ბრძანება N 15200

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15200
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15200

29.06.2023

შპს „--------“ (ს/ნ ---------)

(მის: ------------)

2023 წლის 6 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №96322/21 საჩივარი, რომელიც ეხება შპს „------თვის“ (ს/ნ ------ (ს/ნ -------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №10097 ბრძანებას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შეიძინა გერმანული კომპანიის ------ს წარმოების კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც გერმანიიდან უნდა გამოგზავნილიყო საქართველოში. -------ს წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამავე პერიოდში კომპიუტერული ტექნიკა შეძენილ იქნა აგრეთვე ყაზახური კომპანიის მიერ. ამდენად 2022 წლის 12 დეკემბერს --------მ ექსპორტზე ქართულ კომპანიასა და ყაზახურ კომპანიას ერთდროულად გაუგზავნა კომპიუტერული ტექნიკა. ამასთან, გადამზიდავი იყო ერთი და იგივე კომპანია --------.

შპს „-------თვის“ უნდა ჩამოსულიყო ჯამურად 200,8 კგ წონის ტვირთი, 2 პალეტი: პირველი პალეტი - 72 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა 129 კგ, მეორე პალეტი - 2 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა - 71 კგ. რაც დასტურდება ------ს მიწოდების ბარათით, გერმანიის ექსპორტის დეკლარაციით და საქართველოს იმპორტის დოკუმენტაციით. ყაზახური კომპანიისთვის გაგზავნილი ტვირთი კი შეადგენდა ჯამურად 5 პალეტს და 722,4 კგ-ს.

გამომგზავნ აეროპორტში ტვირთის გადაადგილების პროცესში შემთხვევით მოხდა კომპანიების პალეტების არევა - ქართული კომპანიისთვის განკუთვნილი ერთი პალეტი აირია ყაზახური კომპანიისთვის განკუთვნილ ერთ პალეტში, რომლის შედეგადაც შპს „-------მ“ შეკვეთილი 2 პალეტიდან 1 მიიღო არასწორი შემადგენლობით. თუმცაღა, ტვირთი იმპორტის რეჟიმში დადეკლარირდა მომწოდებლისგან მიღებული ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით. რადგან პალეტების შეფუთვა არ იყო დარღვეული, ტვირთი არ გადაიწონა, ამიტომ საბაჟოზე შეცდომა არ დაფიქსირდა, ტვირთი მოხვდა „მწვანე დერეფანში“, რაც გულისხმობს საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე. შესაბამისად, საქონელი დადეკლარირდა გამოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე და შპს „--------მ“ დოკუმენტურად მიიღო 200,8 კგ წონის 74 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, თუმცა რეალურად კომპანიამ მიიღო 254 კგ წონის ტვირთი, აქედან პირველი პალეტი - 8 ერთეული 183 კგ წონის კომპიუტერული ტექნიკა (ნაცვლად 72 ერთეული 129 კგ კომპიუტერული ტექნიკისა), მეორე პალეტი 2 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა 71 კგ. შეცდომით ჩამოსული პირველი პალეტის ტვირთი, როგორც აღინიშნა, განკუთვნილი იყო ყაზახური კომპანიისთვის. შესაბამისად, შპს „-------თვის“ განკუთვნილი ერთი პალეტი შეცდომით გაიგზავნა ყაზახეთში.

შპს „-------მ“ გადაწყვიტა, რომ ყაზახური კომპანიისთვის განკუთვნილი ტვირთი დაებრუნებინა -------სთვის. ვინაიდან კომპანიას ეს საქონელი დოკუმენტურად შეძენილი არ ჰქონდა და მის ბალანსზე ეს საქონელი არ ირიცხებოდა, კომპანიამ ექსპორტის რეჟიმში მოაქცია იგივე საქონელი, რაც იმპორტის ოპერაციაში დადეკლარირდა. თუმცა, დოკუმენტების შემოწმებისა და ტვირთის დათვალიერებისას აღმოჩნდა უზუსტობა, დაუდეკლარირებელ საქონელთან მიმართებით ჩაითვალა, რომ კომპანიას ეს საქონელი საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაჰქონდა. კომპანიამ ექსპორტის პროცედურაში დაადეკლარირა იგივე საქონელი, რაც იყო გაიმპორტებული, გამომდინარე იქედან, რომ ეს საქონელი კომპანიის ბალანსზე არ იყო და მისი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნდა. იმ ფაქტს, რომ უკან გაგზავნილი ტვირთი იყო სწორედ ყაზახური კომპანიისთვის განკუთვნილი ტვირთი, ადასტურებს გამომგზავნი კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილი წერილობითი მიმართვა, სადაც იგი აღწერს დაშვებულ შეცდომას და მიმართავს თხოვნით, რომ შემოსავლების სამსახურმა ნება დართოს შპს „--------ს“ მოახდინოს ტვირთის უკან გაგზავნა, რათა დროულად იქნას გამოსწორებული არსებული უზუსტობა. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მომწოდებლის მიერ ყაზახეთში გაგზავნილი ტვირთის ექსპორტის დოკუმენტაცია, რომლის მესამე პალეტიც წონით 183 კგ და შემადგენლობით 8 ერთეული ტექნიკა, ემთხვევა კომპანიის მიერ შეცდომით მიღებული პალეტის წონას და ერთეულების რაოდენობას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ შპს „-------ს“ ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა არასწორად ჩამოსული ტვირთის დაბრუნება. მართალია კომპანიამ ამ უზუსტობის აღმოსაფხვრელად არასწორი გზა აირჩია, თუმცა ეს იყო მხოლოდ გაუაზრებლად დაშვებული შეცდომა და არანაირი ტვირთის მალულად გადატანის მოტივი კომპანიას არ შეიძლებოდა ჰქონოდა. ამასთან მომჩივანი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მიიჩნევა, რომ კომპანიის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევის ფაქტს, კომპანიის მიმართ უნდა გამოყენებულიყო არა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია, არამედ ამავე კოდექსის 173-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია.

მომჩივანი ასევე მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, გამოწვეული იყო გაუაზრებლად დაშვებული შეცდომით და აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს დაკისრებული სანქცია.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „----------ში“ 2023 წლის 1 აპრილს წარდგენილი №----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის პროცედურაში დადეკლარირდა 55985,27 ლარის (21900,90 აშშ დოლარი) საბაჟო ღირებულების საქონელი: ვენტილატორი – 2 ერთეული, დამხსომებელი მოწყობილობა – 6 ერთეული, ოპერატიული მეხსიერება – 52 ერთეული, მონიტორი – 10 ერთეული, პროცესორი – 2 ერთეული.

მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული დეკლარაციისათვის შეირჩა „წითელი დერეფანი“.

დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი: კომპიუტერული მოწყობილობა - სერვერი (რაოდენობა – 4 ერთეული) და კომპიუტერული მოწყობილობა - სვიჩი (რაოდენობა– 4 ერთეული). ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აპრილის №003033/2023 დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 106844,28 ლარი (კომპიუტერული მოწყობილობა - სერვერის საბაჟო ღირებულება – 58759,50 ლარი და კომპიუტერული მოწყობილობა - სვიჩის საბაჟო ღირებულება – 48084,78 ლარი).

ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №21-10/31493 წერილით საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 5 მაისის №8001/15-04-02 წერილით, პროკურორის 2023 წლის 4 მაისის დადგენილება „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ“ (დოკუმენტის №WW0004194588ZZ) სათანადო რეაგირებისათვის გადმოეცა საბაჟო დეპარტამენტს.

საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ შპს „--------“ (ს/ნ ---------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის (კომპიუტერული მოწყობილობა - სერვერი (რაოდენობა – 4 ერთეული, საბაჟო ღირებულება – 58759,50 ლარი), კომპიუტერული მოწყობილობა - სვიჩი (რაოდენობა – 4 ერთეული, საბაჟო ღირებულება – 48084,78 ლარი)) საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანას. რადგანაც პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №10097 ბრძანებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის, შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 106844,28 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილია:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მიერ ექსპორტის პროცედურაში დადეკლარირდა 55985,27 ლარის (21900,90 აშშ დოლარი) საბაჟო ღირებულების საქონელი: ვენტილატორი – 2 ერთეული, დამხსომებელი მოწყობილობა – 6 ერთეული, ოპერატიული მეხსიერება – 52 ერთეული, მონიტორი – 10 ერთეული, პროცესორი – 2 ერთეული. დეკლარაციისთვის შეირჩა „წითელი დერეფანი“.

დადგენილია, ასევე, რომ დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, აღმოჩნდა არადეკლარირებული 106844,28 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი: კომპიუტერული მოწყობილობა - სერვერი (რაოდენობა – 4 ერთეული) და კომპიუტერული მოწყობილობა - სვიჩი (რაოდენობა– 4 ერთეული).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შედეგად ნათელია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით გატანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 173-ე მუხლით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში/რეექსპორტის დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში სავალდებულოდ შესატანი საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირებას.

მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არა საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობას, არამედ დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, არადეკლარირებული საქონლის არსებობას.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით არ დასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №10097 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივნის მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 2023 წლის 1 აპრილს წარდგენილი №C5482/11114 საქონლის საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის პროცედურაში დადეკლარირდა 55985,27 ლარის (21900,90 აშშ დოლარი) საბაჟო ღირებულების საქონელი. დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი.

საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანას. რადგანაც პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №10097 ბრძანებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის, შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 106844,28 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით არ დასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5(2), 6, 13, 70(1), 163(1)(11), 168(1), 173.