გადაწყვეტილება №21619/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 21619/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21619/2/2023

18 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 17.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21619/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №024-81 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29812 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 557 474.72 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 702 876

მოგების გადასახადი - 2 828 357

საშემოსავლო გადასახადი - 874 519

ჯარიმა - 1 851 538

საურავი - 1 003 060.72

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის შეძენა-რეალიზაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 28.10.2019 წლიდან 1.08.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.08.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

- გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში იჯარით აღებული დაახლოებით 35 ჯართის მიმღები პუნქტიდან, სმფ-ების შეძენა და რეალიზაცია ხდება სრულად ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელის განმარტებით საქონლის შეძენა ხორციელდება ფიზიკური პირებისგან, რაზეც არ იწერება ელექტრონული დოკუმენტი და აღნიშნული შეძენები აღრიცხულია შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალებში. შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გადამხდელს წარდგენილი აქვს ბანკის ამონაწერები და შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულია გადამხდელის საბანკო ამონაწერები და საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული პირველადი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები და შავი და ფერადი ლითონის მიღებაჩაბარების აღრიცხვის ჟურნალები).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს რეალიზებული აქვს 41 646 583 ლარის ღირებულების 37 286 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართი, აღნიშნული საქონლიდან 2 549 531 ლარის 2 676.69 ტონა შავი და ფერადი ლითონის შეძენა ფიზიკური პირებისაგან დაფიქსირებულია „შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალებში“, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილია 1 557 015 ლარის 2 008 ტონა შავი ლითონის ჯართი, ხოლო 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართი რეალიზებულია, რომლის შეძენაც არ არის დაფიქსირებული არც ჟურნალებში და შესყიდვის აქტებში და არც ელექტრონულ დოკუმენტაციაში. აღნიშნულ საქონელზე, რომელიც გადამხდელს რეალიზებული აქვს და შეძენის დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, ხარჯების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა თავად გადამხდელის იგივე პერიოდში ანალოგიური საქონლის შეძენის ფასები. შედეგად, აღნიშნულმა ხარჯმა შეადგინა 29 051 466 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის გათვალისწინებით, მოხდა გადამხდელის მიერ 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხების გაანგარიშება, კერძოდ გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისაგან დაფიქსირებულ ჯართის შესყიდვის თანხას (2 549 531 ლარს) დაემატა შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯი (21 788 600 (29 051 466*75%)), რამაც ჯამში შეადგინა 24 338 131 ლარი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. იმ საქონელზე, რომელიც გადამხდელს რეალიზებული აქვს და შეძენის დოკუმენტი ვერ წარადგინა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №6) მიხედვით, გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ჩაითვალა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით მოხდა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გაანგარიშება, რამაც შეადგინა შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯის 25%, 7 262 867 ლარი (29 051 466*25%).

საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით განხორციელდა კომპანიაში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდებში კომპანიაში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად თვეების მიხედვით გაანგარიშებული აღურიცხველი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ დირექტორზე უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად (უპროცენტო სესხად) და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, დარიცხული პროცენტის თანხა განხილულია დირექტორის მიერ საწარმოსგან მიღებულ სარგებლად (ხელფასის სახით განაცემად) და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №22723 ბრძანება და ამავე თარიღის №024-50 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2022 წლის 24 სექტემბერს, 13 და 28 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.09.2023 წლის №19864/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანება; საჩივარი, მე-2 დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 17.10.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები შემცირდა სულ 11 139 ლარით, მათ შორის, გადასახადი 7 426 ლარით და ჯარიმა 3 713 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 19.10.2023 წლის №25915 ბრძანება და ამავე თარიღის №024-81 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 7.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.11.2023 წლის №29812 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის შეძენა ხორციელდება ფიზიკური პირებისაგან, რაზეც ბუნებრივია არ იწერება ელ. დოკუმენტი და აღნიშნული შეძენები აღრიცხულია შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალებში. შემოწმების პროცესში შემმოწმებლებისთვის წარდგენილია შესყიდვის აქტები, ბანკის ამონაწერები და შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალები.

- უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქონელი ნამდვილად შეძენილია ფიზიკური პირისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თუნდაც საქონელი იყო დოკუმენტალურად დაუდასტურებელი, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივია არა აქვს მისი წყაროსთან დაკავების ვალდებულება. თუ შემმოწმებლის ლოგიკას გავიზიარებთ და ვიტყვით, რომ ხარჯი არსად არარის დაფიქსირებული, მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა, საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ აღურიცხავი ჯართი არის შეძენილი მაინცდამაინც ფიზიკური პირისაგან? ბუნებრივია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება შემმოწმებელს ბუნებაში ვერ ექნება, ხოლო როგორც აღნიშნა აღნიშნულ ნაწილში მტკიცების ტვირთი მთლიანად არის შემმოწმებელზე, ვინაიდან მხოლოდ ფიზიკური პირისაგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით. ასევე მიაჩნია, რომ შესყიდვის აქტების საფუძველზე ფიზიკური პირებისაგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი ასევე არ უნდა ყოფილიყო გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით დაბეგრილი, ვინაიდან თუ სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონელი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, მაშინ გაუგებარია შესყიდვის აქტით შეძენილი, რომელსაც იგივე სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია და იგივენაირად არის ხარჯის დოკუმენტი, ისევე როგორც მაგალითად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რატომ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან? ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილი არ გულისხმობს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით შეძენილ საქონელს დასტურდება ასევე იმით, რომ აღნიშნული მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჯართის შეძენას, ანუ გამოდის, რომ ზედნადებით შეძენილ ჯართზე გადასახადი უნდა დაუკავოს გადამხდელმა, ხოლო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილზე, რომელიც არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გადასახადი უნდა დაუკავოს, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

ასევე, გაუგებარია თუ რა მონაცემის საფუძველზე დაადგინა შემმოწმებელმა (აქტში ამაზე არაფერია ნათქვამი), რომ 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია და ის არის აღურიცხავი. ელემენტარული ლოგიკით, თუ გადასახადის გადამხდელს ჰქონდა აღურიცხავი საქონელი, ის აღნიშნულ საქონელს არც რეალიზაციაში არ აჩვენებდა. შემმოწმებელს არ შეუცვლია საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, ვინაიდან რეალიზაცია იყო დოკუმენტურად დადასტურებული. შესაბამისად, გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული, რომ მეწარმე არ მალავდეს შემოსავალს და პირიქით მალავდეს ხარჯს. ასევე, როგორც ცნობილია შესყიდვის აქტების ნაწილი არის ამოღებული საგამოძიებო ორგანოს მიერ და არ არის გაგზავნილი აუდიტის დეპარატამენტში, შესაბამისად ბუნებრივია აუდიტის დეპარატმენტის გადაანგარიშება არ არის სრულყოფილი და არ ეყრდნობა სრულყოფილ შესყიდვის აქტებს, გარდა ამისა შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის შესყიდვის აქტები, რომლებშიც მეორდება გამყიდველ ფიზიკურ პირთა გვარი, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან ჯერ ერთი შესყიდვის აქტებს აქვს სხვადასხვა თარიღი და მეორე არავის არ აუკრძალია, რომ ერთიდაიგივე პირმა ჯართი რამდენჯერმე ჩააბაროს. შესაბამისად საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას.

- გაუგებარია, თუ რას გულისხმობს შემმოწმებელი ტერმინში აღურიცხველი შემოსავალი. შემმოწმებელს არ შეუცვლია საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, ვინაიდან ყველა რეალიზაცია იყო დოკუმენტალურად დადასტურებული. გარდა ამისა, გაუგებარია, თუ საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია და ის არის აღურიცხავი. შესაბამისად ასევე გაუგებარია, თუ საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ აღურიცხავი საქონლის თვითღირებულება არის 29 051 466 ლარი. ასევე, შემმოწმებელი არაფერს ამბობს დებიტორულ-კრედიტორულ ვალდებულებებზე, რაც ასევე არასწორია და ბოლოს გაუგებარია უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი, ანუ პროცენტი რატომ არის განხილული ხელფასის სახით განაცემად და დაბეგრილი 20%-ით.

ასევე, არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 98(2) მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითქოს დოკუმენტალურად დაუდასტურებელი ხარჯის 25%, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვა. უპირველეს ყოვლისა არ ეთანხმება ზოგადად შემმოწმებლის მიერ დადგენილ ციფრებს. გაუგებარია რა მონაცემზე დაყრდნობით იქნა მიღებული აღნიშნული ციფრი. ითხოვს, რომ შემმოწმებელს უნდა დაევალოს საჩივრის განხილვამდე ყველა ცხრილის გადაგზავნა, ვინაიდან შემმოწმებელმა დაადგინა, რომ 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე არ არსებობს მისი შეძენის არანაირი დოკუმენტი და ის თითქოს არც ჟურნალში არის აღრიცხული, რაც აბსურდია და ამ ნაწილში ითხოვს დაევალოს, თუნდაც შუალედური გადაწყვეტილებით, საჩივრის არსებით განხილვამდე გადასახადის გადამხდელთან ერთად აღურიცხავ საქონლად მიჩნეული ჯართის საკითხის დამატებით შესწავლა და ასევე, სრულად გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურიდან შესყიდვის აქტები, ასევე გაუგებარია, თუ შემოწმებით დადგენილია, რომ სწორედ 32 600.96 ტონა შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე არ არსებობს შეძენის დოკუმენტაცია, რატომ არ არის აღნიშნული ხარჯი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული?

ასევე, შემოწმებით არ არის გათვალისწინებული დეკლარირებული ხარჯი, როგორიცაა მაგალითად იჯარის თანხები, ხელფასი. ასევე, არაპირდაპირ მეთოდს და იმას რომ არ არის აღრიცხული ბუღალტერიაში და არ ფიგურირებს შესყიდვის აქტები, გამორიცხულია რომ ჯართის მიმღებ პუნქტში ერთი დღეც იმუშაოს ობიექტმა ჟურნალის გარეშე სადაც იწერება ყოველი ჩაბარებული ჯართის წონა და ფასი და ყველაზე მთავარი პირადობის მოწმობის საფუძველზე იწერება ჩამბარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ეს ხორციელდება, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნაქურდალი ჯართის ჩაბარების ფაქტები).

აღსანიშნია, რომ ჯართის მიღების მომენტში თუ სრულად არის შეყვანილი სრული მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით და ჩაბარებული ჯართის წონით და თანხით აღნიშნულ ჟურნალში არ შეიძლება აღნიშნული განხილულ იქნას როგორც აღურიცხავი ოპერაცია. რაც შეეხება 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრის შემოღებას ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე მაშინ როცა საგადასახადო კოდექსის თანახმად არსებობს მეწარმე ფიზიკური პირის დაბეგვრა მცირე ბიზნესის გადამხდელად რეგისტრაციისას ბრუნვის 1%-ით, ხოლო ამ შემთხვევაში 3%-ით დაბეგვრა. ორივე შემთხვევაში ფიზიკურ პირს სხვადასხვა დაბეგვრის რეჟიმში აყენებს და 3-ჯერ მეტ გადასახადს ართმევს არა მეწარმეს, უბრალო ფიზიკურ პირს, რომელმაც შეიძლება მხოლოდ ერთხელ გაჭირვების დროს ადგეს და სახლიდან გაიტანოს და ჯართის ფასად ჩააბაროს რამე ნივთი, რომელიც როგორც ნივთი გაცილებით ძვირი ღირს.

რაც შეეხება რეალიზაციის ნაწილს, აქაც არანაირად არ შეიძლება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება რადგან რეალიზებული საქონელის რეალიზაცია მომხდარია მხოლოდ ელექტრონული ზედნადების საფუძველზე და რამ შეიძლება გააჩინოს აზრი რომ რამის დადგენა შეუძლებელია გაუგებარია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანებით:

- პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის დასკვნის მიხედვით:

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა გადამხდელის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა, კერძოდ, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვის ჟურნალები, რომელიც შემოწმების მიმდინარეობის არ იყო წარდგენილი შემოწმებისათვის. შედეგად, წარდგენილი ინფორმაცია, რომელიც შემოწმების დროს ვერ იქნა გათვალისწინებული მოიცავს 274.69 ტონა შავი ლითონის ჯართის შეძენას, რომლის შეძენის ღირებულება ჯამში შეადგენს 199 095 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვებზე გაწეული ხარჯი, რომელზეც არ იყო წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემცირდა 205 436 ლარით. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანებით დამტკიცებული „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ დანართი №6-ის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯის 75% ჩათვლილი იყო დოკუმენტურად დადასტურებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილისა და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გამომდინარე იქიდან, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი შემცირდა 205 436 ლარით, გაიზარდა ფიზიკური პირებისაგან შავი და ფერადი ლითონის შეძენაზე გაწეული ხარჯი. შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხა გაიზრდა ჯამში 45 018 ლარით.

აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა, აღნიშნულმა გამოიწვია შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვებზე გაწეული ხარჯის, რომელზეც არ იყო წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემცირება 205 436 ლარით, რამაც თავის მხრივ შეამცირა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი და შესაბამისად, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირდა 51 359 ლარით.

- ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის გადაანგარიშება, რამაც გამოიწვია არაგონივრული ნაშთის (რომელიც დაკვალიფიცირებული იყო საწარმოს მიერ დირექტორზე უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად (უპროცენტო სესხად)) გაზრდა 1 657 ლარით, რაც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული პროცენტის თანხის შემცირება 29 ლარით, რომელიც განხილულ იყო დირექტორის მიერ საწარმოსგან მიღებულ სარგებლად (ხელფასის სახით განაცემად), რაც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მისი ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11493 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი საქმიანობას (შავი და ფერადი ლითონის შეძენა-რეალიზაცია) ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში იჯარით აღებული დაახლოებით 35 ჯართის მიმღები პუნქტიდან, სმფ-ების შეძენა და რეალიზაცია ხდება სრულად ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელის განმარტებით საქონლის შეძენა ხორციელდება ფიზიკური პირებისგან, რაზეც არ იწერება ელექტრონული დოკუმენტი და აღნიშნული შეძენები აღრიცხულია შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალებში. შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები და შავი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალები. შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მისი ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982(1-ა); 1333(1); 101; 154;