაროსთან არსებული გადასახადი დაკავებულია და წარდგენილია შესაბამისი დეკლარაციით.
კომპანიის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნაღდი ფულის ნაშთი ფიზიკურად არ გროვდება, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ამგვარად, ითხოვს მოხდეს აუდიტორის შეფასების გადახედვა, კომპანიის ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით. რაც გულისხმობს დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით შენატანების უკან გატანას (იგივე საწესდებო კაპიტალის შემცირება).
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. 8.12 მუხლის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
ასევე საწარმოს კაპიტალში აქტივის/ქონების შეტანად განიხილება აქტივზე საკუთრების უფლების გადაცემა, რომელიც განხორცილებულია კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის მიზნით და აღრიცხულია საწარმოს ბალანსზე. განხორციელებული შენატანის ფარგლებში საწარმოს კაპიტალის შემცირება და თანხის გაცემა პარტნიორზე არ განიხილება მოგების განაწილებად.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შპს --------- ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ უნდა მომხდარიყო.
აუდიტორის 7.12.2022 წლის ქონების გადასახადის შეფასებისა და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლებით ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზების და პირველადი დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზებს შორის.
შემოწმების შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად ქონების დასაბეგრი ბაზა, აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებას დაერიცხა ძირითადი თანხა და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში მით უმეტეს ვერ დაეთანხმება შემფასებელს, ვინაიდან და რადგანაც ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა რეზიდენტი საწარმო ორგანიზაციისთვის არის მის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები ან და საინვესტიციო ქონება, აღიარებული აქტივები (2016.01.01-დან) დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობები აგრეთვე მის მიერ გაცემული ქონება . თუ როგორ უნდა მოხდეს ძირითადი საშუალების ბალანსზე აყვანა ამ საკითზე საგადასახადო კოდექსი არაფერს მიგვითითებს და აღნიშნული საკითხი ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით არის განსაზღვრული.
არ არის ცნობილი, შემფასებელმა აუდიტორმა რომელი ღირებულებებით გაიანგარიშა ქონების დასაბეგრი ბაზა, სტანდარტით ცვეთის განსაზღვრის მეთოდი კომპანიის პოლიტიკით გაითვალისწინება და შესაბამისად მიერ გამოთვლილი ქონების გაანგარიშების ბაზები განსხვავებულია. კომპანიის მიერ გადმოგზავნილ საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ ძირითადი საშუალებების აღრიცხვა შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე იყო ასახული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო კანონმდებლობის საფუძველზე ვალდებულია, იხელმძღვანელოს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპით, რაც ასევე გულისხმობს გადასახადის გადამხდელის უფლებების, მათ შორის, გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის უზრუნველყოფის ვალდებულებასაც. გასაჩივრების უფლების დაცვის საშუალება უნდა იყოს ეფექტური არა მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციის, არამედ პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისითაც. გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საჩივრის განხილვის მექანიზმის ეფექტურ მოქმედებაზე.
ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო საჩივრის განხილვისას ამოწმებს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ მიზანშეწონილობის საკითხსაც, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას შესაძლებელია ჩაენაცვლოს ზემდგომი ორგანოს დისკრეცია. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო თავადაც იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.
პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ მიეცა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის რეალიზაციის შესაძლებლობა არც ფორმალური და არც მატერიალური თვალსაზრისით, რაც ცხადია აყენებს ზიანს და უსპობს ნდობას იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომლის მხრიდანაც კანონით დადგენილი უფლებების დაცვა პირდაპირაა დაკავშირებული კომპანიის, როგორც გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სწორად წარმართვასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებულის გათვალისწინებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება უნდა მიექცეს, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გადამხდელის მიმართ გამოვლენილი დარღვევა თითქმის სრულად გამომდინარეობს არასწორად გაანგარიშებული ფასნამატიდან, რომლის სისწორის დადგენის შემდგომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი უმნიშვნელო იქნება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, დარიცხულ ჯარიმებთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28750 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა მოხდა გადამხდელის მონაწილეობით, კერძოდ, სატელეფონო გასაუბრებით, ვინაიდან გადამხდელი ფიზიკურად არ გამოცხადდა აუდიტის დეპარტამენტში. შესწავლილი დოკუმენტაციის მიხედვით არ მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია. ამასთან, ვინაიდან მომჩივნის წარმომადგენელი ფიზიკურად არ გამოცხადდა აუდიტის დეპარტამენტში, შესწავლის პროცესში მომჩივნის ჩართულობა მოხდა სატელეფონო გასაუბრებით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28750 ბრძანების შესაბამისად.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28750 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28750 ბრძანების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);161(1);159(1);101(1);154(1);