გადაწყვეტილება №24644/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24644/2/2025
27 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24644/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.12.2024 წლის №24090/2/2024 (რეგ. 26.12.2024წ. 03/95057) გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა, საბითუმო ვაჭრობა საქონლის ფართო ასორტიმენტით კონკრეტული სპეციალიზაციის გარეშე.
უდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.03.2020 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელს 16.01.2019 წელს გაფორმებული აქვს მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ფიზიკური პირისგან ---------- (პ/ნ ----------) 392 000 აშშ დოლარად შესყიდული აქვს მიწის ნაკვეთი (ს/კ ----------). წინა პერიოდში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად. კერძოდ, 16.01.2019 წელს გადახდილია 158 200 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში, 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში და 16.01.2021 წელს 68 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში (აღნიშნული თარიღები მითითებულია 16.01.2019 წლის ხელშეკრულებაზე დაყრდნობით). ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო კომპანიის საკუთრებაში.
ამჟამინდელი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო ფიზიკური პირის ---------- საკუთრებაში და ასევე, დღემდე არ გადასულა კომპანიის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი გადაყიდულია რამდენჯერმე სხვადასხვა პირებზე. შემოწმების პროცესში გამოიკვეთა, რომ ფ/პ ---------- გამოსყიდვის უფლებით გაყიდული აქვს მიწის ნაკვეთი ფ/პ ----------, რის შემდეგაც 15.11.2021 წელს უკან გამოსყიდვაზე უარი განაცხადა ფ/პ ----------. ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე პერიოდში არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა კომპანიის მიერ აღნიშნული თანხის დასაბრუნებლად.
აქედან გამომდინარე, 2021 წლის ნოემბრიდან (გამოსყიდვაზე უარის თქმის დრო) კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომელიც უკან არ დაბრუნებულა, ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან წლიური საბაზრო პროცენტის (17.99%) მიხედვით დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №16915 ბრძანება და ამავე თარიღის №006-355 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 10, 25, 29 აგვისტოს, 12 და 27 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2023 წლის №25647 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25647 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადაწყვეტილების შესაბამისად და უზრუნველყოს შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 9.10.2024 და 18.12.2024 წელს მომართა საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე.
საბჭოს 19.12.2024 წლის №24090/2/2024 (რეგ. 26.12.2024წ. 03/95057) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულება; დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს 19.12.2024 წლის №24090/2/2024 (რეგ. 26.12.2024წ. 03/95057) გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.12.2024 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად: საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულება.
დღემდე აუდიტის დეპარტამენტს არა აქვს აღსრულებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.12.2024 წლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.
საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადაწყვეტილების შესაბამისად და უზრუნველყოს შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მიმდინარეობს საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილია დასკვნის პროექტი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს 19.12.2024 წლის №24090/2/2024 (რეგ. 26.12.2024წ. 03/95057) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულება.
აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2025 წლის №---------- წერილით წარმოდგენილია ამავე დეპარტამენტის 21.01.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, სადაც მითითებულია შემდეგი:
საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაბეგვრას დაექვემდებარა და საგადასახადო ვალდებულებები, როგორც გაცემულ სესხზე განისაზღვრა მხოლოდ ბოლო გადახდაზე. გადაანგარიშების შედეგად 392 000 აშშ დოლარიდან (1 124 352 ლარი) სესხად განხილვას და მოგების გადასახადის დაბეგვრას დაექვემდებარა მხოლოდ 68 00 აშშ დოლარი (224 312 ლარი), ხოლო დარჩენილ ნაწილში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ შემცირდა 272 292 ლარით, ხოლო გადასახადი 181 526 ლარით, ჯარიმა 90 766 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 21.01.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 12.02.2025 წლის №2389 ბრძანება და ამავე თარიღის №006-7 საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) და 19.12.2024 წლის №24090/2/2024 (რეგ. 26.12.2024წ. 03/95057) გადაწყვეტილებების აღსრულების შეფერხება არ იკვეთება, გამოცემულია შესაბამისი დასკვნა და საგადასახადო მოთხოვნა. ამდენად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.12.2024 წლის №24090/2/2024 (რეგ. 26.12.2024წ. 03/95057) გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2025 წლის წერილით წარმოდგენილია ამავე დეპარტამენტის 21.01.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, სადაც მითითებულია შემდეგი: საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაბეგვრას დაექვემდებარა და საგადასახადო ვალდებულებები, როგორც გაცემულ სესხზე განისაზღვრა მხოლოდ ბოლო გადახდაზე. გადაანგარიშების შედეგად 392 000 აშშ დოლარიდან (1 124 352 ლარი) სესხად განხილვას და მოგების გადასახადის დაბეგვრას დაექვემდებარა მხოლოდ 68 00 აშშ დოლარი (224 312 ლარი), ხოლო დარჩენილ ნაწილში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას. გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ შემცირდა 272 292 ლარით, ხოლო გადასახადი 181 526 ლარით, ჯარიმა 90 766 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის 21.01.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 12.02.2025 წლის №2389 ბრძანება და ამავე თარიღის №006-7 საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) და 19.12.2024 წლის №24090/2/2024 (რეგ. 26.12.2024წ. 03/95057) გადაწყვეტილებების აღსრულების შეფერხება არ იკვეთება, გამოცემულია შესაბამისი დასკვნა და საგადასახადო მოთხოვნა. ამდენად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).